თუ ერთხელ მაინც გიოცნებია ყოფილიყავი გამომძიებელი და ყველაზე იდუმალი საქმეები შენით ამოგეხსნა… “დამნაშავის ლოგიკა” ოცნებას აგისრულებთ.  ამ საინტერესო სამაგიდო თამაშის ავტორები გამოვკითხეთ და გთავაზობთ ინტერვიუს

როგორ გაჩნდა სამაგიდო თამაშის იდეა?
“დამნაშავის ლოგიკის” შემქმნელები ვართ ჯიპას სტუდენტები და შესაბამისად, თამაშის იდეა საუნივერსიტეტო პროექტის ფარგლებში გაჩნდა. ჩვენი დავალება იყო ჩაგვეტარებინა რაიმე ღონისძიება, ან გვეწარმოებინა რაიმე სახის პროდუქტი, რომლითაც გამოვიმუშავებდით კონკრეტულ თანხას. ჩვენც მეორე ხერხი ვარჩიეთ და მივედით დეტექტიური სამაგიდო თამაშის შექმნის იდეამდე.

ინსპირაცია გახდა მსგავსი ტიპის, საგამოძიებო ამერიკული თამაში. თუმცა, რა თქმა უნდა “დამნაშავის ლოგიკა” არ არის მისი იდენტური, მას დამატებული აქვს არაერთი დეტალი, დოკუმენტი, რომელიც თამაშს უნიკალურს ხდის. რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ქართულენოვანი პროდუქტი. ჩვენ გვსურდა, რომ შეგვექმნა დეტექტიური თამაში, რომელიც ქართულ ბაზარზე იქნებოდა პირველი, ინოვაციური და ადამიანებს მისცემდა შესაძლებლობას, ამოეხსნათ ქართულ თემატიკას მორგებული საინტერესო და იდუმალი საქმეები.

– რისგან და როგორ მზადდება სამაგიდო თამაში?
“დამნაშავის ლოგიკა” წარმოდგენილია ნამდვილი დეტექტიური საქაღალდის ფორმატით, რომელშიც მოცემულია ყველა ის მასალა, რაც გამოძიებაში დაგეხმარებათ. ესენია: ეჭვმიტანილების ფოტოსურათები, დაკითხვის ოქმები, ჩვენებები, დანაშაულის ადგილის რუკა, პოლიციის რეპორტი, ექსპერტიზის დასკვნა და ა.შ. შესაბამისად, ძირითადად ვმუშაობთ მაღალი ხარისხის ბეჭვდაზე, ვიძიებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს, რაც თამაშში არის მოცემული. იქნება ეს კონვერტები, ბლოკნოტები თუ სხვა სამუშაო მასალა.

რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, დიზაინი ლოგოთი დაწყებული, დოკუმენტების ვიზუალით დამთავრებული, მთლიანად ჩვენი შრომითა და კრეატივით არის შექმნილი. თამაშისთვის ასევე საჭირო გახდა შეგვექმნა საიტი, რომელზეც მოთამაშე ყოველი დავალების შესრულების შემდეგ გადავა და საკუთარი პასუხების სისწორეს QR კოდის საშუალებით შეამოწმებს. ჩვენი გუნდი ეცადა, რომ მაქსიმალურად თანამედროვე და კომფორტული მეთოდით შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის ჩვენი პროდუქტი და გამოგვივიდა კიდეც.

– როგორია მომხამრებლის შეფასება და გამოხმაურება?
ყოველდღიურად ვიღებთ უამრავ შეტყობინებას. მომხმარებლები გვწერენ, რომ ძალიან საინტერესო და კარგ საქმეს ვაკეთებთ. ამბობენ, რომ ჩვენი პროდუქტით ოცნებებს ვუსრულებთ და საშუალებას ვაძლევთ ის როლი მოირგონ, რომელიც ყოველთვის სურდათ რომ მოერგოთ. განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება მაშინ, როდესაც “დამნაშავის ლოგიკის” თამაშის შემდეგ ადამიანებს უჩნდებათ სურვილი ამ პროფესიას მიყვნენ და რეალურ ცხოვრებაშიც გამოიძიონ საქმეები.
აღსანიშნავია და ძალიან ამაღელვებელია ჩვენთვის ის ფაქტი, რომ ჯერ-ჯერობით უარყოფითი კომენტარი და გამოხმაურება არ მიგვიღია. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში და გვიმყარებს იმ აზრს, რომ ძალიან კარგ, საჭირო და ხალხისთვის საინტერესო საქმეს ვაკეთებთ.

– წარსულში თუ გქონდათ გამოცდილება, რაც გეხმარებათ საქმიანობაში?
ჩვენთვის, ყველასთვის, “დამნაშავის ლოგიკა” პირველი სტარტაპია და პირველად ვქმნით ისეთ პროდუქტს, რომელიც შემდეგ მომხმარებელს უნდა შევთავაზოთ. ეს ჩვენთვის საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა, ვინაიდან საქართველოში მსგავსი თემატიკის თამაშით პირველი ვართ.
თუმცა, სიუჟეტის დაწერას, დიზაინს, საიტს ან მომხმარებელთან კომუნიკაციას რაც შეეხება, ჩვენთვის ახალი არ არის, რადგან ამ განხრით ვსწავლობთ და სწორედ ეს დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება გვეხმარება პროდუქტის შექმნაში.
ამასთან ერთად, შემქმნელებს აქამდეც მოგვეცა ერთად გუნდურად მუშაობის შესაძლებლობა. სწორედ გუნდის წევრთა შეთანხმებულად და მოწესრიგებულად მუშაობამ განაპირობა ის, რომ ჩვენი პროდუქტი და მომსახურების ხარისხი მაღალ ნიშნულს აღწევს.

– რამდენ დროს უთმობთ თქვენს სტარტაპს?
სტარტაპზე მუშაობის დაწყებიდან დღემდე, არ ყოფილა ისეთი დღე, რომელიც ჩაგვიგდია, ან უბრალოდ ნაკლები ყურადღება დაგვითმია. გუნდის თითოეული წევრი, ყოველდღიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტი და რაც მთავარია, ადამიანებს შევთავაზოთ კიდევ უფრო ბევრი, ახალი, საინტერესო და იდუმალი საქმეები.
ამ ეტაპზე ჩვენი დღის განრიგი ძირითადად შეკვეთებზე მუშაობაა. მოთხოვნა ძალიან დიდია, შესაბამისად დიდი დრო და ყურადღება ეთმობა იმას, რამდენად კმაყოფილი დარჩება ჩვენი მომხმარებელი როგორც ჩვენი პროდუქტით, ასევე მიტანის სერვისით და სხვა.

– გეგმავთ ახალი სამაგიდო თამაშის დამატებას თუ როგორია სამომავლო გეგმები?
“დამნაშავის ლოგიკა” უწყვეტად განაგრძობს მუშაობას და მეტიც, სამომავლო გეგმებიც ძალიან დიდია. ახლახანს დავიწყეთ მუშაობა მეორე საქმეზე, რომელსაც უკვე ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება. ვმუშაობთ ახალ დიზაინზე, ვფართოვდებით როგორც კომპანია და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ჩვენი მომხმარებლების სურვილებს. მოკლედ რომ ვთქვათ, არ ვაპირებთ გაჩერებას, პირიქით, ყველანაირი მწვერვალი უნდა დავიპყროთ!

“დამნაშავის ლოგიკის” ფბ გვერდი