მინიატურული სამყარო პოლიმერული თიხისგან — ელენე კუპატაძე და „Elenis Handmade“
ხელნაკეთი ნივთების სამყაროში მინიატურული დეტალების შექმნა განსაკუთრებულ მოთმინებასა და სიზუსტეს მოითხოვს. ელენე კუპატაძე სწორედ ის ხელოვანია, რომელიც პოლიმერული თიხისგან პატარა, ჯადოსნურ დეკორაციებს ქმნის. ბრენდი „Elenis Handmade“ მას შემდეგ დაიბადა, რაც ელენემ საყვარელი საქმიანობა პროფესიულ დონეზე შეისწავლა. დღეს ის უკვე ოფიციალურად რეგისტრირებული მცირე მეწარმეა და გეგმავს, საკუთარი შემოქმედება არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარსაც გააცნოს.
🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪
გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ
➕ წარმოებულია საქართველოში
– ელენე, მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ, კონკრეტულად რას სთავაზობს „Elenis Handmade“ მომხმარებელს? – ჩემი საქმიანობა პოლიმერული თიხისგან მინიატურული დეკორაციების შექმნას უკავშირდება. ეს არის სრულიად ხელნაკეთი ნივთები, სადაც თითოეული დეტალი დიდი ყურადღებით მუშავდება. ჩემი მიზანია, შევქმნა ისეთი დეკორაციები, რომლებიც ნებისმიერ ნივთს ორიგინალურობასა და განსაკუთრებულ შარმს შესძენს.
– რამდენად რთულია შექმნის პროცესი და რა ეტაპებს გადის ნაკეთობა საბოლოო სახის მიღებამდე? – პროდუქტი 100%-ით ხელით მზადდება. თავდაპირველად ხდება მინიატურული ფორმების გამოძერწვა პოლიმერული თიხისგან. მას შემდეგ, რაც ნაკეთობა სასურველ ფორმას მიიღებს, ის სპეციალურ ღუმელში იწვება, რათა გამაგრდეს. გამოწვის შემდეგ ხდება მისი შეფერვა და ბოლოს, უკვე მზა დეკორაცია მაგრდება შერჩეულ ნივთზე. ეს პროცესი სიფრთხილესა და დიდ შრომას მოითხოვს.

– გქონდათ თუ არა შესაბამისი განათლება ამ სფეროში, სანამ ბრენდს შექმნიდით? – სანამ უშუალოდ მუშაობას დავიწყებდი, გავიარე პოლიმერულ თიხასთან მუშაობის სპეციალური ორთვიანი კურსი. სწორედ იქ შევისწავლე ის ტექნიკები, რომლებიც დღეს ჩემი ნაკეთობების ხარისხსა და გამძლეობას განაპირობებს.

– როდესაც იწყებდით, თუ გქონდათ გაწერილი ბიზნეს გეგმა და როგორია თქვენი ხედვა მომავალზე? – სიმართლე გითხრათ, ბიზნეს გეგმა დაწყებისას არ მქონია, ყველაფერი ენთუზიაზმითა და შემოქმედებითი ინტერესით დაიწყო. თუმცა, დღეს უკვე დავრეგისტრირდი როგორც მცირე მეწარმე. ჩემი სამომავლო გეგმები საკმაოდ ამბიციურია — ვცდილობ, ჩემი პროდუქცია უფრო ფართო აუდიტორიას გავაცნო და გავიდე როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ სამომხმარებლო ბაზარზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით


