“ფენქეიქერი” – ფერადი დესერტები საყვარელი ფურგონიდან
– რატომ გადაწყვიტეთ კონკრეტულად ვაფლები და ფენქეიქები ყოფილიყო მენიუში?
მოგზაურობა ძალიან გვიყვარს, მოგზაურობის პერიოდში ვაკვირდებით როგორი განვითარებულია fast food ინდუსტრია სხვა ქვეყნებში. ყველაზე მეტად კი ის მოგვწონს, რომ სკვერებში, ბაღებში,ცენტრალურ უბნებში უყენიათ თრეილერები, ფუდ თრაქები და ასე ახდენენ თავიანთი პროდუქტის რეალიზაციას. ურბანული და თანამედროვე სტილიც ხომ ასე ყალიბდება ქვეყნებში. დესერტების იდეებიც სწორად ასე წამოვიდა და თან ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ჩვენი ფურგონით ხელი შევუწყოთ ზუსტად ამ ფურგონებით სწრაფი კვების განვითარებას საქართველოში. გვინდოდა მეტწილად ისეთი დესერტები შეგვეთავაზებინა ხალხისთვის, რომელიც მეტნაკლებად მათთვის ნაცნობი იქნებოდა და ასევე თვალისათვისაც მიმზიდველი, საინტერესო და შესამჩნევი. ფენქეიქები ასე თუ ისე ყველა ჩვენგანს გაუსინჯავს, იმის მიუხედავად, რომ განსხვავებული რეცეპტით ვამზადებთ მათ. ჩვენი ბესთ სელერი ბაბლ ვაფლებია, ბაბლ ვაფლი არაა ჯერ საქართველოში იმდენად პოპულარული, რამდენადაც მაგალითად ბელგიური ვაფლი, თუმცა გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჰონ-კონგის აზიური ვაფლი უკვე ძალიან ბევრ ადამიანს შევაყვარეთ, რაც ძალიან გვახარებს. აქვე დავამატებთ, რომ გეგმაში გვაქვს მენიუს გამრავალფეროვნება განსხვავებული და საინტერესო დესერტებით. ასევე გვსურს სერიოზულად მივხედოთ ვეგანურ მიმართულებასაც, რადგან ვეგანური დესერტების ,,ფუფუნება’’ ჩვენთან არაა.
– მოგვიყევით, პირველ ნაბიჯებზე
პირველი ნაბიჯები საკმაოდ რთული აღმოჩნდა ფენქეიქერისთვის, ფაქტობრივად ყოველ ჯერზე ახალ და ახალ პრობლემას ვეჯახებოდით, თუმცა იმდენად დიდი ენთუზიაზმი და მოტივაცია გვქონდა ადვილად დავძლიეთ. ყველაზე დიდ პრობლემას, მაინც ტერიტორია წარმოადგენდა. შეთანხმებისამებრ, სადაც უნდა დაგვეყენებინა ფურგონი, იქ უარი გვითხრეს. ზოგან სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, ზოგან უბრალოდ შანსი არ მოგვცეს, ფაქტობრივად ყველაფერი მზად გვქონდა და ადგილის ძიებაში დავკარგეთ დიდი დრო. თუმცა, მალევე ვიპოვნეთ ალტერნატივა და უკვე 3 აგვისტოს ოფიციალურად ვავიხსნით ისთ ფოინთში. ძალიან დიდი მადლობა გვინდა ისთ ფოინთის ადმინისტრაციას გადავუხადოთ, რადგან სწორედ ისინი დაგვეხმარნენ საქმიანობის დაწყებაში და მომხმარებელთან დაახლოებაში და მათ გაცნობაში.
– რა გამოწვევებთან გიწევთ გამკლავება?
უპირველესყოვლისა ჩვენთვის როგორც მცირე ბიზნესისთვის პანდემია და მისგან გამოწვეული შეზღუდვები რჩება მთავარ გამოწვევად, რადგან რეგულაციების გამო ფესტივალები და ღია ღონისძიებები ისეთი სიხშირით ვეღარ ტარდება, ამას გარდა კვების ობიექტს სჭირდება ხალხის ნაკადის მუდმივი მოძრაობა , იმ დროს კი, როცა არ ვიცით ტრანსპორტის მოძრაობას როდის შეაჩერებენ ან კიდევ თუ შეაჩერებენ ფაქტობრივად ესეც დიდ გამოწვევას წარმოადგენს.
– რა საშუალებებს იყენებთ ახალ მომხმარებლებამდე მისასვლელად?
ახალ მომხმარებლამდე მისასვლელად ვიყენებთ სხვადასხვა ფესტივალებს და ღონისძიებებს, რადგან უფრო მარტივია მათთვის უშუალოდ გაეცნონ და დააგემოვნონ ჩვენი მენიუ. ყველაზე დიდი ფესტივალი, რომელშიც ვმონაწილეობდით იყო საახალწლო ქარავანი, food ზონაში 22 დღის განმავლობაში ვმასპინძლობდით მომხმარებელს, უკარგესი გამოხმაურება და შეფასებები მივიღეთ ჩვენი სტუმრებისგან, ბევრს დავუმეგობრდით, რადგან ყოველდღიურად გვსტუმრობდნენ. ქარავანს ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ხალხის დასაინტერესებლად აქტიურად ვიყენებდით ასევე სოციალურ ქსელებსაც.
– გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ამ ეტაპზე ვგეგმავთ ჩვენი ფურგონით დაბრუნებას. გვინდა ასევე აქტიურად გავარგრძელოთ food ფესტივალებში, ასევე მუსიკალურ ფესტივალებში მონაწილეობა, სიამოვნებით ვუმასპინძლებდით პატარა private ღონისძიებებსაც. მაგალითისთვის: ერთი-ერთი კერძო სკოლის საახალწლო ღონისძიებაზე ვმონაწილეობდით ჩვენი ფურგონით და პატარებს დღე ძალიან გავულამაზეთ, ძალიან მოწონთ ბავშვებსაც ჩვენი ფერადი დესერტები. გეგმები დიდია, ისევე როგორც მონდომება და მოტივაცია. ერთი ის ვიცით, რომ ფენქეიქერი კიდევ ბევრს უმასპინძლებს თავისთან.