მირანდა არწივიძე ორი შვილის დედა და დიასახლისია, რომელმაც ბავშვობის ჰობი — ხატვა და კერვა — საყვარელ საქმიანობად აქცია. მისი ბრენდი, სახელად „ლუნა“ (Luna), მირანდასთვის „მესამე შვილივითაა“. აქ იქმნება ექსკლუზიური ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც კი მოგზაურობენ. ეს არის ისტორია შრომისმოყვარეობაზე, თვითგანვითარებასა და შემოქმედებაზე, რომელიც სახლის პირობებში, დიდი სიყვარულით დაიბადა.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

– მირანდა, თქვენი ბრენდის სახელი „ლუნა“ ძალიან მელოდიურია. როგორ გაჩნდა ეს იდეა და რას ნიშნავს ის თქვენთვის? – მყავს ორი შვილი — ლუკა და ნანუკა. ბრენდის სახელიც სწორედ მათი სახელების პირველი ასოებისგან შევადგინე: „ლუ“ და „ნა“. ეს გვერდი ჩემი მესამე შვილივითაა, სადაც მთელ ჩემს ენერგიასა და სიყვარულს ვდებ. იდეა თავისთავად გაჩნდა — ჩემი ჰობი გახდა ჩემი ყოველდღიური საქმიანობა. თავიდან ბიზნესზე არც კი მიფიქრია, უბრალოდ თავისუფალ დროს ტყუილად არ ვკარგავდი და ჩემთვის სხვადასხვა ნივთებს ვქმნიდი.

– ბავშვობიდანვე გქონდათ გატაცება ხელსაქმით. როგორ დაგეხმარათ ეს გამოცდილება პირველი ნაბიჯების გადადგმაში? – დიახ, ბავშვობიდან სულ ვქმნიდი რაღაცას — ჯერ დავხატავდი და შემდეგ ვცდილობდი, ეს ნახატი რეალობად მექცია. ვკერავდი, ვხატავდი, ვამზადებდი სათამაშოებსა და სამკაულებს. მოგვიანებით, როცა ჩემი გვერდი გავაკეთე და ნამუშევრების ფოტოები ავტვირთე, ძალიან ბევრს მოეწონა. პირველი ნაბიჯები სწორედ იმით დაიწყო, რომ ჩემი ჰობი რეალურ საქმიანობად ვაქციე.

– სად შეისწავლეთ ეს საქმიანობა და რა განასხვავებს თქვენს პროდუქციას სხვებისგან? – ყველაფერი სახლში, დამოუკიდებლად ვისწავლე. თავისუფალ დროს ინტერნეტში ვეძებდი ინფორმაციას, რომ რაღაც ახალი შემექმნა. ჩემი მთავარი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზო ხარისხიანი, დახვეწილი და ორიგინალური პროდუქცია. ვცდილობ, შევქმნა ისეთი სამკაული, რომელსაც მხოლოდ ერთი ადამიანი ატარებს — მსგავსი მეორე არავის ექნება. ექსკლუზიურობა ჩემი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და რა არის თქვენი ყველაზე დიდი სურვილი? – ჩემი მთავარი გამოწვევა და სურვილია, მქონდეს საკუთარი მაღაზია და სახელოსნო. მინდა შევქმნა გარემო, სადაც ბევრი საინტერესო სამკაულით არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც გავახარებ. მსურს, ჩემი ხელნაკეთი ნივთები კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს და ჩემი შემოქმედება ყველას გავუზიარო.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით