„ირინეული“ – ხელნაკეთი შოკოლადის უნიკალური ბრენდი, სადაც გემო და ხელოვნება ერთიანდება
„ირინეული“ — ეს არის განსხვავებული გემოსა და დიზაინის მქონე ხელნაკეთი დესერტი. ბრენდი 2022 წლის ნოემბერში დაარსდა და დღეისათვის უკვე პოპულარულია, როგორც სასაჩუქრე პროდუქციის მწარმოებელი. „ირინეულის“ პროდუქცია მზადდება საბერძნეთიდან იმპორტირებული, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ინგრედიენტებით: შოკოლადი, ვაფლი, შოკოლადის კრემი, ნუშის კრემი, საკონდიტრო საღებავები და სხვა. შიგთავსში კი გამოიყენება ქართული თხილეული.
„ირინეულის“ უნიკალური, სხვადასხვა არომატის ხელნაკეთი შოკოლადები არ იბეჭდება – ისინი მზადდება მომხმარებლის შეკვეთის შესაბამისად და სათითაოდ, დიდი სიყვარულით იხატება ხელით, მაღალხარისხიანი და უსაფრთხო საღებავებით. ყუთების დიზაინი, შოკოლადის ფორმა და მოხატულობა არასოდეს მეორდება.
როგორ გაჩნდა შოკოლადის კეთების იდეა?
ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება საბერძნეთთან, აუცილებლად გაუსინჯავს იქაური დესერტი – კარიოკესი, ფერად ქაღალდებში გახვეული, სხვადასხვა გემოს მქონე შოკოლადის ნუგბარი. თბილისში რომ ვბრუნდებოდი, საჩუქრად მხოლოდ ეს შოკოლადები ჩამომქონდა ხოლმე მეგობრებისთვის.
ერთხელ, საბერძნეთიდან ჩამოსვლის წინა დღეს, დედაჩემთან სტუმრად მეზობელი მოვიდა გამოსამშვიდობებლად. ფოლგაში გახვეული შოკოლადი მომაწოდა და მთხოვა გამესინჯა. თან დაამატა: „ჩემი გაკეთებულია, აბა, როგორ მოგეწონება?“ გავხსენი და რას ვხედავ – ჩემი საოცნებო კარიოკე! ქალბატონმა ალექსანდრამ დიდი თხოვნის შემდეგ ალალად დამიწერა რეცეპტი. იმ წუთას ბედნიერებას სიტყვებით ვერ აღვწერდი.
როგორც კი თბილისში ჩამოვედი, დავიწყე შოკოლადის შექმნაზე ფიქრი. თავდაპირველად საცდელად გავაკეთე და ოჯახის წევრებსა და მეგობრებს დავაგემოვნებინე. ისე მოეწონათ, რომ სიხარულისგან ცაში დავფრინავდი. შემდეგ დავიწყე ახალი გემოების ძიება — არ მინდოდა მხოლოდ ბერძნული დესერტის კოპირება. ბევრი ექსპერიმენტის შედეგად შეიქმნა: დარიჩინიანი ფორთოხლის, ფინიკის, ალუბლის, რომიანი წაბლის, ჟოლოს და კარამელიზებული ნუშის დესერტები. განსაკუთრებით კარამელიზებული ნუშია პოპულარული – ის ლიდერია „ირინეულის“ გაყიდვებში.
ჩვენთან შემოსულ თითოეულ შეკვეთას თავისი ხასიათი აქვს – ზოგს დაბადების დღისთვის, ზოგს ნათლობისთვის, ზოგს კი სხვა დღესასწაულისთვის გვიკვეთავს. შესაბამისად ვარჩევთ ჯერ შოკოლადის ტიპს, შემდეგ ფორმას და ბოლოს – დიზაინს. თითოეული შოკოლადი ხელით იხატება.
დასაწყისში მომხმარებლებს უჭირდათ დაჯერება, რომ მათთვის შექმნილი შოკოლადი მართლაც ხელით იყო მოხატული — ბევრს ეგონა, რომ ნახატები პრინტით იყო გაკეთებული. შოკოლადზე მუშაობას სჭირდება არა მხოლოდ დახვეწილი ხელი, არამედ კონცენტრაციისა და მობილიზების უნარი. ეს ტილო არ არის – თუ შეგეშალა, ვეღარ დააბრუნებ უკან. აქ მეტი სიფრთხილეა საჭირო.
ჩვენი მთავარი მოტივაცია კმაყოფილი კლიენტებია, განსაკუთრებით კი — ბავშვები. ისინი რომ არა, ჩვენი საქმიანობა არ ექნებოდა ამხელა მნიშვნელობა. ვცდილობთ, ყველა მომხმარებელი კმაყოფილი დარჩეს როგორც პროდუქტით, ისე მომსახურებით. როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, ყოველი ახალი შეკვეთა უდიდესი მოტივაცია იყო. ენით აუწერელი გრძნობაა, როცა ახალბედა ბრენდს ანდობენ საჩუქარს.
საქართველოს გარდა, ჩვენი შოკოლადები ხშირად მოგზაურობენ: იტალია, კვიპროსი, იაპონია, ბელგია — ბევრგან მიჰყავთ. ხშირია შემთხვევა, როცა მომხმარებლები გაოცებას არ მალავენ და ამბობენ, რომ შოკოლადის ვიზუალი ზუსტად ისეთია, როგორიც სურათზე ან რეკლამაში ჰქონდათ ნანახი.
ხანდახან ვარჩევ, პირადად მივაწოდო კლიენტს შეკვეთა. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი სწორედ მათი ემოციებია – სიხარული, გაოცება, მადლიერება… ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ჯილდო.