შესავალი

ნათია სოლომონია პროფესიით იურისტია, თუმცა მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც პოლიმერული თიხის სამყარო აღმოაჩინა. დღეს ის ბრენდ „Nათისას“ დამფუძნებელია და ქმნის მრავალფეროვან ნამუშევრებს: დაწყებული დეკორატიული ფინჯნებით, დამთავრებული დახვეწილი სამკაულებით. ნათია პარალელურად ფარმაცევტულ მიმართულებაზეც სწავლობს და მიიჩნევს, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის ძიება მუდმივი პროცესია.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

– ნათია, როგორ გაჩნდა იდეა, რომ იურისტს პოლიმერულ თიხაზე მუშაობა დაგეწყოთ? – ყველაფერი შემთხვევით დაიწყო. ერთხელ თიხის დეკორაციით გაფორმებული ნივთი დამჭირდა საჩუქრად, თუმცა სადღესასწაულო დღეების გამო დროულად ვერ მომაწოდეს. სწორედ მაშინ გამიჩნდა აზრი – რატომ არ უნდა ვცადო და თავად დავეუფლო ამ ხელოვნებას? თავიდან ეს ჩემთვის მხოლოდ ჰობი და განტვირთვის საშუალება იყო.

– როდის მიხვდით, რომ ჰობი შეიძლებოდა ბიზნესად ქცეულიყო? – როდესაც ჩემმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მათზე მოთხოვნა გაიზარდა, მივხვდი, რომ სასიკეთო ცვლილებების დრო იყო. ჰობი ნელ-ნელა გადაიზარდა საქმედ, რომელიც დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

– რას სთავაზობთ მომხმარებელს და რამდენად მრავალფეროვანია თქვენი ასორტიმენტი? – ჩემი პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია: პოლიმერული თიხით ვაფორმებ ფინჯნებსა და ლამბაქებს, ვამზადებ სამკაულებს, სუვენირებსა და თმის სამაგრებს. ვცდილობ, თითოეული ნივთი იყოს ინდივიდუალური და ემოციური.

– რა არის თქვენი მთავარი გამოწვევა ამ ეტაპზე? – ჩემთვის უმთავრესია მომხმარებელს მუდმივად შევთავაზო ხარისხიანი, განსხვავებული და საინტერესო ასორტიმენტი. ამიტომ, არასდროს ვჩერდები და მუდმივად ახალი შესაძლებლობების ძიებაში ვარ. მინდა, რომ „Nათისას“ ნებისმიერი ნივთი მფლობელისთვის განსაკუთრებული იყოს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით