– რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?

ჩვენ ვქმნით მუსიკალური საჩუქრების სამყაროს, რაც გულისხმობს ხელნაკეთი ხის მუსიკალური ყუთებისა და მოზრდილი ზარდახშების დამზადებას.

– როგორ გაჩნდა იდეა ; მოგვიყევით, პირველ ნაბიჯებზე …

„ეი ემ ბი სახელოსნო“ საოჯახო მიკრობიზნესია.
მოგზაურობის დროს საუკეთესო სუვენირად მიგვაჩნდა თემატური მუსიკალური ზარდახშები, რომელიც მოცემულ მომენტში ერთდროულად ვიზუალურ და ხმოვან სამახსოვროს ქმნის. აკავშირებს კონკრეტულ ადგილებსა და მასთან ასოცირებულ მოგონებებს. 

რადგან საქართველოში მსგავსი პროდუქტის შეძენის შესაძლებლობა არ არსებობდა, ჩვენს სამშობლოშიც გავაჩინეთ არაქართული ერთფეროვანი მუსიკალური ყუთების ალტერნატივა და ახლა უკვე უცხოურ ჰიტებსა და სხვა მრავალფეროვან მელოდიებთან ერთად, ქართული მუსიკალური ნიმუშების შეძენაც შესაძლებელი გავხადეთ. ამასთან წლების მანძილზე, განვითარებისთვის გავაჩინეთ მდიდარი მუსიკალური ნიმუშების კოლექცია და შევქმენით რამდენიმე განსხვავებული მუს. მექანიზმის, იგივე მოდულის ტიპი (სტანდარტული, დასაქოქი, მბრუნავი და ელექტრო). ვამზადებთ სხვადასხვა ზომებში, ინდივიდუალური გრავირებებითა და ხელით მოხატვის შესაძლებლობით. აღსანიშნავია, რომ ამჟამად  ჩვენი მსგავსი სერვისი და პროდუქტი პრაქტიკულად არსად არ გვხვდება და განვითარებას უწყვეტად განვაგრძობთ. ახლაც უამრავ სიახლეზე ვმუშაობთ, რასაც სიურპრიზებად დავტოვებთ.


– წარსულში თუ გქონდათ გამოცდილება, რაც დაგეხმარათ ამ საქმეში?

ამჟამად ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა, თავდაპირველად უბრალო ჰობი იყო. 

მუსიკის სიყვარულმა და მუსიკალურმა განათლებამ წარმატების გზაზე მნიშვნელოვანი ბიძგი მოგვცა, ამასთან წარმოების პროცესში გავაანალიზეთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მოტივაცია შრომატევადი ხელნაკეთი ნივთების მიღების სანაცვლოდ გახარებული, მადლიერი და ბედნიერი ადრესატების დადებითი ემოციების ზღვა გახდა, რომლის ღელვის დასრულების სურვილი ნამდვილად აღარ გვქონდა. ვფიქრობთ, რომ ბედნიერების განცდა არ უნდა სრულდებოდეს და იდეისა და ჰობის ბიზნესად ჩამოყალიბების მოტივაცია პირველ რიგში ამ ჯადოსნური მომენტის ორმხრივად გახანგრძლივებას ემსახურება.
მიზნად დავისახეთ სიყვარულით სავსე მომსახურების სერვისი და მრავალფეროვანი სასაჩუქრე არჩევანი შეგვექმნა მუსიკის მოყვარული ადამიანებისთვის. 

 

– რა გამოწვევები წინაშე დგახართ

ჩვენი განვითარების სტრატეგია გულისხმობს შემდეგი მიზნების მიღწევას: 

  1. ყველა შესაძლო უცხოურ ბაზარზე გასვლა; 
  2. საკუთარი შოუ-რუმის გახსნა; 
  3. საგანმანათლებლო ფუნქციის შეძენა-განვითარება!

მომავალში აუცილებლად ვიზრუნებთ მეტად ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი სერვისი და გავხდეთ უფრო და უფრო მობილურები.

ამ ეტაპზე პარალელურად ვსწავლობთ მასიურ ხეზე მუშაობას თანამედროვე დანადგარების საშუალებით, რაც წარმოების მრავალფეროვნების გაზრდას, სისწრაფესა და მასშტაბურობას შეუწყობს ხელს.
ამჟამად მხოლოდ ინტერნეტ-მაღაზიას წარმოვადგენთ და იმედი გვაქვს პირველ რიგში დედაქალაქის მთავარ გამოფენა-გაყიდვების ივენთებზე სისტემურად მოვახერხებთ ნამუშევრების წარმოდგენას, რადგანაც ჩვენი პროდუქტისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მყიდველთან შემხებლობა, ამგვარად მის „ჯადოსნურ“ მუსიკალურ ძალაში ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანი რწმუნდება. ამ კუთხით ნებისმიერი თანადგომისა და თანამშრომლობის შემოთავაზებისთვის მზად ვართ, მაგალითად ე.წ. „სთოლ“ მარკეტიდან.

 

დამატებითი დეტალები იხილეთ ფბ გვერდზე