– რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულებით მუშაობა?
პანდემიის დროს, როგორც ბევრმა ადამიანმა ალბათ, ასევე მეც აღმოვაჩინე ახალი გასართობი (ჰობი) ჩემს თავში. თავიდან ჩემმა შვილმა, სესილიმ მოინდომა თიხაზე ძერწვა, შემდეგ უკვე მეც გამიჩნდა სურვილი და მოვსინჯე თიხაზე მუშაობა. სულ მოკლე დროში ცდამაც გაამართლა და გასართობი პატარა ბიზნესად გადაგვექცა. სოციალურ ქსელში შევქმენით ჩვენი გვერდიც, რომელსაც ჩემი შვილის, სესილის სახელი დავარქვით – სესილი Handmade. ისიც ამზადებს ნამუშევრებს და პირველი მასტერკლასიც ჰქონდა სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში, სადაც 7 წლის სესილიმ ბევრი ბავშვი გაახარა.

– რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?
ყოველთვის ვცდილობთ, რომ მომხმარებლებს შევთავაზოთ განსხვავებული, კრეატიული და ორიგინალური ნამუშევრები. პოლიმერული თიხით შესაძლებელია უამრავი ნივთის გალამაზება. ყველაზე მოთხოვნადია მომხმარებლისთვის ჭიქაზე სასურველი დიზაინის ნამუშევრის დამზადება. ასევე ვამზადებთ ადამიანის და ცხოველის პორტრეტებსაც. კიდევ მოთხოვნადია : აქსესუარები, სამკაულები, 3D ნახატები ტილოზე, ყვავილები და ნებისმიერი რამ, რაზეც შესაძლებელია თიხის დაწებება.

– როგორ მზადდება თქვენი პროდუქტი?
პოლიმერული თიხა ადვილად რბილდება, შემდეგ ვძერწავთ და ვაშრობთ ღუმელში. ამის შემდეგ უკვე ვაწებებთ სასურველ ნივთზე. ვმუშაობთ მოლდების (ყალიბების)
გარეშე, მხოლოდ ხელით. ჩვენთვის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა წესს ვიცავთ, რომ თიხა იყოს მყარად. ნამუშევარი უძლებს წყლის მაღალ ტემპერატურას და არც რეცხვის დროს არ ზიანდება.

– ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?
ჩვენი მომხმარებლები არიან ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც საჩუქარს ეძებენ საყვარელი ადამიანებისთვის, მაგრამ ბევრი საკუთარ თავსაც უკეთებს ამ საჩუქარს. ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთაც.

– რა შემაფერებელი გარემოებები გქონდათ?
შემაფერხებელ გარემოებად შეიძლება ჩავთვალო მასალის დეფიციტი. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ვპოულობთ გამოსავალს. ამიტომ, ვცდილობთ, სულ გვქონდეს მარაგში როგორც თიხა, ასევე ის ნივთები რაზეც უნდა დავამაგროთ ნამუშევრები.

– სად ან როგორ გიკავშირდებათ მომხმარებელი?
მომხმარებელი გვიკავშირდება ძირითადად სოციალური ქსელებიდან (facebook, instagram). ასევე ვიღებთ მონაწილეობას გამოფენებშიც, სადაც მომხმარებელი უკვე ადგილზე იძენს ჩვენს პროდუქციას. ჩვენთვის ყველაზე სასიამოვნო განცდაა, როდესაც გამოფენაზე მოსული მომხმარებელი გვეუბნება რომ სოციალური ქსელებიდან უკვე იცის ჩვენი გვერდის შესახებ.

– როგორია სამომავლო გეგმები?
გვაქვს ძალიან კარგი სამომავლო გეგმები თუმცა, არ მიყვარს მათზე წინასწარ საუბარი. ხოლო, როდესაც განვახორციელებ, აუცილებლად ვისაუბრებ მათზე თქვენთან შემდეგ ინტერვიუში.