შესავალი

ყველასთვის ნაცნობია ის დისკომფორტი, როდესაც სახის მოვლის რუტინის დროს წყალი მკლავებზე ჩამოედინება და ტანსაცმელს თუ იატაკს ასველებს. მარიამ ჭანკოტაძემ სწორედ ამ ყოფითი პრობლემის მოგვარებით დაიწყო ბიზნესი. „La goutte • წვეთი“ უკვე 5 წელია ბაზარზეა და მომხმარებელს სთავაზობს მანჟეტებს, აბადოკებსა და თავის მოვლის სხვა აქსესუარებს, რომლებიც რუტინულ პროცესებს ბევრად უფრო კომფორტულს და ესთეტიკურს ხდის.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

– მარიამ, როგორ გაჩნდა „La goutte • წვეთი“-ს შექმნის იდეა? – იდეა კონკრეტული პრობლემის აღმოჩენით დაიწყო. ერთ ჩვეულებრივ საღამოს, სახის მოვლის რუტინის დროს, გავაცნობიერე, რომ სველი მკლავები და თმები დიდ დისკომფორტს მქმნიდა. დავიწყე ბაზარზე ისეთი პროდუქტის ძიება, რაც ამას მოაგვარებდა, მაგრამ აღმოვაჩინე მხოლოდ სპორტული მანჟეტები, რომლებიც წყალს ვერ იკავებდა. გადავწყვიტე, თავად შემექმნა შუბლისა და მაჯის მანჟეტები პირსახოცის ქსოვილისგან. ასე მიეცა იდეას ბიზნესის სახე.

– ბიზნესის დაწყება ფინანსებთან არის დაკავშირებული. როგორ მოიპოვეთ პირველადი კაპიტალი? – 5 წლის წინ სტარტაპების დაფინანსება ისეთი აქტიური არ იყო, როგორც დღეს. თუმცა, იდეის გაჩენიდან რამდენიმე დღეში გავიგე, რომ უნივერსიტეტის სტიპენდიანტი ვიყავი. სწორედ ამ სტიპენდიის თანხით დავიწყე წარმოება. რადგან ჩემი სპეციალობა ბიზნესის ადმინისტრირება და ფინანსებია, მართვის კუთხით სირთულეები არ მქონია.

– რას სთავაზობთ მომხმარებელს დღეს და როგორ მზადდება თქვენი პროდუქცია? – ჩვენი მთავარი ხაზია „აბადოკები“, მანჟეტები, სახის გამწმენდი დისკები და ქისები. პროდუქტი სრულად ქართული ნაწარმია, თუმცა ვიყენებთ იმპორტულ, მაღალი ხარისხის ქსოვილებს. დღეს დანადგარები უკვე ჩვენს საკუთრებაშია და წარმოება გაფართოვდა. გარდა იმისა, რომ ჩვენი პროდუქცია პრაქტიკულია, ის იბრენდება ინიციალებით, რაც მას იდეალურ საჩუქრად აქცევს. ასევე გვაქვს მიმართულება „წვეთი პარტნიორი“, რომელიც კომპანიებს ბრენდირებულ სააბაზანო ნაკრებებს სთავაზობს.

– რა გამოწვევებს აწყდებით ბაზარზე? – ყველაზე დიდი იმედგაცრუება ქართულ ბაზარზე მიმსგავსებული ჩინური პროდუქციის გაჩენა იყო. თუმცა ვთვლი, რომ ხარისხით ისინი კონკურენციას ვერ გაგვიწევენ, მაგრამ ფაქტია, რომ გაყიდვების რაოდენობაზე ამან გარკვეული გავლენა იქონია. მიუხედავად ამისა, მომხმარებლის ინტერესი თავიდანვე დიდი იყო და ეს მოტივაციას გვიზრდის.

– თქვენი რჩევა დამწყებ მეწარმეებს და თქვენი ხედვა სამუშაო ბალანსზე… – დამწყებებს ვურჩევდი, ბოლომდე დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების. მე მშურს მათი ენთუზიაზმის! რაც შეეხება ბალანსს – Self-love (საკუთარი თავის სიყვარული) და ცხოვრებით ტკბობა ჩემთვის პრიორიტეტულია. ბიზნესი იმისთვის მაქვს, რომ უკეთ ვიცხოვრო და არა პირიქით. თუ მთელ დროს მუშაობას დავუთმობ, შედეგით ტკბობას ვეღარ შევძლებ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით