– თქვენი აზრით, კონკრეტულად რა დაგეხმარებოდათ განვითარებაში

პირველ რიგში, იმისათვის რომ ჩემი საქმიანობის შესახებ ბევრმა შეიტყოს, საჭიროა მეტი დროის და რესურსის დახარჯვა ცნობადობის ამაღლებაზე. ცნობადობის ამაღლება ნიშნავს მომატებულ განსხვავებულ შეკვეთებს და შესაბამისად განვითარების შემდგომ საფეხურზე ასვლას. ასევე ვინაიდან ვმუშაობ პორტრეტულ ნამუშევრებზე და ეს ჩემი ყველაზე საყვარელი და საპასუხისმგებლო მიმართულებაა, ხარისხიანი ნამუშევრების შესაქმნელად დაგეგმილი მაქვს შევიძინო ე.წ. Airbrush Gun, შესაღები პულივიზატორიანი მოწყობილობა, რომელიც უზადო შედეგს ითვალისწინებს, ასევე მჭირდება ხესთან მუშაობის გამოცდილების მიღება, რათა დავხვეწო ხელნაკეთი ნივთის შესაფუთი მხარე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თავისი ვიზუალით და კრეატიულობით. განვითარების მთავრი მამოტივირებელი ძალა კი მაინც შექება და კომპლიმენტებია, ეს „გაიძულებს“ აკეთო მეტი და განსხვავებული, ხარისხიანად

 

– სად შეისწავლეთ საქმიანობა?

ჩემი ერთგული მასწავლებელია Youtube, (უფასო რესურსი), რასაც სულ ვუსმენ და ვუყურებ, ყოველდღიურ რეჟიმში და ეს სრულიად საკმარისია საჭირო უნარ-ჩვევების დასაუფლებლად, დანარჩენი უკვე პრაქტიკის საქმეა, რომელსაც არ უნდა მოვერიდოთ


– როგორ მზადდება თქვენი პროდუქტი?

პროდუქტები, რომლებსაც მე ვამზადებ, უამრავი სახეობისაა: პორტრეტული ნამუშევრები, ფინჯნებზე დეკორი, ბრელოკები, სამკაულები და აშ, ისინი მზადდება პოლიმერული თიხისგან. პროდუქტი საბოლოო სახემდე მისასვლელად გადის დამუშვების უამრავ გზას, ფინჯნებზე დეკორის შესაქმნელად თავდაპირველად მოგვყავს თიხა სამუშო მდგომარეობაში, ვარბილებთ გადაზელვით, შემდეგ ვქმნით სასურველ ფერს, გრადაციას სპეციალური გასაბრტყელებელი მანქანის მეშვეობით, ვჭრით ყვავილის ფურცლებს, სპეციალური მოლდით გადაგვაქვს მასზე ბუნებრივი ყვავილის მსგავსი ფაქტურა, შემდეგ ვახდენდთ ფურცლების ტონირებას პასტელის ცარცით და ვაწყობთ ყვავილს. ზოგი ყვავილი რთულია, მის დამზადებას ბევრი დრო სჭირდება და ზოგი უფრო მარტივი. ამის შემდეგ უნდა გამოიწვას 110-დან 130 გრადუსამდე, ნახევარი საათით, საჭიროების შემთხვევაში აკრილით მოიხატოს დეტალები და გაილაკოს, რის შემდეგაც ფინჯანზე ემაგრება ორკომპონენტიანი წებოთი, რაც მას გამძლეს ხდის ცხელი და ცივი სასმელის მოხმარებისაგან და დეკორი ხდება უკვე ფინჯნის განუყოფელი ნაწილი. რაც შეეხება პორტრეტულ ნამუშევრებს, ამ შემთხვევაში ხდება ფოტოს მიხედვით სახის ანატომიის შესწავლა და გარკვეული სქემის შედგენა, შემდეგ ე.წ. კარკასის გაკეთება, თიხის შემოკვრა მასზე და ძერწვის დაუსრულებელი ეტაპის დაწყება. ამ დროს მართლა შეუმჩნევლად გადის დრო, ერთ სახეს შეიძლება მთელი დღე ვძერწავდე, სანამ არ მივუახლოვებ რეალურს. გამოძერწილი და გამომწვარი პროდუქტი უკვე ისეთი მყარია, მას აღარ სჭირდება სათუთი მოპყრობა.


– გქონდათ ბიზნეს გეგმა, როცა იწყებდით?

არანაირი გეგმა არ მქონია, ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა, თუმცა სრულიად განსხვავებული პროფესია ავირჩიე, რის გამოც სულ უკმარისობის და სინანულის გრძნობა მქონდა, რომ ხელოვნების არცერთ დარგთან არ მქონდა შეხება. როდესაც პოლიმერული თიხის შესახებ შევიტყვე და ძერწვა ვცადე, მივხვდი, რომ მე ვიპოვე ჩემი საქმე და ვეღარ დავანებებდი თავს.

– გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები

ძალიან დიდი სურვილი მაქვს გამოვძერწო ყველა ცნობილი, ისტორიული სახე და შევქმნა სახასიათო სიუჟეტები, პირველად ქართველებით, ხოლო შემდეგ გადავიდე საზღვარგარეთის ლიტერატურულ გმირებზე. ასევე მაქვს კიდევ ერთი ჩანაფიქრი, საბავშვო მიმართულებით, რომელსაც ამ ეტაპზე არ გავაჟღერებ

დამატებითი დეტალისთვის გაეცანით ფბ გვერდს