სოციალური საწარმო “დადარი” ქმნის უმაღლესი ხარისხის ხის სათამაშოებს. ჩვენ გავესაუბრეთ მათ და გთავაზობთ ინტერვიუს

– რამ განაპირობა კონკრეტულად ხის სათამაშოების მიმართლებით საქმიანობა?

ძირითადი მიზეზი რამაც იმოქმედა ჩვენს გადაწყვეტილებაზე იყო ხარისხიანი და უსაფრთხო სათამაშების სიმცირე ქართულ ბაზარზე.
ჩატარებული კვლევებით 10-დან 8 სათამაშო ვერ აკმაყოფილებდა  უსაფრთხოების  სტანდარტებს.

პრობლემის საპასუხოდ ჩვენ საქართველოში შევქმენით მაღლი ხარისხის  პროდუქტი და დღეს ჩვენს მიერ დამზადებილი სათამაშოებით ბავშვები უსაფრთხოდ თამაშობენ  როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 

– როგორ მზადდება სათამაშოები?

სათამაშოების დამზადების პროცესი ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა, სრულყოფილი ნამუშევრის მისაღებად სათამაშო 10 მდე სხვადასხვა პროცედურას გადის.
პირველ რიგში იქმნება ესკიზი რის მიხედვითაც ვამზადებთ პირველ პროტოტიპს,  მიღებული პროტოტიპი გადის სხვადასხვა ტესტირებას რომ დადგინდეს მისი მოხმარების პროცესი რამდენად უსაფრთხო და საინტერესოა პატარებისთვის. წარმატებული პროტოტიპის მიღების შემთხვევაში ვიწყებთ მის რაოდენობრივ წარმოებაზე ზრუნვას.

 

– როგორია საზოგადოების შეფასება?

საზოგადოების დადებითი შეფასება გახდა ერთერთი მთავარი მიზეზი ჩვენი სოციალური საწარმოს განვითარების. ძალიან გვახარებს ის ფაქტი რომ ვახერხებთ და ვაწარმოებთ ისეთ პროდუქტს რომელიც აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. მუდმივად ვითვალისწინებთ მშობლების სურვილებს მათი შვილებისთვის სასურველი სათამაშოების წარმოების პროცესში,  შესაბამისად მათი დადებითი შეფასება და დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

 

– თქვენი აზრით, კონკრეტულად რა დაგეხმარებოდათ განვითარებაში?

სახელმწიფოს მხრიდან სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა და წახალისება იქნება ამ დარგის და მასში ჩართული ორგანიზაციების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი დახმარება.

 

– რა საშუალებებს იყენებთ ახალი მომხმარებლებამდე მისასვლელად?

გვაქვს აქტიური გვერდი სოციალურ ქსელში, სადაც ვცდილობთ ყოვედღიურად მივაწოდოთ სიახლეების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას.  მუდმივად ვმონაწილეობთ სხვადასხვა გამოფენა გაყიდვებში სადაც გვაქვს შესაძლებლობა პირადად შევთავაზოთ პროდუქცია და გავაცნოთ საწარმოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს. დამზადების პროცესსშია და უახლოეს მომავალში ჩაეშვება ჩვენი პირადი ვებ გვერდი და ონლაინ მარკეტი.
ვართ ხშირი სტუმრები სხვადასხვა ტელევიზიების და გადაცემების რათა უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა და გავაცნოთ ჩვენი საქმიანობა.

 

– როგორია „დადარის“ მომავალი?

ძალიან ბედნიერები ვართ რომ 4 წლიანი დაუღალავი მუშაობის და საყვარელი საქმის კეთების შედეგად, დღეს ყველანაირი წინაპირობა გვაქვს იმისთვის რომ ჩვენი საწარმო გახდეს უფრო წარმატებული და ჩვენი პროდუქტის რეალიზაცია მეტად მაშტაბური სახით მოხდეს როგორც საქართველოს ასევე ევროპის ბაზარზე. ჩვენი 2022 წლის გეგმებით მოლოდინი გვაქვს რომ წლის ბოლომდე საწარმოს ზრდა და განვითარება მინიმუმ 3 ჯერ გაიზრდება, შესაბამისად ეს მოგვცემს შესაძლებლობას გადავამზადოთ და დავასაქმოთ უფრო მეტი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანი და 3 ჯერ მეტი წარმადობით ვაწარმოოთ ქართული – მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომლითაც პატარები ითამაშებენ როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.