თუ გსურთ უდაბნოს ვარდები გაახაროთ თქვენთან სახლში თუ ოფისში მაშინ ადენიუმი საქართველო   დაგეხმარებათ აარჩიოთ, მოუაროთ და გაახაროთ ისინი.

– რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულებით მუშაობა?

მცენარეებისადმი ინტერესი დედისგან მერგო, გატაცებული ვიყავი ოთახის მცენარეების მოვლით და გამრავლებით.  პირველად ჩემთვის დავთესე და გავზარდე ათამდე ადენიუმის – უდაბნოს ვარდის ნერგი.

შემდეგ შემთხვევით მოვხვდი ფეისბუქ ჯგუფში, სადაც ერთმანეთს ვუზიარებდით საკუთარი მცენარეების ფოტოებს და გამოცდილებას. ჯგუფის წევრების მხრიდან წამოვიდა ძალიან დიდი მოწონება და მოთხოვნა ამ მცენარეზე, რადგან საქართველოში ძალიან იშვიათი და უცხო იყო. გადავწყვიტე ჰობი ბიზნესად მექცია. ჩემი პროფესია ბიზნესის მართვაა და არ გამჭირვებია დაგეგმვა და განხორციელება.

– რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?

ამჟამად ვთავაზობთ მომხმარებელს ადენიუმის პატარა ნერგებს და თესლს, რათა თავადაც გამოსცადონ მცენარის დათესვით და ამოსვლით გამოწვეული სიხარული.

– როგორი იყო პირველი მომხმარებლების გამოხმაურება?

ძალიან უკვირდათ და მოსწონდათ ადენიუმის განსხვავებული ფორმა და ფესვები, ულამაზესი, მრავალფეროვანი ყვავილები. შეიძლება ითქვას , რომ პირველები ვიყავით, ვინც მასობრივად გააცნო ქართველ მომხმარებლებს ეს განსაკუთრებული მცენარე.

– ძირითადად ვინ არის დაინტერესებული თქვენი პროდუქტებით?

ძირითადად დაინტერესებულნი არიან ქალბატონები, თუმცა შეიმჩნევა მზარდი ტენდენცია მამრობითი სქესის მომხმარებელთა მხრიდანაც. ამ მომენტისთვის ჩვენი ფეისბუქ მიმდევრების რიცხვი 33 ათასზე მეტია.

– რა შემაფერხებელი გარემოებები გქონდათ?

თავიდან რთული იყო ნერგებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, სადაც გაიზრდებოდნენ და მიიღებდნენ მომხმარებლამდე მისასვლელ ფორმას. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მეუღლეს. ჩვენ ერთად შევქმენით ეს სივრცე და ამასთანავე იგი აქტიურ მონაწილეობას იღებს სხვა ბიზნეს პროცესებშიც.

დღემდე შემაფერხებელ გარემოებად რჩება ქალაქგარეთ ნერგების მიწოდება, რადგან არსებული საკურიერო სამსახურები ვერ უზრუნველყოფენ ნერგების უსაფრთხო მიწოდებას.

– სად ან როგორ გიკავშირდებათ მომხმარებელი?

მომხმარებელი  ნერგების ან თესლის შესაძენად გვწერს ფეისბუქ გვერდზე – ადენიუმი საქართველო • www.Adenium.ge

მიწოდება ხდება საკურიერო და საფოსტო სამსახურის დახმარებით.

– როგორია სამომავლო გეგმები?

დიდი სურვილი მაქვს გავაკეთოთ უფრო დიდი სათბური, სადაც შევძლებთ არა მარტო პატარა ნერგების გაზრდას, არამედ დიდ ადენიუმებსაც გავზრდით. ამით ავითვისებთ მომხმარებელთა იმ სეგმენტსაც, რომელსაც არ უყვარს ლოდინი და ურჩევნია უკვე დიდი მცენარე შეიძინოს.