“Web 3.0” ან მისი უფრო გავრცელებული ვარიანტი Web3, წარმოადგენს მსოფლიო აბლაბუდა (WWW – World Wide Web) ახალ ვერსიას. თუ ტერმინ “Web3”-ს დავგუგლავთ, უამრავი ტექნიკური ხასიათის და რთული ტერმინოლოგიის ინფორმაცია შეგვხვდება, რაც შეიძლება რთული გასაგები იყოს. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში შევეცდებით მომავლის ინტერნეტის ცნების მარტივად ახსნას. იმისათვის რომ ახლადგამოჩეკილი კონცეპტის მნიშვნელობა გავიაზროთ, საჭიროა ჯერ გავიგოთ რას წარმოადგენს Web1 და Web2.

 

Web 1.0-ის ფაზა: წაიკითხე მხოლოდ (1990-2004)

1989 წელს, ჟენევაში, ცერნში, რომელიც წარმოადგენს ბირ­თ­ვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პული ცენ­ტ­რს, ტიმ ბერნერს-ლი მუშაობდა პროტოკოლზე, რომელიც შემდეგ ინტერნეტის სახელით გახდა ცნობილი. მისი იდეა იყო შეექმნა ღია, დეცენტრალიზირებული პროტოკოლი რომლის წყალობითაც ინფორმაციის გაზიარება დედამიწის ნებისმიერ წერტილში იქნებოდა შესაძლებელი.

პირველი ხელმისაწვდომი ვებსაიტები სტატიკური ხასიათის საიტები იყო, რომლებსაც კომპანიები ფლობდნენ და მომხმარებელთან მათი ინტერაქცია თითქმის ნულს უტოლდებოდა. საიტზე შემსვლელთათვის ხელმისაწვდომი იყო ინფორმაცია, მაგრამ მხოლოდ კითხვის რეჟიმში.

 

Web 2.0-ის ფაზა: წაიკითხე-დაწერე (2004-დღემდე)

Web2-ის პერიოდი დაიწყო 2004 წელს, სოციალური მედიის ფართო გავრცელების შემდეგ. მაშინ როდესაც Web1-ის მთავარი მიზანი მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება იყო, Web2-ის მთავარი ფოკუსი მომხმარებლებთან ინტერაქცია გახდა. მომხმარებლებმა თავიანთი ინფორმაცია საჯარო გახადეს სერვისის მიმწოდებლებისათვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოციალური მედია, ელექტროუნლი მარკეტინგი, გადახდის პროვაიდერები და ა.შ.

ინტერნეტში ძრომიალი უფრო პერსონალიზირებული გახდა, რადგან ერთი და იგივე კომპანია, ორი სხვადასხვა მომხმარებლისაგან განსხვავებულ მონაცემებს იღებს და მათთვის პრიორიტეტულ ინფორმაციას უჩვენებს.

 

Web 3.0-ის ფაზა: წაიკითხე-დაწერე-იქონიე

Web3-ის ჰიპოთეზა პირველად წამოაყენა ეთერიუმის თანადამფუძნებელმა გეივინ ვუდმა ეთერიუმის დაარსებიდან მალევე, 2014 წელს. მისი სიტყვებით, ახალი კონცეპტი მოაგვარებდა კრიპტო ინვესტორებს შორის ყველაზე გავრცელებულ პრობლემას: ინტერნეტისადმი ნდობას.

მალევე Web3 გახდა ახალი ტერმინი უკეთესი ინტერნეტისა, რომლის მთავარ ბირთვს ბლოქჩეინის ტექნოლოგია, კრიპტოვალუტები და NFT-ები (არა-ჩანაცვლებადი ტოკენი) წარმოადგენს. ახალი ინტერნეტის მთავარი აზრი არის იმაში, რომ საკუთრების უფლება გააჩნიათ მომხმარებლებს და არა ცალკეულ კორპორაციებსა თუ კომპანიებს.

 

რატომ არის Web3 მნიშვნელოვანი?

  • საკუთრების უფლება. Web3 მომხმარებლებს აძლევს საკუთრების აქამდე უპრეცედენტო უფლებას. მაგალითად, თუ თამაშის დეველოპერებმა შენი ექაუნთის წაშლა გადაწყვიტეს, სადაც თამაშშიდა ნივთები გაქვს ნაყიდი, მაშინ დაკარგავ ყველაფერს. Web3-ის თამაშის მფლობელებს კი საკუთრების უფლებას დეველოპერიც კი ვერ ჩამოართმევს, რადგან მათი პირდაპირი მფლობელები არიან.
  • პორტაბელურობა. განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ფულს კონტენტის შექმნით შოულობენ. Web3-ის ტქნოლოგია საშუალებას იძლევა მომხმარებლების პლატფორმის დატოვების შემთხვევაში რეპუტაციის მათთვის სასურველ პლატფორმაზე ინტეგრაციას, რათა ყველაფრის თავიდან დაწყება არ მოუწიოთ.
  • იდენტობა. სხვადასხვა პლატფორმების გაერთიანების საშუალებას იძლევა ერთი ელემენტით. მაგალითად, ბლოქჩეინის ერთი მისამართით შესაძლებელია სხვადასხვა პლატფორმებზე შესვლა და ამისათვის არ არის აუცილებელი ექაუნთის შექმნა სადაც განთავსებული იქნება შენი მთელი ინფორმაცია.
  • DAO (დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია). ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც არ ჰყავს ცენტრალური ლიდერი და სადაც გადაწყვეტილებები მთლიანად ხდება ხალხის მიერ. უფრო ლაკონურად თუ ვიტყვით, DAO არის ინტერნეტში ჩამოყალიბებული ინსტიტუცია, რომელსაც განკარგავენ მისი წევრები. ბიზნესის ასეთი მოდელი რადიკალურად შეცვლის მისი მართვის სქემას, თუმცა ჯერ კიდევ საკითხავია უკეთესობისაკენ თუ უარესობისკენ.
  • გადახდის მეთოდები. Web2-ის გადახდის ან ფულის გადარიცხვის მეთოდები საჭიროებს მესამე პირის მოწმობას, რომელთა როლშიც არიან ბანკები ან სხვა მსგავსი ინსტანციები. Web3-ის მომხმარებლებს პირდაპირი გადარიცხვის მეთოდით შეუძლიათ თანხა საჭირო პირს თუ ორგანიზაციას გადაურიცხონ იმ შემთხვევაშიც კი თუ საზღვარგარეთ იმყოფებიან.

Web3-ის მომავალი

მიუხედავად იმისა რომ Web3-ის აპლიკაციები უკვე გამოიყენება, მაინც არის იმის ეჭვი, რომ ახალი, უკეთესი ინტერნეტის იდეა სპეკულაციას წარმოადგენს. SpaceX-ის დამფუძნებელი და Tesla, Inc.-ის თანადამფუძნებელი ელონ მასკი და სოციალურ ქსელ ტვიტერის დამფუძნებელი ჯეკ დორსი Web3-ს უბრალოდ მარკეტინგულ ტერმინად მიიჩნევენ. არსებობს ასევე შეკითხვები იმასთან დაკავშირებით ჭეშმარიტად დეცენტრალიზირებული იქნება მომავლის ინტერნეტი თუ არა და კონტროლის სადავეების მოშვებით რამდენად უსაფრთხო გარემო შეიქმნება.

საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ რომ Web2-დან Web3-ის ფაზაში გადასვლის პროცესი უკვე საწყისს სტადიაზეა და მიუხედავად არსებული პრობლემებისა, გამორიცხული არაა რომ Web3-ის საბოლოო, მსოფლიო მასშტაბით ინტეგრაცია მალე ვიხილოთ.

 

ავტორი: Tornike Kvirkvashvili