– რა ფაქტორებმა იქონია გავლენა, რომ დაგეწოთ?

ძალიან მოკლე დროში გადავწყვიტეთ, რომ რაღაც პატარა საქმე წამოგვეწყო. პირველ რიგში, ვიფიქრეთ იმაზე, თუ რა გვინდოდა, რისი გაკეთების საშუალება გვქოდა, რა იქნებოდა საინტერესო და ახალი  მომხარებლისთვის. საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ძირითადად ხელნაკეთი, ორიგინალური და დღესდღეობით მოთხოვნადი საჩუქრები შეგვეთავაზებინა მათთვის, რომ საყვარელი ადამიანები გაეხარებინათ.

– სახელი საკმაოდ საინტერესო აქვს, გაგვიმხილეთ მისი წარმოშობის ისტორია

როგორც კი საბოლოოდ ჩამოვყალიბდით ჩვენი საქმიანობის სფეროზე დავფიქრდით და მივხვდით, რომ სახელწოდება გვჭირდებოდა. არ გვინდოდა რამე ზოგადი, უკვე სხვების მიერ გამოყენებული და ბანალური. დავიწყეთ ბევრად ორიგინალურისა და მარტივად დასამახსოვრებლის ძიება და არჩევანი “თეანმაზე” შევაჩერეთ. გვერდს სამი მეგობარი ვმართავთ და სწორედ ჩვენი სახელების დასაწყისებით შევკარით ეს განსხვავებული სახელი.

– მოგვიყევით, პირველ ნაბიჯებზე, როგორი იყო პირველი მომხმარებლების გამოხმაურება?

პირველი, რაც დავამზადეთ “ჩემი სიყვარულის 100 მიზეზი” იყო. შეკვეთის გარეშე გავაკეთეთ და ავტვირთეთ ჩვენსავე გვერდზე. ვიფიქრეთ, რომ ინტერნეტიდან აღებული სურათები, რომელიც შეიძლება რეალობას ბევრად მოწყვეტილი ყოფილიყო სანდოობაზე იმოქმედებდა, ამიტომაც რეალური ქილის ფოტოები განვათავსეთ. გადავაზიარეთ სხვადასხვა ჯგუფებში და  იმავე საღამოს  დაგვიკავშირდა 5-მდე მომხმარებელი. ზოგს მეტი დეტალი აინტერესებდა, ზოგს შეკვეთა უნდოდა. ნამდვილად არ ველოდით, რომ ასე მალე მივიღებდით შეკვეთებს. მომხმარებლის მიერ გამოცხადებულმა ნდობამ ცოტა გაგვათამამა კიდეც და ხან ქილის დიზაინი შევცვალეთ, ხან ფერი, ხან შეფუთვა და თანდათან ახალ-ახალი პროდუქციაც დავამატეთ. სიახლეები ჩვენნაირი პატარა ბიზნესისთვის საჭირო და აუცილებელიც კია.

– განათლება თუ გქონდათ ამ სფეროში და სად შეისწავლეთ საქმიანობა?

არანაირი განათლება ხელნაკეთი ნივთების სფეროში არ გვაქვს არცერთს. სხვადასხვა ვებპორტალების საშუალებით ვნახეთ ფოტოები, ვიდეოები და საკუთარ თავებს დავუსვით შეკითხვა შევძლებდით თუ არა რაღაც მსგავსის გაკეთებას. შემდეგ ვთქვით რატომაც არა, ვცადოთ და მართლაც ვცადეთ. გამოგვივიდა და ვფიქრობთ, რომ საკმაოდ კარგიც.

– ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?

ჩვენი მომხმარებელი ძირითადად ახალგაზრდა, თანამედროვე თაობაა, რადგან ის, რასაც ჩვენ ვამზადებთ, სწორედ მათზეა მორგებული.

– სად ან როგორ გიკავშირდებათ მომხმარებელი?

ჯერ-ჯერობით მომხმარებელი Facebook-ისა და Instagram-ის საშუალებით უკავშირდება ჩვენს გვერდს.

– როგორია „თეანმას“ სამომავლო გეგმები?

მუდმივად ვფიქრობთ სიახლეებზე და ერთმანეთთან ვათანხმებთ ახალ-ახალ იდეებს. გვინდა, რომ მომავალში ჩვენი პროდუქცია მხოლოდ ახალგაზრდებზე გათვლილი არ იყოს და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს მოვარგოთ.

თეანმას ფბ გვერდი