• როგორ გაჩნდა იდეა?


ყველაფერი ძალიან სპონტანურად დაიწყო. ჩემს შვილს მოვუქსოვე ქუდი და კაშნე. ფოტოები დავდე პირად Facebook-ზე და დიდი მოწონება დაიმსახურა. მეგობრების მხრიდან დიდი მხარდაჭერა მივიღე — ბევრმა შემიკვეთა პროდუქტი, რამაც სტიმული და გამოცდილება მომცა. ჩანთების იდეაც შემდეგ გაჩნდა. 2016 წელს შევქმენი გვერდი, და მას შემდეგ ყოველდღიურად ვცდილობ გავაუმჯობესო ხარისხი და მომხმარებელს სხვადასხვა დიზაინი შევთავაზო.

• რას ფიქრობდნენ თქვენი მეგობრები ან ოჯახის წევრები, როცა გააცანით თქვენი იდეა?


როგორც აღვნიშნე, მეგობრები და ოჯახის წევრები ძალიან მგულშემატკივრობდნენ. მათ გარეშე არაფერს დავიწყებდი. განსაკუთრებული მხარდაჭერა მეუღლისგან მქონდა — საწყის ეტაპზე კურიერის ფუნქციასაც ის ითავსებდა, მასალების მობილიზებაშიც მეხმარებოდა და დღემდე გვერდში მიდგას.

• როგორი გამოხმაურება გაქვთ მომხმარებლებისგან?


ძალიან დადებითი. თავიდანვე დიდი სიყვარულით მიმიღეს. ბევრ მათგანს მეგობრებადაც ვთვლი — დღემდე მომყვებიან და მგულშემატკივრობენ. არ იშურებენ დადებით შეფასებებს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

• რა არის თქვენი სამომავლო მიზნები და მისწრაფებები?


ვგეგმავ რამდენიმე ახალი პროდუქტის დამატებას, თუმცა ძირითად ხაზად მაინც ჩანთები დარჩება.

• და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, რა განასხვავებს თქვენს ბიზნესს და ხელს უწყობს მის წარმატებას?


ვცდილობ, ყოველთვის განსხვავებული ხაზი შევთავაზო მომხმარებელს. თითოეული პროდუქტი სრულად ხელნაკეთია — ჩანთებზე არასდროს ვიყენებ პრინტს, ყველა დეტალი ხელით იხატება. სწორედ ეს უნიკალურობას სძენს პროდუქციას. ჩემი აზრით, ბიზნესის წარმატებას განსაზღვრავს მომხმარებლისა და საკუთარი საქმის უზომო სიყვარული.