ქეთევან ქავაზაური პროფესიონალი მხატვარია, რომლისთვისაც ხატვა სამყაროსთან კონტაქტის მთავარი გზაა. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, მან წლები გაატარა ხატწერასა და ქართულ საეკლესიო მხატვრობაში, რამაც მის ვიზუალურ ენაზე წარუშლელი კვალი დატოვა. დღეს მისი ნახატები ფორმის სიმარტივით, ფერის სიწმინდითა და ზღაპრული ელემენტებით გამოირჩევა, რაც დამთვალიერებელს თითქოს ბავშვობაში აბრუნებს.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

– ქეთევან, როგორ დაიწყო თქვენი შემოქმედებითი გზა და რა ეტაპები გაიარეთ, სანამ საკუთარ ინდივიდუალურ სტილს ჩამოაყალიბებდით? – სკოლის შემდეგ ჩავაბარე სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 2000-2006 წლებში, სწავლის პარალელურად, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში მხატვარ-ილუსტრატორად ვმუშაობდი. აკადემიის დამთავრების შემდეგ კი ხატწერის შესწავლით დავინტერესდი. წლების განმავლობაში ვმუშაობდი ხატებზე, განსაკუთრებით კი მინიატურებზე, რაც ჩემთვის უმნიშვნელოვანესი სულიერი გამოცდილება იყო. ბოლო პერიოდში ისევ საერო მხატვრობას დავუბრუნდი, თუმცა ხატწერის გავლენა – ფორმის სიმარტივე, ფერის სიწმინდე და კომპოზიციის სიმშვიდე – ჩემი ვიზუალური ენის საფუძვლად დარჩა.

– თქვენს ნამუშევრებში ხშირად ვხედავთ ფანტაზიასა და ზღაპრულ ელემენტებს. როგორ აღიქვამს დამთვალიერებელი ამ ყველაფერს? – ჩემს ნახატებში რეალობასთან შერწყმულია სიზმრები და ფანტაზია. დამთვალიერებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ჩემი ნახატები მათ ბავშვობაში აბრუნებს. ეს განცდა ჩემთვის საუკეთესო შეფასებაა. ხატვა ჩემთვის მხოლოდ პროფესია არ არის, ეს არის პროცესი, სადაც საკუთარ განცდებსა და ემოციებს ვიზუალურ ფორმას ვაძლევ.

– რა არის დღეს მთავარი გამოწვევა მხატვრისთვის საქართველოში, ნამუშევრების რეალიზაციისა და აუდიტორიამდე მიტანის კუთხით? – მნიშვნელოვანი ფაქტორია გალერეებთან თანამშრომლობა, თუმცა საქართველოში საგალერეო სივრცე ხშირად ორიენტირებულია უკვე დამკვიდრებულ და ცნობად ავტორებზე. სწორედ ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი გზების ძიება და მაყურებელთან უშუალო კავშირის გაძლიერება. მიმაჩნია, რომ ხელოვნების სიცოცხლე მხოლოდ ინსტიტუციურ სივრცეებზე არ არის დამოკიდებული — ის იწყება იქ, სადაც ნამუშევარი საკუთარ ადამიანს პოულობს.

– რა საშუალებებს იყენებთ ცნობადობის ასამაღლებლად და როგორ ცდილობთ თქვენი შემოქმედების პოპულარიზაციას? – რომ ვთქვა, დიდ შრომას ვწევ ამისთვის-მეთქი, ტყუილი იქნება, თუმცა მინდა, რომ ჩემი ნამუშევრები ბევრმა ადამიანმა გაიცნოს. ამისთვის ვიყენებ სოციალურ პლატფორმებს და პერიოდულად ჯგუფურ გამოფენებშიც ვმონაწილეობ. ვფიქრობ, ინტერნეტ სივრცე დღეს მხატვარს აძლევს საშუალებას, პირდაპირი კონტაქტი ჰქონდეს თავის აუდიტორიასთან.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, რაზე მუშაობთ ამ ეტაპზე? – ამჟამად მაქვს ხატწერის წრე პატარა ბავშვებისთვის და ვფიქრობ ამ მიმართულების გაფართოებას. პარალელურად, აქტიურად ვმუშაობ და ვემზადები პერსონალური გამოფენისთვის, სადაც მსურს ჩემი შემოქმედების სრული სურათი წარვადგინო.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით