– რა არის იგრიკა?

ხელნაკეთი საჩუქრების სახელოსნო, სადაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვუდგებით საქმეს, რადგან ჩვენი უმთავრესი მისიაა ვეძებოთ, აღმოვაჩინოთ და მოვყვეთ მივიწყებულ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაზე.
ჩვენთვის ქართული კულტურა შთაგონების წყაროა. ვცდილობთ თანამედროვე ენით გავაგრძელოთ გაწყვეტილი ამბები, შეგაყვაროთ, ვისაუბროთ და ერთად ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნით. ჩვენი მისიაა შენც ამ საამაყო საგანძურის მცველი გახდე, გახსოვდეს, ამბავი შენით განაგრძობს თხრობას…

– როგორ გაჩნდა იდეა?

პანდემიის პერიოდში, როცა სახლები ოფისებად, კინოთეატრებად და კაფეებად იქცა, ჩვენ უფრო მეტად დავაფასეთ გარემო, სადაც ვცხოვრობთ. იგრიკას მიზანი ამ დროისთვის თბილი და მყუდრო სივრცის შექმნა იყო, რაც აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენს სტარტაპს არამხოლოდ ფინანსური და კომერციული მიზნები ჰქონდა, არამედ თავდაპირველად ემოციური მოლოდინები გაამართლა, რაც ჩვენი საქმიანობისთვის განსაკუთრებულად ღირებული აღმოჩნდა.

 

– როგორ მზადდება თქვენი პროდუქტი?

ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპია ორნამენტების თუ სიმბოლოების მოძიება, მათი შინაარსების ისტორიების შეგროვება და საზოგადოებისთვის გაცნობა რათა არ დაიკარგოს ეს საინტერესო კულტურა.
იგრიკას ნამუშევრების შესაქმნელად სახელოსნოში სხვადასხვა ტექნიკას ვიყენებთ:
ვქმნით ხელნაკეთ საბეჭდავებს სხვადასხვა მასალისგან და ქართული ორნამენტებს ტილოზე ვბეჭდავთ ტექსტილის საღებავებით, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით. ბეჭდვა შეიძლება სრულ ფერში შესრულდეს ან ფერების განსაკუთრებული შერევით, რაც ხავსის ეფექტს ქმნის. ჩვენთან თითოეული ნამუშევარი თავისი უნიკალურობითა და ინდივიდუალიზმით გამოირჩევა.
ვიყენებთ კაკლის საუკეთესო მასალებს, რომლებსაც მხატვრულად ვამუშავებთ, ვაჩუქურთმებთ ხელით, რის შედეგადაც ვიღებთ ხის დაფებს ან კედლის დეკორებს.
ჩვენ ასევე აღვადგინეთ ექსლიბრისის ძველი ტრადიცია. ექსლიბრისი ლათინური სიტყვაა და ითარგმნება როგორც ‘’წიგნებიდან’’. ეს არის წიგნის ნიშანი, გრაფიკული სიმბოლო, რომელიც სხვადასხვა დიზაინით, ინიციალებით თუ სახელით გამოსახავს მფლობელის ვინაობას. ჩვენ მას პერსონალურად ვამზადებთ ადამიანის ხასიათისა და მისი სურვილის მიხედვით.

– რა საშუალებებს იყენებთ ახალი მომხმარებლებამდე მისასვლელად?

ჩვენი მომხმარებლები არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენნაირად უყვართ მოგზაურობა და აღმოჩენები. მათთვის მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა მეტი ცოდნა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ისინი აფასებენ ქართულ ტრადიციებს და ხშირად ჩვენს ნამუშევრებს ჩუქნიან როგორც უცხოელ, ისე ქართველ მეგობრებს. ისინი ჩვენი ლეგენდების მთხრობელები ხდებიან და სწორედ ამიტომაც ჩვენი სლოგანია „ამბავი შენით განაგრძობს თხრობას“
კორპორაციული გაყიდვების კუთხით, ჩვენი სეგმენტი მოიცავს კაფეებს, ბარებს, სასტუმროებს, სხვადასხვა ტიპის სივრცეებს და კორპორაციულ საჩუქრებს. მათ შეუძლიათ შეუკვეთონ სპეციალური დიზაინი ან შეიძინონ მზა პროდუქცია ონლაინ. ასევე „იგრიკა“ ხელმისაწვდომია მაღაზიებში „ბამბამამბა“ „ესკი“ „ეთნოდიზაინი“ და სხვა.

– რა არის თქვენი სამომავლო მიზნები და მისწრაფებები?

ჩვენ სულ ახლახანს შევქმენით საბავშვო ხაზი რომელსაც ‘’რტო’’ დავარქვით, იგრიკას რტო, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებს პატარა ასაკიდანვე შეაყვაროს ქართული კულტურა.
‘’რტოს’’ პირველი თამაშია მივიწყებული ქართული ზღაპრების მიხედვით შექმნილი საბავშვო ლოტო, რომელიც დეკემბერში გავაცანით მომხმარებლებს და დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. თამაში ევროპული სტანდარტებითაა დამზადებული, ფლობს სერტიფიკატებს (EN-71, FSC) და ნათარგმნია 8 სხვადასხვა ენაზე, ასე რომ ბავშვებს 48 პერსონაჟისა თუ სიმბოლოს გაცნობა სხვადასხვა ენებზე შეუძლიათ.
ჩვენი მიზანია ეს ხაზი განვითარდეს და დავამატოთ სხვა მსგავსი ტიპის სამაგიდო თამაშები ბავშვებისთვის, ამასთანავე შევინარჩუნოთ ჩვენი ძირითადი ღირებულება – ეხმიანებოდეს თითოეული პროექტი ქართული კულტურის დაცვასა და პოპულარიზაციას.
რაც შეეხება ‘’იგრიკას’’ სამომავლო გეგმებს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მისი განვითარება და გაფართოება, როგორც შიდა ბაზარზე, ასევე ორიენტირებულები ვართ ექსპორტზე. ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი, რომელსაც შემდეგი წლისთვის გაცილებით მეტი აქსესუარი შეემატება.

მეტი ინფორმაცია ბმულზე