მაკა ქობალია . ბრენდი ,,ირიათონი•Iriatoni” მინდა დავიწყო იმით რომ ჩემი პროფესია საერთოდ არაა პირდაპირ კავშირში ხელსაქმესთან ,თავდაპირველად ვსწავლობდი ქ.ქუთაისის ხალხური მედიცინის კოლეჯში ფარმაციას,შემდეგ კი ნ.მუსხელიშვილის სახ.ტექნიკურ და ა.წერეთლის სახ უნივერსიტეტებში ვსწავლობდი გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, ვარ ეკოლოგი.მაქვს როგორც ბაკალავრის ასევე მაგისტრის ხარისხი .მიუხედავად ამისა ,,ირიათონი” ჩემი ბავშვობის ოცნების ასრულებაა…სულ პატარაობიდან მომაჯადოვა სატელევიზიო გადაცემამ ” ფანტაზია და მარჯვე ხელები”, დავიწყე ხალხური რეწვის სახეობებით: ვქარგავდი,ვკერავდი,ვქსოვდი და როცა დაოჯახების შემდეგ თექის დამუშავებით დავინტერესდი ისე გამიტაცა ამ საქმიანობამ რომ ვეღარ შევეშვი…ამასთანავე მინდოდა ჩემს სამ შვილთან ვყოფილიყავი და საკუთარი შემოსავალიც მქონოდა ამიტომ მეუღლის დახმარებით თბილისში,საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მოვაწყვეთ პატარა სახელოსნო და დაახლოებით 15 წელია ვქმნი ხალხური რეწვის ნიმუშებს: თექის შარფებს,მოსაცმელებს,ქუდებს,პანოებს,სამკაულებს და ჩემს უსაყვარლეს ყვავილებს.ბუნებისა და მცენარეების სიყვარული ნამუშევრებში გადმომაქვს,ამიტომაა მათი უმეტესობა ,,აყვავილებული”. თითოეულ ნივთს დიდი სიყვარულით ვამზადებ.ხშირად ესკიზის მოფიქრებისას თავზე დამთენებია .

სულ სიახლის ძიებაში ვარ ,არავის ვბაძავ და ჩემი ყველა ნამუშევარი საავტოროა. ნაწარმის ძირითადი მომხმარებლები უცხოელები,ტურისტები არიან და ნაწარმის რეალიზაციას ვახდენდი ტურისტულ ობიექტებზე,მაგრამ კოვიდპანდემიის დროს ყველაფერი თითქოს ,,გაიყინა” და მეც დიდი გამოწვევის წინაშე დავდექი .საერთოდ შეწყდა რეალიზაცია,თუმცა არ დავნებდი,შევქმენი ფეისბუქ გვერდი და ადგილობრივებისგან ამგზით დავიწყე შეკვეთების მიღება. პარალელურად არ ვჩერდებოდი და ვეძებდი დაფინანსების წყაროებს.რამოდენიმე ცდის შემდეგ შრომა დამიფასდა და აწარმოე საქართველოს მცირე და მიკროგრანტების კონკურსის გამარჯვებული გავხდი .მოგებული გრანტით შევიძინე თანამედროვე დანადგარები ,საქარგავი და საკერავი მანქანები და ჩემი ჰობი თანდათან ჩემს მცირე ბიზნესად იქცა…დაგროვილმა გამოცდილებამ და ჩემმა სპეციალობებმა გამბედაობა შემძინა და სურვილი გამიჩინა ნაწარმი უფრო მრავალფეროვანი გამეხადა. გადავწყვიტე წინ წამოვწიო თექის სამკურნალო თვისებები და ეკოლოგიურად სუფთა ,ბუნებრივ ნედლეულზე დამზადებული ქსოვილი შევქმნა ,რომელიც გაძლიერებული სამკურნალო თვისებებით იქნება გამორჩეული .მეცნიერების დასკვნით ქართული მატყლი ერთადერთია მსოფლიოში,რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით და ოცამდე დაავადების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ გამოიყენება .

ბაზარზე არსებული თექის უმეტესობა შეღებილია ქიმიური საღებავებით .იმისათვის რომ თექა მაქსიმალურად ეკოლოგიურად სუფთა , სასარგებლო, სამკურნალო თვისებებით გაჯერებული იყოს და ქიმიური საშუალებებით არ ჩამოირეცხოს ცხვრის ბეწვზე არსებული ძვირფასი სამკურნალო ნივთიერება ლანოლინი ,ვაპირებ მატყლი ჩემს მიერ მოპოვებული სამკურნალო მცენარეებით შევღებო .ასევე ვაპირებ დავამზადო სიახლე ქართული ბაზრისთვის _თექის ორთოპედული ხალიჩები ,რომლებიც მხოლოდ ნეპალში იწარმოება .ორთოპედების თქმით ასეთი ხალიჩა თავისი რელიეფური ზედაპირით კარგია ბრტყელტერფიანობის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ, განსაკუთრებით ბავშვებში, რადგან თექის ბურთულები მასაჟორის როლს ასრულებს ,ხოლო მატყლი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას …კოვიდ პანდემიის შემდეგ ,როცა ჩემი საქმიანობა დროებით შეჩერებული მქონდა დამიკავშირდნენ მრავალშვილიან დედათა ჯგუფის წარმომადგენლები რომლებმაც გვერდის საშუალებით ნახეს ჩემი ნამუშევრები და მათი თხოვნით პირველად გავედი გამოფენაზე სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში .ამის შემდეგ იყო უამრავი ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოფენა და ტრენინგი ,თუმცა ვთვლი რომ განსაკუთრებით მაშინ გამიმართლა, როცა USAD ის პროგრამის ,Bazz Georgia ს კომპონენტის ბენეფიციარი გავხდი …ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის მათ მიერ ჩატარებული ტრენინგები, განსაკუთრებით უნიჭიერესი მენტორების ხელმძღვანელობით ჩატარებული ,ფონდ კრისტალის მიერ დაფინანსებული გასვლითი ღონისძიებები ლიკანში .სადაც ჩაგვიტარდა ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერის საოცრად ნაყოფიერი ტრენინგები მოტივაციის ზრდის,თავდაჯერებულობისა და ფინანსური ცნობიერების ამაღლების შესახებ…

ამ ტრენინგების შემდეგ დავრწმუნდი რომ შეუძლებელი არაფერია და დიდი შრომის შემდეგ ყოველი ნაბიჯი გვაახლოვებს მიზანთან.რამოდენიმე თვის წინ გავიმარჯვე სავაჭრო პალატის და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში :,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს” რის შემდეგაც გამიმზადეს ვებგვერდი და იმედია მალე აქტიურად ავამუშავებ.თუმცა ყველაზე დიდი ოცნება სულ ახლახანს ამისრულდა გავიცანი საოცარი ადამიანი ,ხარების ტაძრის წინამძღოლი ,მამა ვახტანგ ბერიძე და მისი მხარდაჭერით თბილისში ,ვარკეთილში ,ხარების სახელობის ტაძრის ეზოში გავხსენით ხალხური რეწვის სახელოსნო ,, ირიათონი ” სადაც ბავშვები სწავლობენ ხელსაქმეს: თექას,კერვას ,ქარგვას და სხვადასხვა ტექნიკით ხელნაკეთი ნივთების დამზადებას… სახელოსნოში ტარდება მასტერკლასები,გამოფენები და იგეგმება კიდევ მრავალი სხვადასხვა აქტივობა …სულ მალე სახელოსნო მზად იქნება და შევძლებთ სასკოლო ჯგუფების მიღებას მასტერკლასებზე…ბრენდი ,,ირიათონი” ახალ ეტაპზე გადავიდა , იგი ხელს შეუწყობს ქართული ტრადიციული რეწვის სახეობების მარადიულად არსებობას .,,ირიათონი” ხომ ისედაც მარადიულს ნიშნავს …

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ