მხატვრობა – გზა ჰობიდან შემოსავლის წყარომდე
მხატვრობა – გზა ჰობიდან შემოსავლის წყარომდე. ინტერვიუ მხატვარ იზა წურიაშვილთან
– რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულებით მუშაობა?
არ მიფიქრია ნახატების გაყიდვა, ეს ყველაფერი თავისთავად დაიწყო, როცა იასამნები ჩემი სახლისთვის დავხატე და უბრალოდ ინტერნეტში განვათავსე დიდი გამოხმაურება მოყვა, რამდენიმე ადამიანს სურვილი გაუჩნდა შეეძინა, ასევე მოხდა შემდეგ ნამუშევარზე, რომელიც გერმანელმა იყიდა და გერმანიაში გავუგზავნე.
– რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?
ვქმნი რეალისტურ ნამუშევრებს, რომლებიც დადებითი მუხტის მატარებელია, ყველა აღნიშნავს, რომ ჩემი ნახატები ძალიან ფერადია, ჩემი აზრით ნახატმა დადებითი ემოცია უნდა მოუტანოს ადამიანს, მიხარია რომ ეს გამომდის.
– როგორ მზადდება თქვენი პროდუქტი?
ნახატების უმეტესობა ტილოზეა შესრულებული. ვხატავ შეკვეთით სასურველ ნახატებს, ზოგჯერ დამკვეთთან ერთად ვარჩევთ მის ინტერიერს როგორი მოუხდება, პროფესიით არქიტექტორი ვარ და ეს მეხმარება სწორი რჩევები მივცე ფერებთან და დიზაინთან დაკავშირებით.
– ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?
ჩემი მომხმარებლები ძირითადად ჩემ გვერდზე მიკავშირდებიან Art iza, მყიდველების უმეტესობა ქართველია, რამდენიმე უცხოელმაც შეიძინა, ხშირად მიკავშირდებიან ემიგრანტებიც.
– რა შემაფერებელი გარემოებები გქონდათ?
შემაფერხებელი გარემოებები ეკონომიკური კრიზისია, რადგან ხშირად ადამიანებს არ აქვთ საშუალება შეიძინონ ნახატი, იმის ფონზე, რომ სამხატვრო მასალების ფასი ძალიან გაიზარდა მაინც დაბალ ფასში ვცდილობ გავყიდო, რომ ყველამ შეძლოს შეძენა, მთავარია ადამიანები გააბედნიეროს ჩემმა ნახატმა, ეს არის საუკეთესო გასამჯელო ჩემთვის.
– სად ან როგორ გიკავშირდებათ მომხმარებელი?
ნახატებს ძირითადად ონლაინ ვყიდი ფეისბუქ გვერდის საშუალებით, რომელსაც Art iza ქვია. დღეს, როცა ყველაფერი გამარტივებულია ადამიანებს ურჩევნიათ ნივთი ონლაინ შეიძინონ და მიტანის სერვისით სახლში მიიტანონ.
– როგორია სამომავლო გეგმები?
სამომავლო გეგმა ბევრი ლამაზი ნახატის შექმნაა, ქართული ხელოვნების საზღვარგარეთ გატანა და საქართველოს წარმოჩენა. სურვილი მაქვს გამოფენის მოწყობის, სადაც საგამოფენო სივრცეში დავხატავ ნახატს , რადგან ხატვის პროცესი ძალიან საინტერესოა ხელოვნების მოყვარული ადამიანებისთვის. მინდა რომ ჩემმა ნახატებმა ბევრის სახლი დაამშვენოს და ბევრ ადამიანს გაუთბოს გული და გაულამაზოს ცხოვრება.