მხატვრობა, როგორც საყვარელი პროფესია
– მოგვიყევით თქვენს ბიზნესზე და რამ შთაგაგონათ მისი დაწყება?
მხატვრობა ძალიან სასიამოვნო პროფესიაა, მას ნამდვილად მოაქვს ჩემთვის ბედნიერება, შრომატევადი და რთული პროცესის მიუხედავად. დღეს ფუფუნებაა საყვარელი პროფესიით მუშაობა და შემოსავლის ქონა. გალერეებში სიარული, ჩარჩოები, დამკვეთები _ ეს საქმიანობა ნამდვილად მიყვარს.
– რა არის ძირითადი პროდუქტები ან სერვისები, რომლებსაც სთავაზობთ მომხმარებელს?
ჩემი ძირითადი პროდუქტებია – რეალისტური ნახატები _ პორტრეტები, პეიზაჟები, კომპოზიციები. როგორც მზა ნახატები – ისე შეკვეთები.
– რით გამოირჩევა თქვენი ბიზნესი კონკურენტებისგან?
ხშირად მეუბნებიან მათთვის სასურველ შენობას, ან ქუჩას, რომ დავხატო, მე კი დეტექტივივით ვპოულობ, ვათვალიერებ და ნახატში ვცდილობ გადმოვცე ის ატმოსფერო ან შეგრძნებები, რასაც ის კონკრეტული ადგილი მიტოვებს. ნახატები გამოდის ნოსტალგიით, რომანტიზმით, მოგონებებით სავსე. ადამიანები ნახატის ხილვისას ბრუნებიან ბავშვობაში, ან მშობლიურ სახლში, ტკბილ მოგონებებში.
– რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, სირთულე თქვენს საქმიანობაში?
ყველაზე დიდი გამოწვევა და სირთულე ჩემ საქმიანობაში ვთვლი, რომ არის ისევ საკუთარი თავი. ყოველთვის რთული დრო იყო, თავის დამკვიდრებას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა. მაგრამ დღეს რა ხდება? არის უამრავი პლატფორმა, რითიც სახელის მოხვეჭა და პოპულარობა შედარებით გამარტივდა. ასე რომ, თუ ნიჭიერი ადამიანი სწორ ნაბიჯებს გადადგამს, მენეჯმენტს და მარკეტინგს გამართავს, წარმატებაც არ დააყოვნებს. რაც შეეხება სტრატეგიებს, მე ვაკეთებ იმას, რაც პირადად ჩემთვის არის საინტერესო, საკუთარი ხედვიდან და აღქმიდან გამომდინარე. ჩემ შემთხვევაში მნახველს და მყიდველს სწორედ ასეთი ნახატები აქვთ შეძენილი. მე უმეტესად ვცდილობ ჩემი საკუთარი აზრები და გრძნობები გადავიტანო ნახატში და ამგვარად ვპოულობ ძალიან ბევრ თანამოაზრეს, ვისთვისაც ეს თემები იქნებოდა საინტერესო და ესთეტიური. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა ხელწერით და სტილით სცნობენ ჩემ ნამუშევრებს.
დამატებითი დეტალები იხილეთ ბმულზე