ქართული ბრენდი აივი დიზაინი – ხელნაკეთი კიმონოები, ჩანთები და სამოსი. უნიკალური აპლიკაციები და ექსკლუზიური დიზაინი. შეიძინეთ ონლაინ. დამატებითი ინფორმაცია ბმულზე 

– როგორ გაჩნდა იდეა?

აივი დიზაინის იდეა გაჩნდა 2016 წელს, როგორც ჩვეულებრივი ჰობი. მე და ჩემმა მეგობარმა, ნინო ქართველიშვილმა, დავიწყეთ ხეზე მუშაობა როგორც გართობა, მაგრამ უკვე ერთ წელიწადში მივიღეთ პირველი ადგილი კონკურსში, ეთნოფესტზე, რომელიც იმართება ყოველ მეორე წელს ექსპო ჯორჯიაში. თავიდან დავიწყეთ მარტივით, ბევრ ტუტორიალს ვუყურეთ, მაგრამ მივხვდით, რომ მხოლოდ საკუთარი გამოცდილება და ცდები მიგვიყვანდა წარმატებამდე. მე მთელი ცხოვრება ვხატავდი, ვქსოვდი, ვკერავდი, სამკაულებს ვაკეთებდი, მაგრამ ხესთან შეხება არ მქონია.

– როგორ გაჩნდა იდეა (კატანაკატა)?

იდეა გაჩნდა უცებ, უბრალოდ ჩემთვის შევიკერე კიმონო და უცებ აღმოჩნდა, რომ ყველას მოუნდა. ძალიან დამეხმარა თავიდან თბილისური მარკეტი Stall-ი ბაზრის შესწავლაში და რეალიზაციაში. დავიწყე მხოლოდ ერთი მოდელით და ძალიან მალე დავამატე ჩანთებიც, შარვლები, მოკლე მოსაცმელები და კაბები. ყველა მოდელს აქვს განსაკუთრებული აპლიკაცია, რომელიც მეორდება მაქსიმუმ სამჯერ, ასე რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ექსკლუზიურია.

– როგორ მზადდება პროდუქცია?

ჩვენი პროდუქცია მზადდება ხელით, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, იმიტომ რომ რესტავრაციას სიჩქარე არ უყვარს. ყველა ეტაპს ჭირდება დრო და ძალიან ბევრი ძალისხმევა. კატანაკატა კი იკერება პატარა სახელოსნოში, სადაც მუშაობს უმაღლესი პროფესიონალი მკერავი, რომელიც ახორციელებს ჩემს იდეებს. მე უკვე დიდი ხანია არ ვკერავ დროის უკმარისობის გამო.

– განვლილი ეტაპები და სამომავლო გეგმები?

განვლილ ეტაპში ვერაფერს შევცვლიდი. ცოტა ნელა მიდიოდა, მაგრამ ეს აუცილებელია საკითხი ბოლომდე რომ შეისწავლო. ამ სფეროში განათლება არ მქონია, თუმცა ხელოვნებათმცოდნე ვარ და აქედან გამომდინარე, ხელოვნება ჩემთვის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს. სამომავლო გეგმები მაქვს (მქონდა) უამრავი. მთავარია, რომ საქართველო სწორ გზაზე დადგეს და ევროკავშირში ინტეგრაცია მოხდეს. მე ყოველთვის მინდოდა ევროპულ ბაზარზე გასვლა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ დამიფასდება ეს შრომა. მე ვერ ვიტყვი, რომ ვიცი ბიზნესის მართვა, არ მისწავლია, მაგრამ ვგრძნობ კარგად, რა გაიყიდება, როგორი უნდა იყოს ნივთი, როგორი ისტორია უნდა მოუყვე მომხმარებელს, რომ შეაყვარო ჩემს მიერ შექმნილი ნივთები. სამწუხაროდ, კარგად ვერ ვმართავ სოც. ქსელებს, ამის დრო არ მრჩება, ამას ცალკე ადამიანი ჭირდება, კარგი სპეციალისტი. რა ელის ჩემს ბიზნესს მომავალში არ ვიცი. ყველაფერი არის დამოკიდებული საერთო სიტუაციაზე ქვეყანაში. ძალიან დიდი წინსვლა გვქონდა ეს რამდენიმე წელიწადი, და ახლა კიდევ უცებ უკან გადაგვასროლეს, მომხმარებლებიც შემცირდა ძალიან. ჩვენი მომავალი არის ევროპაში, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.