შესავალი

ინგა ხალვაში, სამი შვილის დედა, ბედნიერებას ოჯახურ სიყვარულში პოულობს, ამ ემოციას კი თავის ხელნაკეთ ნივთებში აქსოვს. ყველაფერი მესამე შვილის დაბადების შემდეგ დაიწყო – სახლში ყოფნის პერიოდში გაჩენილი იდეა მალევე იქცა ბრენდად, რომლის ნაქარგი ბაფთები, ბროშები და საყელოები დღეს უკვე ბელგიაში, ავსტრიასა და საბერძნეთში მოგზაურობს. „ings_handmade“ არ არის უბრალოდ აქსესუარები, ეს არის გულით ნაკეთები საქმე, სადაც შვილის მიერ შექმნილი გრაფიკული დიზაინი და დედის ნაქარგი ერთიანდება.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

– ინგა, როგორ გაჩნდა „ings_handmade“ და რა როლი ითამაშა თქვენმა ოჯახმა ბრენდის შექმნაში? – იდეა მესამე შვილის დაბადების შემდეგ გაჩნდა. მინდოდა, ის დრო და ენერგია, რაც სახლში მქონდა, საყვარელი საქმისთვის დამეთმო. ბავშვობაში დედისგან ნასწავლი ჭრა-კერვა ერთადერთი გამოცდილება იყო, რაც მქონდა. გვერდის შექმნასა და დიზაინში ჩემი უფროსი შვილი დამეხმარა, რომელიც გრაფიკული დიზაინერია. ასე გახდა ეს პროექტი კიდევ უფრო ოჯახური და თბილი.

– რას სთავაზობთ მომხმარებელს და რით გამოირჩევა თქვენი ნამუშევრები კონკურენტებისგან? – ვქმნით ხელით ნაქარგ აქსესუარებს: ბროშებს, ბაფთებსა და საყელოებს. თითოეული ნამუშევარი უნიკალურია, რადგან მხოლოდ ჩემი შექმნილი იდეებით იხატება და შემდეგ იქარგება. ყოველი ნივთი ინდივიდუალურია და მომხმარებლის სურვილის მიხედვითაც მზადდება. ვფიქრობ, ჩემს ნამუშევრებს ის „გულის ნაწილი“ გამოარჩევს, რომელსაც მათში ვდებ.

– რამდენად შრომატევადია ეს საქმიანობა და როგორ უმკლავდებით გამოწვევებს? – საკმაოდ შრომატევადია, არის დღეები, როცა დღე და ღამე ერთიანდება. ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ბრენდის ცნობადობის გაზრდაა – პატარა ხელნაკეთ ბრენდს უჭირს თავის დამკვიდრება დიდ ბაზარზე. ყველაზე მეტად კი მაშინ მწყდება გული, როცა ხელნაკეთ შრომას სათანადოდ არ აფასებენ. თუმცა, ხალხის დადებითი შეფასებები და ის ფაქტი, რომ ჩემი ნივთები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში იგზავნება, უდიდეს სტიმულს მაძლევს.

– რა არის ის მთავარი გაკვეთილი, რაც ამ საქმემ გასწავლათ და რას ურჩევდით სხვა დამწყებ მეწარმეებს? – ამ საქმემ მასწავლა მოთმინება. დამწყებებსაც სწორედ ამას ვურჩევდი: გქონდეთ მოთმინება, აკეთეთ საქმე სიყვარულით და თუ დაიწყეთ, ბოლომდე იბრძოლეთ თქვენი მიზნებისთვის. მინდა, რომ ჩემს განვლილ გზაზე მეტი აქტიურობა გამომეჩინა, ამიტომ სხვებსაც ვურჩევ, არასდროს დანებდნენ.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? – წინ ბევრი ახალი, უნიკალური კოლექცია და სურპრიზი გველოდება. მინდა, კიდევ უფრო მეტი ლამაზი იდეა ვაქციო რეალობად და ჩემმა ნაქარგმა სილამაზეებმა კიდევ ბევრი ადამიანის გულამდე მიაღწიოს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით