საყვარელი ჰობიდან საკუთარ ბიზნესამდე – გაიცანით „თამჩოს ატელიე“
შესავალი
თამარ შაყულაშვილისთვის ჭრა-კერვა მხოლოდ პროფესია არ არის, ეს ბავშვობის გატაცებაა, რომელიც წლების შემდეგ რეალობად იქცა. „თამჩოს ატელიე“ სახლში მოწყობილი პატარა, მყუდრო კუთხიდან დაიწყო და დღეს მომხმარებელს ქართულ მოტივებზე შექმნილ ჩანთებს, აქსესუარებსა და საოჯახო ნივთებს სთავაზობს. თამარი იმ მეწარმეთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც საკუთარი რესურსით, დიდი შრომითა და ენთუზიაზმით ცდილობს ქართული წარმოების განვითარებას.
🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪
გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ
➕ წარმოებულია საქართველოში– თამარ, როგორ დაიწყო თქვენი გზა ხელსაქმის სამყაროში და რა გახდა მთავარი ინსპირაცია? – ჭრა-კერვა ბავშვობიდანვე ჩემი დიდი გატაცება იყო, ფაქტობრივად, 5-6 წლიდან ვკერავ. იდეა, რომ ეს ყველაფერი ბიზნესად მექცია, ორმა ფაქტორმა განაპირობა: პირველ რიგში, საქმისადმი უზომო სიყვარულმა და მეორე — სურვილმა, მქონოდა სამსახური, რომელიც საშუალებას მომცემდა მემუშავა სახლიდან ისე, რომ ჩემს მცირეწლოვან შვილს ყურადღება არ მოკლებოდა.

– თქვენ თვითნასწავლი ხართ, თუმცა მაინც გადაწყვიტეთ ცოდნის გაღრმავება. რამდენად დაგეხმარათ ეს პროცესი? – დიახ, ძირითადი ცოდნა ჩემით მივიღე, თუმცა დეტალების უფრო მეტად დასახვეწად 3-თვიანი ტრენინგ კურსი გავიარე. ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჩემი ნამუშევრები უფრო პროფესიონალური გამხდარიყო. პირველი ნაბიჯები საბავშვო ბაბთებით, საყელოებითა და ქუდებით დავიწყე, დღეს კი უკვე მრავალფეროვან პროდუქციას ვქმნი.
– რა არის „თამჩოს ატელიეს“ ძირითადი პროდუქცია და როგორ მზადდება ისინი? – ძირითადად ვქმნი ქართულ მოტივებზე დამზადებულ ჩანთებს, ინსტრუმენტების ქეისებსა და საოჯახო ნივთებს. პროცესი საკმაოდ შრომატევადია: თავად ვირჩევ და მომაქვს ქსოვილები, ვკერავ, ვფუთავ და შემდეგ სოციალურ ქსელებში ვანთავსებ. შეკვეთის მიღებიდან მომხმარებლამდე მიტანამდე ყველა ეტაპს პერსონალურად ვაკონტროლებ.


– რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს დგახართ? – როგორც ყველა მცირე ბიზნესისთვის, ჩემთვისაც მთავარი გამოწვევა რეალიზაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ მომხმარებელს მაქსიმალურად ხელსაყრელი ფასები შევთავაზო, ბაზარზე თავის დამკვიდრება მაინც რთულია. ყველაფერს საკუთარი ფიზიკური თუ მატერიალური რესურსით ვაკეთებ, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები „თამჩოს ატელიესთან“ დაკავშირებით? – სამომავლოდ აუცილებლად ვფიქრობ გაფართოებას. მინდა, რომ ჩემი ბრენდი უფრო ცნობადი გახდეს და უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს ის ხელნაკეთი ნივთები, რომლებსაც ასეთი სიყვარულით ვქმნი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით


