– როგორ გაჩნდა იდეა?


მოგესალმებით. მე ვარ ნინო, 45 წლის. დავიბადე და გავიზარდე თბილისში. მყავს მეუღლე და ორი შვილი. დავამთავრე თბილისის კლასიკური გიმნაზია, შემდეგ კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროფესიით ვარ ეკონომისტი, თუმცა არასოდეს მიმუშავია ჩემი სპეციალობით.

რაც შეეხება ჩემს საქმიანობას — ორცხობილების მოხატვა დავიწყე პანდემიის პერიოდში. იდეა ეკუთვნის ჩემს შვილს, რომელიც იმ პერიოდში სწავლობდა საქართველოს უნივერსიტეტში, საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტზე. ერთ-ერთი საკურსო პროექტისთვის შექმნა იდეა საკონდიტროს შესახებ, რომელსაც უწოდა “საშაქარლამო”. ეს სახელი მოდის მისი ბავშვობიდან — დედაჩემი აცხობდა უგემრიელეს შაქარლამებს, რომლებიც ყველას უყვარდა.

როცა მისი საკურსო წავიკითხე, გადავწყვიტე რეალურად განმეხორციელებინა იდეა. პანდემიამ ხელი შემიწყო, რადგან სახლიდან ვმუშაობდი და მეტი დრო მქონდა. ორცხობილების მოხატვაზე გამოცდილება არ მქონდა, ამიტომ ინტერნეტით დავიწყე სწავლა და პრაქტიკა.


– რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?


მომხმარებლებს ვთავაზობ კარაქზე დამზადებულ შაქარლამებს, ძველი რეცეპტით, რომელიც ოდნავ შევცვალე და დავხვეწე. შაქარლამები იფარება შაქრის მინანქრით, რომელიც ვამზადე უსაფრთხო, ჩემი საკუთარი რეცეპტით — არ ვიყენებ უმ კვერცხის ცილას, როგორც ეს ტრადიციულად ხდება.

საკვებ საღებავებს ვიყენებ ვეგანურს — ანა კლარკის ბრენდის. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი ძირითადი მომხმარებლები ბავშვები არიან. ზოგიერთ დეტალს, რომლებიც ყალიბებში მზადდება, ვამზადებ თეთრი შოკოლადის გამოყენებით.


– სად შეისწავლეთ საქმიანობა?


ყველაფერი თვითონ ვისწავლე — ინტერნეტის მეშვეობით. ვუყურებდი ვიდეოებს, ვკითხულობდი სტატიებს და ვცდილობდი პრაქტიკაში გამეორებას. არც კულინარიული სკოლა მაქვს დამთავრებული და არც სპეციალური კურსები — ყველაფერი მოსინჯვითა და მცდელობით შევისწავლე.

დღეს უკვე ჩემი ერთადერთი საქმიანობა სწორედ ეს გახდა — ორ წელზე მეტია, რაც სამსახურიდან წამოვედი და მხოლოდ შაქარლამების მოხატვით ვარ დაკავებული.


– რამდენად შრომატევადია თქვენი საქმიანობა?


ორცხობილების მოხატვა ძალიან შრომატევადი საქმეა. ეს მოითხოვს დიდ დროს, მოთმინებას და სიზუსტეს. გარდა მოხატვის პროცესისა, საჭიროა შრობის დროც. ხშირად შეკვეთები მოიცავს სრულიად ახალ დიზაინებს, რაც კიდევ უფრო მეტ ყურადღებასა და ძალისხმევას მოითხოვს.

ყოველ ახალ დიზაინზე ვნერვიულობ — როგორი გამოვა? მაგრამ რაც უფრო რთულია, მით უფრო საინტერესოა ჩემთვის. როცა შედეგი მესიამოვნება, მემატება მოტივაცია და თავდაჯერებულობა.


– რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, სირთულე თქვენს საქმიანობაში?


მთავარი სირთულეა ტექნიკური შესაძლებლობები — არ მაქვს პროფესიული აპარატურა, რაც გარკვეული დიზაინის შესრულებას შეუძლებელს ხდის.

ამიტომ ხანდახან ვეუბნები მომხმარებლებს, რომ წინასწარ გავაკეთებ და თუ მოეწონებათ, მხოლოდ მაშინ მივიღებ შეკვეთას. ასევე მირჩევნია უარი ვთქვა რთულ ნამუშევრებზე, ვიდრე მომხმარებელს დაუსრულებელი ან არასწორი ვერსია მივაწოდო.


– სამომავლო გეგმები


იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში შევიძენ საჭირო ტექნიკას, რაც მომცემს საშუალებას ნებისმიერი შეკვეთა შევასრულო. ასევე ჩემი ოცნებაა პატარა, მყუდრო კაფის გახსნა, სადაც შაქარლამებთან ერთად გემრიელ დესერტებსაც შემოგთავაზებთ სასიამოვნო გარემოში.