როგორ იქცა ტიხრული მინანქარი სამი შვილის დედის წარმატებულ ბიზნესად
გურანდა გრიგოლია თვითნასწავლი მხატვარი, ხატმწერი და ტიხრული მინანქრის სერტიფიცირებული სპეციალისტია. მისი საქმიანობა 2019 წელს დაიწყო და დღეს მისი ბრენდი „Gukart“ მინიატურული ხელოვნების მოყვარულებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული სახელია. გურანდას ისტორია არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სამ შვილთან ერთად სახლიდან მუშაობა და საყვარელი ჰობის წარმატებულ მცირე ბიზნესად ქცევა, სადაც თითოეული დეტალი 750 გრადუსზე, ცეცხლსა და მინაში იწრთობა.
🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪
გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ
➕ წარმოებულია საქართველოში– გურანდა, როგორ დაიწყო თქვენი გზა ტიხრულ მინანქარში და როდის მიხვდით, რომ ეს საქმიანობა თქვენს ბიზნესად უნდა ექციათ? – ხატვის მიმართ ინტერესი ყოველთვის მქონდა, ამიტომ იდეა მარტივად მოვიდა – მინდოდა მეხატა და ისე გამოვიდა, რომ პირდაპირ მინანქარში დავიწყე ხატვა. პირველი ნაბიჯები 2019 წელს გადავდგი. მახსოვს, რამდენიმე ნამუშევარი გალერეაში მივიტანე და ჩაბარებამდე, იქვე, ადგილზე შეიძინა მომხმარებელმა. ეს ჩემთვის ნიშანი იყო, რომ უნდა გამეგრძელებინა. ხელოვნება ყოველთვის მაინტერესებდა და მინდოდა მცოდნოდა ისეთი რამ, რაც სამ შვილთან ერთად სახლში მუშაობის საშუალებას მომცემდა. უკვე წლებია, ასე ვართმევ თავს – თან ოჯახი და თან საყვარელი საქმე.

– მინანქარი საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. მოგვიყევით, როგორ იქმნება თქვენი მინიატურული პანოები? – ტიხრული მინანქარი იქმნება „ცხელი“ წესით – ის იწვება სპეციალურ ელექტრო ღუმელში 700-750°C ტემპერატურაზე. მასალად ვიყენებ სპილენძს, ვერცხლს და სპეციალურ მინანქრის ფერებს. ეს ძალიან შრომატევადი საქმიანობაა და მოითხოვს მხედველობის დიდ დაძაბვას, რადგან ვმუშაობ მინიატურულ პანოებზე, სადაც უამრავი წვრილი დეტალია. რაც უფრო მცირეა ნამუშევარი, მით მეტი დრო სჭირდება მის დამზადებას. ტექნოლოგიამ პროცესი გაგვიმარტივა – ადრე მასალებს თავად მოიპოვებდნენ და ნახშირის ღუმელში წვავდნენ, ახლა კი ელექტრო ღუმელებსა და მზა ფერებს ვიყენებთ.
– თქვენ ხშირად მონაწილეობთ გამოფენებში. რატომ არის ეს ფორმატი თქვენი პროდუქტისთვის განსაკუთრებული? – ჩემს შემთხვევაში გამოფენები საუკეთესო საშუალებაა მომხმარებლის შესაძენად. ონლაინ დადებული სურათი ვერ გადმოსცემს სრულ სიცხადეს, თუ რამდენად კარგია მინანქარი რეალურად. გამოფენაზე ადამიანებს აქვთ საშუალება დაათვალიერონ, შეეხონ ნამუშევარს და უშუალო კომუნიკაციაში იყვნენ ავტორთან. ეს სანდოობასა და კავშირის გამყარებას უწყობს ხელს. თუმცა, გამოწვევებიც ბევრია – არაორგანიზებული გამოფენები და ტურისტულ ზონებში ხელმისაწვდომი საგამოფენო სივრცეების ნაკლებობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

– რა როლს თამაშობს ოჯახი თქვენს საქმიანობაში და რა გაძლევთ მოტივაციას? – პირველი მხარდამჭერი ჩემი ოჯახია, დღემდე მეხმარებიან და მგულშემატკივრობენ, თუმცა ჩემი ნამუშევრების პირველი კრიტიკოსებიც ისინი არიან (იღიმის). მოტივაციას კი კმაყოფილი მომხმარებელი მაძლევს. ყოფილა შემთხვევა, როცა გამოფენაზე მოსულან სპეციალურად მადლობის სათქმელად. ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს, რომ უფრო მეტი ადამიანი გავახარო.

– რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა იწყებს საკუთარი საქმის კეთებას? – ჩემი რჩევა იქნება: არ უსმინოთ ადამიანებს, რომლებიც გეტყვიან – „ეს არ გამოგივა“, „არ გაამართლებს“. მონდომება და მცდელობა არ დააკლოთ იმ საქმეს, რასაც აკეთებთ. აუცილებელია მუდმივი ზრდა და განვითარება. სხვისი წარუმატებელი გამოცდილება თავს არ მოიხვიოთ – მონდომების, შრომისა და ძალისხმევის შედეგად წარმატება არ აყოვნებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით


