რა არის სოციალური მედია მარკეტინგი?

სოციალურ მედია მარკეტინგში მოიაზრება ციფრული ფორუმების, პლატფორმებისა და ვებსაიტების გამოყენება კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების პოპულარიზაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინები ელექტრონული მარკეტინგი და ციფრული მარკეტინგი ჯერ კიდევ დომინანტურია, სოც. მედია მარკეტინგი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

რატომ სოციალური მედია მარკეტინგი?

დღესდღეისობით, სოციალური მედია მარკეტინგი ნებისმიერი სახის პროდუქტის ბრენდინგის ყველაზე პოპულარულ ხერხად შეიძლება მივიჩნიოთ. სოციალური მედიით მარკეტინგი კომპანიებს აძლევს არსებულ მომხმარებლებთან ურთიერთობისა და ახლების მოზიდვის საშუალებას. სოციალური პლატფორმები ეხმარება მათ მომხმარებლებთან ურთიერთობაში, ბრენდის ცნობადობის ამაღლებაში და ლიდერობისა და გაყიდვების გაზრდაში. სოციალური მედიის ქსელების დახმარებით შესაძლებელია სამიზნე კლიენტებს სწორი მესიჯით საჭირო დროს მიაღწიო.  რომელიმე სოციალურ მედიაში განთავსებული რეკლამით უბრალოდ ხალხის დაინტერესებითაც კი, კომპანიების ცნობადობა იზრდება და იწყება მათი ბიზნესის რეპუტაციის ჩამოყალიბება.

რას ნიშნავს ეს?

ეს ნიშნავს, რომ მაშინაც კი, თუკი თქვენ გაქვთ დაბალი სარეკლამო ბიუჯეტი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ციფრული ფორუმები, როგორც დამატებითი რეკლამის პლატფორმა. თქვენ შეგიძლიათ შემოქმედებითად გამოიყენოთ სოციალური მედია თქვენი პროდუქტებისა და სერვისების პოპულარიზაციისთვის ისე, რომ კლიენტებმა არ იგრძნონ ზედმეტი დატვირთვა თქვენი მარკეტინგული კამპანიებით. თუ თქვენი კონკურენტები უკვე იყენებენ სოციალური მედიის ანგარიშებს მარკეტინგისთვის და მომხმარებლებთან ურთიერთობისთვის, მაშინ თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ მიჰყვებით მათ მიერ განხორციელებულ ციფრული მარკეტინგის სტრატეგიებს და იცნობთ შესაბამის ტენდენციებს. ყოველივე ეს უნდა გაითვალისწინოთ, რათა არ „ჩამორჩეთ“ თქვენთვის კონკურენტუნარიან კომპანიებს. ყოველი სოციალური მედიის პროფილი, რომელსაც თქვენ ამატებთ თქვენს მარკეტინგულ მიქსში, არის კარიბჭე თქვენს ვებსაიტზე და თქვენს მიერ გამოქვეყნებული კონტენტის თითოეული ნაწილი არის ახალი მომხმარებლის მოზიდვის კიდევ ერთი შანსი.

თქვენს კომპანიას, არ აქვს მნიშვნელობა მის ზომასა და ბიუჯეტს, აქვს უნარი და შესაძლებლობა გაზარდოს თავისი აუდიტორია და მიაღწიოს მიზნებს რეკლამებით სოციალურ პლატფორმებზე, როგორიცაა Facebook და Instagram. აქვე დავამატებ, რომ Statista-ს მიხედვით, 2018 წლის ივნისისთვის Facebook-ს ჰყავდა ყოველთვიურად 2.13 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი, ეს კი მართლაც ძალიან დიდი რიცხვია. სოციალური მედიის ძალა დასაფასებელია, რადგან შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადამიანთა დიდ რაოდენობას თქვენი რეკლამის გამოქვეყნებიდან წამებში, რაც დაგეხმარებათ ხარჯების შემცირებაში.

როგორ იპოვოთ თქვენი აუდიტორია?

მრავალი სოციალური ქსელი აგროვებს, მომხმარებლების თანხმობით,  დეტალურ გეოგრაფიულ, დემოგრაფიულ და პერსონალურ ინფორმაციას, რაც შემდგომ მარკეტოლოგებს საშუალებას აძლევს შექმნან და გათვალონ კონტენტი იმ საზოგადოებისთვის, რომლის ბაზარზეც მუშაობენ.

ყოველდღიურად მრავალი ადამიანი სტუმრობს სოციალური მედიის საიტებს და ბიზნესებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ ეს ფაქტი და გამოჩნდნენ აქტიურად ინტერნეტ სივრცეში. ბიზნესებმა უნდა იმუშაონ თავიანთ სოციალურ უნარებზე და მომხმარებლებთან ონლაინ ურთიერთობის გზებზე, რათა მიაღწიონ უკეთეს შედეგებს.

დასკვნა

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოციალური მედიას აქვს უზარმაზარი პოტენციალი მარკეტინგში და გვთავაზობს მომხმარებელთა ჩართვის მარტივ ხერხებს. თუკი გაცილებით მეტი კომპანია გამოუყოფს სოციალურ მედიას მეტ ბიუჯეტს და მათ მარკეტინგულ სტრატეგიებში მას პრიორიტეტულს გახდის მეტი პლატფორმის შექმნით, ბრენდებს ექნებათ მეტი გზა, გაავრცელონ თავიანთი პროდუქტები ან სერვისები უფრო ფართო აუდიტორიისთვის, გასცდნენ ქვეყნის საზღვრებსა და გავიდნენ საერთაშორისო ბაზარზე.

 

ავტორი: ელენე მანოშვილი