გაეცანით ელასტიას ისტორიას – ქართული ნატურალური კოსმეტიკის წარმატებულ ბრენდს. ხელნაკეთი საცხები, ნატურალური ინგრედიენტები და 50-ზე მეტი პროდუქტი კანის მოვლისთვის

– როგორ გაჩნდა იდეა?

„ელასტიას” შექმნის იდეა გაჩნდა 2019 წლის დეკემბერში, როდესაც პირადი საჭიროებისათვის დამზადებული საცხის შეძენის სურვილი გამოთქვეს მომხმარებლებმა.

 

– მოგვიყევით პირველ ნაბიჯებზე

როდესაც პირველი საცხის რეალიზაციის სურვილი გამოთქვეს (სპერმაცეტის საცხი), თავდაპირველად იყო დაკვირვების ეტაპი, თუ როგორ მიიღებდა მას მომხმარებელი. ერთი საცხის რეალიზაციას დაემატა მეორე საცხის რეცეპტის შექმნა და მისი რეალიზაცია (ანტიასაკობრივი საცხი ჰიალურონით და კოლაგენით). შემოსული თანხით კვლავ შევიძინე საჭირო ინგრედიენტები, ქილები და შემდეგ მესამე საცხის რეცეპტიც შევიმუშავე, რომელიც კვლავ წარმატებით დაიტესტა და ჩაეშვა გაყიდვაში, რომელმაც კვლავ მოწონება დაიმსახურა (მარგალიტის საცხი). ასე თანდათანობით გაჩნდა „ელასტიას” ასორტიმენტში „მწვანე ჩაის და ალოეს საცხი”, „საცხი ოქროს კოლაგენით”, „ალოეს შრატი” და სულ მალე ასორტიმენტი 15 სახეობამდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კი უკვე 50 სახეობა გვაქვს გაყიდვაში.

– წარსულში თუ გქონდათ გამოცდილება, რაც დაგეხმარათ ამ საქმეში?

ეს საქმიანობა ჰობის სახით 20 წელი მქონდა. ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება და არც თუ მცირე ცოდნა დამიგროვდა, რადგან მუდმივად ვეცნობოდი ჩემს ხელთ არსებულ ლიტერატურას აღნიშნულ თემაზე. სწორედ ამიტომ გავბედე და შევეჭიდე ასეთ საპასუხისმგებლო საქმეს.

– რა გამოწვევების წინაშე დგახართ?

პირველი გამოწვევა, რის წინაშეც ელასტიას დაარსების მეორე თვესავე დავდექით, იყო კოვიდ პანდემია. რომელმაც, როგორც ყველა სხვა ბიზნესზე, ჩვენზეც უარყოფითად იმოქმედა. საბედნიეროდ, ერთგული და მადლიერი მომხმარებლების წყალობით დავძლიეთ ეს რთული პერიოდი და მოვახერხეთ არა მარტო ფეხზე მყარად დგომა, არამედ განვითარებაც.

– სად შეისწავლეთ საქმიანობა?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მქონდა 20-წლიანი გამოცდილება ამ სფეროში ჰობის სახით. როდესაც მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის კი არა, უკვე მომხმარებლის საჭიროებისთვისაც მომიწია პროდუქციის დამზადება, უკვე მაშინ გახდა აუცილებელი პროფესიული ცოდნის მიღება აღნიშნულ სფეროში და გავხდი სერთიფიცირებული კოსმეტოლოგი.

– როგორ მზადდება თქვენი პროდუქტი?

პროდუქტი ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით მზადდება, პირველი და უმთავრესი: დამზადების სტანდარტების დაცვა, რაც გულისხმობს საწარმოო სივრცის სტერილურობას და დეზინფექციას. შემდეგი ეტაპი არის იმ საცხის რეცეპტის შექმნა, რომლის დამზადებაც გვსურს. ამ დროს ვითვალისწინებთ იმ პრობლემას, რაც ამ საცხის დამზადებით უნდა გადავჭრათ, ანუ რას უნდა ემსახურებოდეს ჩვენი დამზადებული პროდუქტი, რა დანიშნულება უნდა ჰქონდეს: კანის დაცვა, დატენიანება, გაწმენდა და ა.შ., აგრეთვე, როგორი კანის ტიპისთვის გვჭირდება მისი გამოყენება. ამ ფაქტორების განსაზღვრის შემდეგ იქმნება რეცეპტი, რომლის მიხედვითაც „ელასტიას” ლაბორატორიაში მზადდება აღნიშნული პროდუქტი. იტესტება მოხალისეების მიერ და ბოლოს ჩაეშვება რეალიზაციაში.

 

– გქონდათ ბიზნეს-გეგმა, როდესაც იწყებდით?

სიმართლე რომ ვთქვა, ისე მოულოდნელად და სპონტანურად დავიწყეთ საქმიანობა, არანაირი ბიზნეს-გეგმა არ მქონია. თავდაპირველად მხოლოდ მომხმარებელზე დაკვირვების ეტაპი იყო 3-4 თვე, თუ როგორ მიიღებდა პროდუქციას. მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი, რომ მომხმარებელი მადლიერი იყო და ისევ და ისევ გვიბრუნდებოდა, იძენდა და რეკომენდაციასაც გვიწევდა. აქედან იწყება ბრენდის შექმნის იდეა და შესაბამისად, სამომავლო გეგმების დასახვაც, მათ შორის ბიზნეს-გეგმისაც.

– სად ან როგორ გიკავშირდებათ მომხმარებელი?

„ელასტია” წარმოდგენილია სოციალურ სივრცეში: ფეისბუქ გვერდი, ინსტაგრამ გვერდი, ტიკტოკი. ასევე შესაძლებელია საკონტაქტო ნომერზე დარეკვაც: 574101204.

– ყველაზე დიდი იმედგაცრუება

სიმართლე რომ ვთქვა, საბედნიეროდ იმედგაცრუება არ ყოფილა. თუმცა იყო წვრილ-წვრილი მარცხი, რომელიც გაკვეთილად გამომადგა და ბრენდის ზრდას უფრო შეუწყო ხელი, ვიდრე შეუშალა. თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო ის უმართებულო დამოკიდებულება ნატურალური ხელნაკეთი კოსმეტიკის მიმართ, რასაც არც თუ ისე იშვიათად ვაწყდებით. ეს განპირობებულია აღნიშნული კოსმეტიკის სარგებლიანობის მიმართ ინფორმაციის ნაკლებობით მოსახლეობაში. მის შესახებ ბევრს მხოლოდ ყურმოკვრით აქვს გაგონილი და არ იცნობს ამ საოცარი საცხების ეფექტურობას. ვისურვებდი, რომ ყველამ მოსინჯოს კვალიფიციური სპეციალისტის მიერ დამზადებული ნატურალური კოსმეტიკა, რომელიც არ შეიცავს ქიმიურ მინარევებს და არის გაცილებით უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო, ვიდრე ქარხნული წარმოების კოსმეტიკა.

– როგორ რჩებით მოტივირებული და შთაგონებული თქვენი ბიზნესის განვითარების გასაგრძელებლად?

მოტივაცია და შთაგონება საქმის სიყვარულიდან მომდინარეობს. როდესაც ბევრი იდეა ჩნდება, ერთი იდეის ხორცშესხმა შემდეგი ახალი იდეის დაბადებას უწყობს ხელს, რაზეც შემდეგ ვმუშაობ. მისი განხორციელების შემდეგ კიდევ ახალი იდეა იბადება და ასე შემდეგ. ეს მუდმივი შემოქმედებითი პროცესია, რომელიც საოცრად საინტერესო და ნაყოფიერია.

– და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, რა განასხვავებს თქვენს ბიზნესს და ხელს უწყობს მის წარმატებას?

ჩვენი სფერო, როგორიცაა ხელნაკეთი ნატურალური საცხების წარმოება, თავისი არსით უკვე განსხვავებული და საპასუხისმგებლოა. წარმატებაში ხელს გვიწყობს ის გარემოება, რომ მომხმარებელმა დაინახა და აღიარა ის გულწრფელი დამოკიდებულება, საქმისადმი სიყვარული და გამორჩეული მიდგომა, რაც „ელასტიას” დაარსების დღიდან აქვს თავისი არსებობის მანძილზე. სწორედ ეს არის ჩვენი წარმატების საიდუმლო.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე