პოლიმერული თიხით გაცოცხლებული ყვავილები – გაიცანით ბრენდი „ნად იები“
ნადია (ნანა) ბერიძე პროფესიით ეკონომისტია, თუმცა ბუნებასა და ყვავილებზე უზომოდ შეყვარებული. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მიმართულებით უმუშავია, უკვე მეოთხე წელია, რაც პოლიმერული თიხის სამყაროში აღმოაჩინა საკუთარი თავი. მისი ბრენდი „ნად იები“ აერთიანებს ხელოვნებას, თერაპიასა და ულამაზეს ყვავილოვან დეტალებს, რომლებიც უბრალო ნივთებს სიცოცხლეს სძენს.
🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪
გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ
➕ წარმოებულია საქართველოში– ნადია, პროფესიით ეკონომისტი ხართ. როგორ გაჩნდა ინტერესი პოლიმერული თიხის მიმართ და როგორ იქცა ეს თქვენს ძირითად საქმიანობად? – ინტერნეტში შემთხვევით აღმოვაჩინე ონლაინ მასტერკლასი და გადავწყვიტე შემესწავლა. პოლიმერული თიხა ყველა ასაკის ადამიანისთვის ერთგვარი არტ-თერაპიაა, რომელიც გამშვიდებს, ხელის მოტორიკასა და ყურადღებას ანვითარებს. თიხასთან ურთიერთობამ ბედნიერება და სულიერი სიმშვიდე მომანიჭა. სიმართლე გითხრათ, არც ერთ სამსახურში შემოსავლის გამო არ მიმუშავია, ყოველთვის მომწონდა რასაც ვაკეთებდი. თუმცა თიხა ის მასალა აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარი თავი მაპოვნინა და უსაზღვრო ფანტაზიისთვის გზა გამიხსნა.

– რას სთავაზობთ მომხმარებელს და რამდენად რთულია შექმნის პროცესი? – მომხმარებელს ვთავაზობ პოლიმერული თიხით გაფორმებულ ჭურჭელს, სამკაულებს, თმის სამაგრებსა და ბრელოკებს. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა – თითოეული დეტალი, ყვავილის ფურცელი იქმნება ხელით და პროცესში მთელ გულს ვდებ. მაგრამ, როცა გიყვარს და გსიამოვნებს კეთება, მნიშვნელობა აღარ აქვს კომპოზიციას 2 საათს უთმობ თუ 2 დღეს.

– რა გაძლევთ მოტივაციას და რას ურჩევდით დამწყებ მეწარმეებს? – კმაყოფილი მომხმარებლები და მათი ანთებული თვალები გაიძულებს, იყო მუდმივად მოტივირებული. დამწყებებს კი ვურჩევდი: მთავარია განვითარების გეგმა სწორად შეიმუშაოთ და შეცდომების არ შეგეშინდეთ. შრომისმოყვარეობა, საქმისადმი სიყვარული და ერთგულება აუცილებლად მოგაპოვებინებთ ადამიანთა სიყვარულსაც და წარმატებასაც.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით


