ინტერვიუ საზოგადოებრივი კოლეჯი “კავკასიონის” დირექტორთან, ბატონ რაინდი ლომაიასთან
ინტერვიუ საზოგადოებრივი კოლეჯი “კავკასიონის” დირექტორთან, ბატონ რაინდი ლომაიასთან.
- მოდი, დავიწყოთ თავიდან, როდის გადაწყვიტეთ კოლეჯი დაგეარსებინათ?
ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა გავაგრძელე დოქტორანტურაში და პარალელურად ვმუშაობდი მასწავლებლად უნივერსიტეტში, ადმინისტრაციული და პედაგოგიური მუშაობისას სასწავლო პროცესის მართვის მიმართულებით შეძენილმა უნარ-ჩვევებმა გადამაწყვეტინა თავად შემექმნა და ჩემი ცოდნა მიმემართა საუკეთესო პროფესიული კოლეჯის შესაქმნელად, რომელიც ჩამოყალიბდებოდა ხარისხიან განათლებაზე ორიენტირებულ სასწავლებლად და მოამზადებდა მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების, უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობის მქონე კვალიფიციური სპეციალისტების ახალი თაობებს, რომელთაც ექნებოდათ დამოუკიდებელი აზროვნების, მეცნიერების თანამედროვე მიღწევების გააზრებულად ათვისების და ცვალებად პროფესიულ გარემოსთან ადვილად ადაპტირების უნარი.
- როგორ შეაფასებთ პროფესიული კოლეჯების მდგომარეობას საქართველოში?
პროფესიული კოლეჯები დღეს ხელმისაწვდომია ყველა სწავლით დაინტერესებული პირისთვის, კოლეჯებში მიმდინარეობს სწავლება ძირითად მოთხოვნად როგორც სადიპლომო, ასევე მომზადება/გადამზადების პროგრამებზე, რომელიც ხელს უწყობს ყველა ასაკის ადამიანს დაეუფლოს მისთვის სასურველ პროფესიას და დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი საზოგადოებაში.
- როგორც უკვე თქვით მე-7 წელი დაიწყო, მოკლედ რომ შეგვიჯამოთ კოლეჯის მოღვაწეობა
შპს საზოგადოებრივი კოლეჯი „კავკასიონი“ დაფუძნდა ქ. ქუთაისში, ამჟამად კი სასწავლო პროცესს ახორციელებს ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში, თითოეულ მისამართებზე სწავლა მიმდინარეობს შვიდ სადიპლომო და ხუთ სასერთიფიკატო პროგრამებზე. ყოველწლიურად ექვსასადმე პროფესიული სტუდენტის სწავლა-განათლებას ემსახურება ასამდე პროფესიული მასწავლებელი და ადმინისტრაციის თანამშრომელი, ასევე ოცდაათამდე სასწავლო/საწარმოო პრაქტიკების განმახორციელებელი სხვადასხვა დარგის პარტნიორი ორგანიზაციები. კოლეჯი ზრუნავს კურსდამთავრებულების დასაქმებაზე, მუდმივად მიეწოდებათ ინფორმაცია სხვადასხვა ვაკანსიებისა და გადამზადების კურსებთან დაკავშირებით. კოლეჯში პროფესიული სტუდენტების რაოდენობა წლიდან-წლამდე მატულობს, რაც ჩვენი მენეჯმენტის წარმატებული მუშაობის შედეგია, მაგრამ ყოველივე ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს და ჩვენც თანამედროვე პროფესიულ განათლებაში დანერგილი სტანდარტების შესაბამისად, მაქსიმალურად ვზრუნავთ პროფესიული მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის გადამზადებისა და სასწავლო პროცესში თანამედროვე მეთოდების დანერგვით ავამაღლოთ კურსდამთავრებულების კვალიფიკაციის თამასა.
- რა გავლენა იქონია პანდემიამ კოლეჯის საქმიანობაზე?
პანდემიის გამოწვევების საპასუხოთ, ჩვენთან დაინერგა სწავლებისა და შეფასების ონლაინ მეთოდები, სტუდენტებს ვაწვდით ელექტრონულ ლიტერატურას, საჭიროების შემთხვევაში დამატებით უტარდებათ ინდივიდუალური კონსულტაციები, პროფესიიდან გამომდინარე სხვადასხვა მოდულებში პროფესიული სტუდენტები მოგვყავს კოლეჯში და აუდიტორიებში ხორციელდება პრაქტიკული მეცადინეობები, შესაბამისად ვინარჩუნებთ სწავლების მაღალ ხარისხს.
- სამომავლო გეგმები
კოლეჯი მომავალში გეგმავს ახალი პროგრამების დამატებას, რაც შესაბამისად დამატებით კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოზიდვას და კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებას მოითხოვს. მეტი რესურსი ჩაიდება სასწავლო პროცესში და პროფესიული სტუდენტებისთვის სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებების განხორციელებაში. გაიზრდება კურსდამთავრებულებთან კომუნიკაცია, რაც მათ დასაქმების შესაძლებლობას გაზრდის.