გამარჯობა, მე ვარ ნათია, კომპანია „საღის“ დამფუძნებელი. კომპანია „საღი“ აწარმოებს თმის მოვლის ბუნებრივ პროდუქტებს, როგორიცაა: როზმარინის ზეთი, დაფნის ზეთი, 6 სახის მცენარის ზეთი, ასევე როზმარინისა და დაფნის შამპუნი.
გაყიდვაში გვაქვს სხვადასხვა სახის თმისა და სკალპის მოვლის პროდუქტები და აქსესუარებიც.


– როგორ დაიწყეთ ეს საქმიანობა და რა იყო ინსპირაცია?


ათი წლის წინ, როცა თმის ცვენის პრობლემა დამეწყო, დავიწყე სხვადასხვა საშუალებების ძიება. იმ დროისთვის საქართველოში როზმარინის ზეთი თითქმის უცნობი იყო, ამიტომ პროდუქტის გამოწერა მხოლოდ უცხოეთიდან იყო შესაძლებელი. თუმცა იმ პროდუქციას, როგორც წესი, სხვადასხვა ხელოვნური დანამატები ჰქონდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ გადავწყვიტე თავად დამემზადებინა როზმარინის ზეთი. დავიწყე მისი გამოყენება, პარალელურად კი ვუზიარებდი ახლობლებსა და მეგობრებს. მათგან მიღებულმა დადებითმა შეფასებებმა დიდი მოტივაცია მომცა.

პანდემიის პერიოდში შევქმენი ფეისბუქ ჯგუფი, სადაც ვაზიარებდი თავის მოვლის ბუნებრივ რეცეპტებს. ბევრი მაშინ პირველად გაეცნო როზმარინის მცენარეს. იმ დროისთვის არც ბაზარზე იყო ცნობილი და არც მომხმარებლები ფლობდნენ ინფორმაციას.


– როგორ განვითარდა თქვენი ბიზნესი?


მცირე წარმოებიდან ძალიან სწრაფად მივედი მასიურ წარმოებამდე. მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდებოდა, რაც განაპირობებდა პროდუქციის პოპულარობას.
დღესაც როზმარინის ზეთი და შამპუნი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტებია ჩვენს ასორტიმენტში.


– როგორია პროდუქციის დამზადების პროცესი?


ზეთების დამზადება ხდება ცივი დაწურვის მეთოდით. ვიყენებთ მხოლოდ ნატურალურ მცენარეებს და არ ვამატებთ ხელოვნურ საღებავებს ან სუნამოებს, რათა პროდუქტი უსაფრთხო იყოს ბავშვებისთვისაც.
ხარისხი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია და ამიტომაც ყველა ეტაპს პირადად ვაკონტროლებ.


– გქონდათ თუ არა დასაწყისში გაწერილი ბიზნეს გეგმა?


თავდაპირველად ბიზნეს გეგმა არ მქონდა. არც მეგონა, რომ როზმარინის ზეთი ასეთი პოპულარული გახდებოდა. თუმცა დროთა განმავლობაში, მომხმარებელთა ინტერესის ზრდამ დამარწმუნა, რომ სწორ გზას დავადექი.
დღეს უკვე მყავს დიდი ბაზა კმაყოფილი მომხმარებლების.


– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?


ვგეგმავ გავაფართოო წარმოება და მქონდეს საკუთარი მაღაზია ან სტენდი სავაჭრო ცენტრებში. ამაში მაძლევს ძალას ჩემი 10 წლიანი გამოცდილება და მომხმარებელთა ნდობა.


– როგორ აწარმოებთ გაყიდვებს და კომუნიკაციას მომხმარებლებთან?


ჩემი ძირითადი სამუშაო სივრცე სოციალური მედიაა — ფეისბუქი, ინსტაგრამი და ტიკტოკი.
გვყავს 10,000-დან 15,000-მდე გამომწერი.
ყველაზე დიდი მარკეტინგული ძალა კი მომხმარებლების რეკომენდაციაა — სწორედ ისინი გვაცნობენ ახალ მომხმარებლებს.


– როგორ უმკლავდებით საქმიანობის მრავალფეროვან ამოცანებს?


კომპანიის ყველა პროცესს თავად ვმართავ: შეკვეთების მიღება, პროდუქტის დამზადება, შეფუთვა, სტიკერების დაკვრა, მიწოდება და საკურიერო სერვისთან ურთიერთობა.
ეს ძალიან შრომატევადია, თუმცა მაძლევს თავდაჯერებულობას, რომ ყველაფერი ზუსტად და ხარისხიანად კეთდება.


– რას ურჩევდით დამწყებ მეწარმეებს?


ვურჩევდი არასოდეს დანებდნენ. გზად დაბრკოლებები ბევრია, მაგრამ ყოველთვის უნდა ეძებონ გამოსავალი.
როდესაც მე დავიწყე, საქართველოში თითქმის არავინ საუბრობდა როზმარინის ზეთზე. დღეს კი ბაზარზე უამრავი ახალი ბრენდია და მათ წარმატებას ვუსურვებ.


– რა გახლავთ თქვენი მთავარი მოტივაცია და წარმატების წყარო?


ჩემი მთავარი მოტივაციაა მომხმარებელთა უკუკავშირი და მათი კმაყოფილება. როცა ხედავ შედეგს და გწერენ, როგორ დაეხმარა პროდუქტი, იღებ უდიდეს ენერგიას და მოტივაციას.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოს ვუთავსებ ოჯახურ ცხოვრებას — მყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, ამიტომ ჩემთვის ონლაინ რეჟიმი იდეალურია.


– რა როლი აქვს ოჯახს თქვენს საქმიანობაში?


ჩემი ოჯახი თავიდანვე მედგა გვერდით. დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პროცესების მართვაში. მათი მხარდაჭერის გარეშე ვერ შევძლებდი ამ ეტაპამდე მიღწევას.
ოჯახის სიძლიერე ნამდვილად არის ჩემი ბიზნესის საყრდენი.


– როგორ აღწევთ მომხმარებელთა კმაყოფილებას?


ჩემი ბიზნესის მთავარი კომპონენტებია: ხარისხი, ხელმისაწვდომი ფასი და სტაბილურობა.
კმაყოფილი მომხმარებელი ყოველთვის გვთავაზობს რეკომენდაციას, რაც ყველაზე დიდი წარმატებაა ჩემთვის.