ყვავილები, რომლებიც არასდროს ჭკნება – როგორ აქცია 24 წლის ქრისტინემ ბისერები ბიზნესად
შესავალი
ქრისტინე ნეფარიძე 24 წლის ანტრეპრენერია, რომელმაც საკუთარი გატაცება ხელნაკეთი ნივთების მიმართ პატარა ბიზნესად — „Tine Handmade“-ად აქცია. ბრენდი მომხმარებელს ბისერებისგან დამზადებულ ულამაზეს თაიგულებს სთავაზობს. ქრისტინეს ყვავილები იდეალურია მათთვის, ვისაც გამორჩეული საჩუქრის გაკეთება სურს ან ალერგიის გამო ბუნებრივ მცენარეებთან კონტაქტს ერიდება. რაც მთავარია, ეს ყვავილები მფლობელს მუდამ თან ჰყვება და არასდროს ჭკნება.
🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪
გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ
➕ წარმოებულია საქართველოში– ქრისტინე, როგორ გაჩნდა ხელნაკეთი ყვავილების შექმნის იდეა? – ყოველთვის ძალიან მიყვარდა ხელნაკეთი ნივთები და დიდხანს ვფიქრობდი ისეთი ბიზნესის დაწყებაზე, სადაც საკუთარ შემოქმედებას წარმოვაჩენდი. ყვავილები ყველას უყვარს, ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა ისეთი თაიგულები, რომლებიც იქნებოდა განსხვავებული, უცხო და დახვეწილი. მსურდა მეპოვა საქმე, რომელსაც დიდი ენთუზიაზმითა და სიყვარულით გავაკეთებდი.


– რა სირთულეებს წააწყდით დასაწყისში და რა იყო თქვენი მთავარი გამოწვევა? – მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი შიში იყო — მეშინოდა, რომ არ გამომივიდოდა, მომხმარებელს ვერ დავაკმაყოფილებდი ან კრიტიკას ვერ გავუძლებდი. ასევე მნიშვნელოვანი იყო ბიუჯეტის საკითხიც. თუმცა, საბედნიეროდ, ამ ფაქტორებს ხელი არ შეუშლია ჩემი მიზნის განხორციელებაში. მივხვდი, რომ წინ სვლა ყოველთვის სწორი გამოსავალია.
– რამდენად შრომატევადია ბისერებით თაიგულების აწყობა? – საკმაოდ შრომატევადი საქმეა. საჭიროა ხარისხიანი მასალის მოძიება, მუდმივად ახალი დიზაინის შექმნა და სოციალური ქსელების მართვა. ეს ყველაფერი დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა შედეგი ნამდვილად ღირს — ამ საქმეს დიდი სიამოვნებით ვაკეთებ.
– რა პროდუქციას სთავაზობთ ამ ეტაპზე „Tine Handmade“-ის მომხმარებელს? – ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ სივრცეში ვმუშაობთ. ჩვენი ნახვა შესაძლებელია Instagram, Facebook და TikTok პლატფორმებზე. ძირითადი პროდუქტი თაიგულებია, რომლებიც დამკვეთის გემოვნებით იქმნება. ასევე დაგვემატა აქსესუარები და ბრელოკები, მალე კი მომხმარებელი საქორწილო თაიგულებსაც იხილავს.


– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? – ვგეგმავ დიდ მასშტაბებზე გასვლას და კორპორატიული გაყიდვების დაწყებას. ასევე მინდა საკუთარი მაღაზიის გახსნა, სადაც მომხმარებლები ადგილზე შეძლებენ ყვავილების შეძენას. მაქვს კიდევ ერთი იდეა, რომელსაც ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ.
– რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა იწყებს საკუთარ საქმეს? – პირველ რიგში — ნუ შეგეშინდებათ სირთულეების! მარტივად არაფერი ხდება, ყველაფერს შრომა და ნებისყოფა სჭირდება. მთავარია გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ, სხვაგვარად არაფერი გამოვა. მთელი ენერგია თქვენს მიზანს დაუთმეთ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით


