თამარ ცირიკიძის 15-წლიანი „ეიფორია“ და ექსპერიმენტული ხელოვნება
თამარ ცირიკიძე პროფესიით მართვის ავტომატიზირებული სისტემების ინჟინერია, თუმცა მისი ნამდვილი მოწოდება ხელოვნება აღმოჩნდა. 15 წლის წინ დაწყებული ჰობი დღეს საერთაშორისო აღიარების მქონე ბრენდად, სახელწოდებით „ეიფორია-T.handicrafts“, იქცა. თამარი თვითნასწავლი ხელოვანია, რომელიც არასდროს წყვეტს სწავლას — ის ფლობს პოლიმერულ თიხას, ქარგვის სამ სახეობას, ეპოქსიდს და საკუთარი რეცეპტით დამზადებულ ფაიფურსაც კი. მისი ნამუშევრები უკვე წლებია ამშვენებს სახლებს საფრანგეთში, ინგლისში, გერმანიასა და ჩეხეთში.
🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪
გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ
➕ წარმოებულია საქართველოში– თამარ, თქვენი პროფესია – ინჟინერია – საკმაოდ შორსაა ხელოვნებისგან. როგორ მოხდა თქვენი შემოქმედებითი ტრანსფორმაცია? – ხატვა 3 წლიდან დავიწყე. სულ სწავლასა და ძიებაში ვიყავი: დავამთავრე მუსიკალური სასწავლებელი, ვუკრავდი გიტარაზე, ფორტეპიანოზე, ვცეკვავდი, ვწერდი ლექსებს… თუმცა ჩემი თავი მხოლოდ ამ საქმიანობაში ვიპოვე. დამოუკიდებლად შევისწავლე პოლიმერულ თიხაზე მუშაობა, ქარგვა, ეპოქსიდი. მიყვარს ექსპერიმენტები — ვამზადებ ჩემივე რეცეპტით ფაიფურს და საღებავებს. საკუთარი ბიზნესი საშუალებას მაძლევს, თავი დამოუკიდებელ და შემდგარ ქალად ვიგრძნო. ვაკეთებ იმას, რაც ჩემი ოცნება იყო.

– როგორ გაჩნდა იდეა და რას ნიშნავს თქვენი ბრენდის სახელი „ეიფორია“? – თავიდან ნივთებს მხოლოდ ჩემთვის და მეგობრებისთვის ვქმნიდი. 15 წლის წინ მასალების შოვნა ძალიან რთული იყო, თუმცა ჩემი ნამუშევრები ისე მოეწონათ, რომ უცხო ადამიანებისთვისაც დავიწყე დამზადება. ძალიან მიყვარს ფერები და მინდოდა, ჩემს გვერდზე შემოსული სტუმარი ნივთების დათვალიერებისას ეიფორიაში მოხვედრილიყო, მეტი ემოცია და აღფრთოვანება მიეღო. სწორედ აქედან წარმოიშვა სახელწოდებაც.
– თქვენს სფეროში ხშირად აწყდებით „კოპირების“ პრობლემას. როგორია თქვენი დამოკიდებულება ჯანსაღ კონკურენციასა და ავტორის ხელწერასთან? – ბევრი რამ არ მომწონს ჩემს სფეროში. ქართულ ბაზარზე მოდაშია ერთმანეთის გვერდებიდან ნამუშევრების დაკოპირება, რაც ძალიან გამაღიზიანებელია. როდესაც მომხმარებელი სხვა გვერდის ნივთს მაჩვენებს და მეკითხება, ასეთს თუ დაამზადებთო, პასუხი ყოველთვის უარყოფითია. მე არ ვაკოპირებ სხვების ნამუშევრებს და ეს ჩემს ხელწერას ეტყობა. კარგი იქნებოდა, ყველას საკუთარი ხელწერა გვქონოდა და არ დავმსგავსებოდით ერთმანეთს. კონკურენცია უნდა იყოს ჯანსაღი.

– რამდენად შრომატევადია თქვენი საქმიანობა და როგორ უთავსებთ მას ყოველდღიურობას? – ამ ეტაპზე მეტწილად ეპოქსიდზე ვმუშაობ, რაც უსაზღვრო შესაძლებლობებს მაძლევს. დრო არ მენანება ჩემი საქმიანობისთვის, ხშირად თავზეც მათენდება მუშაობაში. პირიქით, ვწუხვარ, რომ დრო ძალიან სწრაფად გარბის. შემოქმედებითი თავისუფლება ჩემთვის აუცილებელია — თუ ვიზღუდები ვინმეს სურვილით, ფრთები მეკვეცება. ხარისხი და მომხმარებლის კმაყოფილება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, რა არის თქვენი „დიდი ოცნება“? – გეგმები ბევრი მაქვს. მინდა საკუთარი სახელოსნო და მაღაზია-სალონი, სადაც ნამუშევრების დათვალიერების გარდა, სტუმრები შეძლებდნენ ყავის მირთმევას და საუბარს. იქვე მინდა მქონდეს ოთახი, სადაც მსურველებს სხვადასხვა ტექნიკას შევასწავლიდი. წარმატების შანსი ყველას აქვს დიდი შრომის ფასად, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ეს პროცესი შენელებულია. მიუხედავად ამისა, მე მუდმივად ძიების რეჟიმში ვარ და არ ვჯერდები მიღწეულს. ჰაერივით მჭირდება ეს საქმე — ვინმემ რომ ამიკრძალოს შექმნა, ალბათ მოვკვდები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით


