მარიამ ცეცხლაძე და ნაქსოვი სათამაშოების სამყარო „დუდუ“
მარიამ ცეცხლაძე 39 წლისაა. პროფესიით „ტანსაცმლის მხატვრული მოდელირება“ დაამთავრა, რაც მის ნამუშევრებში იგრძნობა კიდეც – ინდივიდუალურობა და გემოვნება მისთვის უპირველესია. საკუთარ საქმიანობას სიყვარულით „ჩხირკედელაობას“ ეძახის, თუმცა ამის უკან დიდი შრომა და ნებისყოფა დგას. ორი წლის წინ მარიამმა გადაწყვიტა, დიდი ხნის ჩანაფიქრი განეხორციელებინა და შექმნა ბრენდი „დუდუ“ (DOUDOU), სადაც თითოეული ნაქსოვი სათამაშო თუ აქსესუარი განსაკუთრებული ფერთა გამითა და ხასიათით გამოირჩევა.
🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪
გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ
➕ წარმოებულია საქართველოში– მარიამ, როგორ გაჩნდა „დუდუს“ შექმნის იდეა და რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია? – იდეა წლების წინ გაჩნდა – ყოველთვის მინდოდა ჩემი სათამაშოების ხაზის შექმნა, მაგრამ მაშინ გამბედაობა არ მეყო. ორი წლის წინ კი გადავწყვიტე მეცადა საკუთარი ვერსიის გამოხატვა, რადგან სოციალურ ქსელში ბევრი მსგავსი შინაარსის გვერდი მხვდებოდა. მთავარი იმპულსი დეკრეტში დიდხანს ყოფნა და „დიასახლისის იმიჯიდან“ გამოსვლის სურვილი იყო. მინდოდა მქონოდა საქმე, რომელიც ჩემს შინაგან სამყაროს გამოხატავდა.

– როგორი იყო პირველი ნაბიჯები და როგორ შეხვდა ოჯახი თქვენს წამოწყებას? – რთული იყო, მაგრამ ამავე დროს სასიამოვნო და სასიხარულო პროცესი. პირველი ნაბიჯები ჩემთვის ნებისყოფის ნამდვილი სავარჯიშო აღმოჩნდა. რაც შეეხება ოჯახს, შვილს ძალიან მოსწონდა ჩემი იდეა, დედა კი ყველაზე მეტად მგულშემატკივრობდა. თუმცა იყვნენ უიმედოდ განწყობილებიც, რაც ალბათ ბუნებრივია ნებისმიერი საქმის დაწყებისას. სამომავლოდ რომ ვფიქრობ, ალბათ უფრო მომზადებული და დალაგებული დავიწყებდი ამ ყველაფერს.
– რამდენად შრომატევადია ნაქსოვი სათამაშოების შექმნა და რა დროს უთმობთ ამ საქმეს? – ეს საქმიანობა ძალიან დიდ დროს, ნებისყოფასა და მობილიზებას მოითხოვს. მაგალითად, ერთ პატარა სათამაშოს დამზადებას მინიმუმ 2 საათი სჭირდება შესვენების გარეშე, ჩანთის მოქსოვას კი – ბევრად მეტი. სამუშაოსა და ცხოვრებას შორის ბალანსის დაჭერა ყველაზე რთულია – ხშირად გიწევს, რომ სამუშაო დრო პირდაპირ „გამოჰგლიჯო“ ყოველდღიურ ცხოვრებას.
– რა გამოწვევების წინაშე დგახართ დღეს და რა გეხმარებათ მათ დაძლევაში? – მთავარი გამოწვევა გაყიდვებისა და რეკლამის კუთხითაა. რთულია იპოვო ადგილი, სადაც ნივთების რეალიზებას დამატებითი ხარჯების გარეშე შეძლებ. ასევე, თავიდან იყო იმედგაცრუებაც ინტერესის ნაკლებობის გამო. თუმცა, ახლობლებისა და მომხმარებლების დადებითი რეაქცია ჩემს ნაკეთობებზე უდიდეს სტიმულს მაძლევს. ამ საქმეში ტექნოლოგიამაც დიდი როლი ითამაშა – რომ არა ციფრული სამყარო, ამ საქმიანობას ალბათ ვერც დავიწყებდი.

– რა მიგაჩნიათ თქვენი ბრენდის მთავარ მახასიათებლად, რაც კონკურენტებისგან გამოგარჩევთ? – ვფიქრობ, ეს არის ინდივიდუალურობა და ფერთა კარგი გრძნობა. ჩემთვის პრიორიტეტი ხარისხი, ვიზუალი და ზომიერებაა. მიუხედავად იმისა, რომ სტაბილურად მუშაობას ყოველთვის ვერ ვახერხებ, სულ ვცდილობ, ახალი იდეებით დავბრუნდე „დუდუს“ გვერდზე და ჩემი ნამუშევრებით ადამიანებს სიხარული მივანიჭო.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით


