ქარგე – საქარგი ნაკრებები სრულყოფილი ნაქარგის საკუთარი ხელით შესაქმნელად
– როგორ გაჩნდა იდეა?
ბავშვობიდან ვქარგავ და შეიძლება ითქვას, ხელსაქმე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მომიქარგავს 70 500 უჯრიანი ნაქარგი, რომლის პარალელურად მეგობრებისთვის, თანამშრომლებისთვის და საყვარელი ადამიანებისთვის მათზე ინდივიდუალურად მორგებულ მინიატურულ ნაქარგებს ვქარგავდი, ვჩუქნიდი და ისინიც მუდამ აღფრთოვანებულები იყვნენ. გაოცების შემდეგ, ნებისმიერი ასაკის ადრესატის ძირითადი კითხვა იყო, თუ როგორ მოვქარგე ეს „სილამაზე“ და თავადაც თუ შეძლებდა ასე მოქარგვას. ყველას ვეუბნებოდი, რომ ძალიან მარტივია ქარგვა – თუკი სურვილი გაქვს, სულ რამდენიმე პრიციპის გააზრება გჭირდება და დანარჩენი თავისით მოვა პრაქტიკაში. ბევრმა ასეთმა შემთხვევამ გადამაწყვეტინა შემექმნა პროდუქტი, რომელიც დაეხმარებოდა ქარგვის მსურველებს პირველი ნაბიჯი გადაედგათ ამ მიმართულებით – მოექარგათ საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის საჩუქრად და საბოლოო შედეგით ტკბობისთვის ჩარჩოზე სირბილი, შერჩევა, შეკვეთა აღარ დასჭირვებოდათ. სწორედ ამიტომ, ქარგეს საქარგ ნაკრებში დაგხვდებათ არა მხოლოდ უშუალოდ ქარგვისთვის საჭირო მასალები, არამედ ჩარჩოც, რომლის ფერი, სტილი და ზომები ინდივიდუალურად მორგებულია თითოეულ დიზაინზე.
– მოგვიყევით, პირველ ნაბიჯებზე
ქარგე 2022 წლის მიწურულს შეიქმნა, თუმცა საკმაოდ შრომატევადი 3 თვიანი პერიოდი განვლო იდეის სისრულეში მოყვანის გადაწყვეტიდან ბაზარზე გამოჩენამდე. მე თვითონ პერფექციონისტი ვარ, ამიტომ დიდ ყურადღებას ვაქცევ დეტალებს, სიზუსტეს, რაც ხშირ შემთხვევაში ცოტა ართულებს ხოლმე მიზნის მიღწევას, თუმცა შედეგი ყოველთვის ღირს ამად. ქარგე თავდაპირველად 10 დიზაინით გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, თუმცა დღეს უკვე 18 დიზაინის საქარგი ნაკრები გვაქვს, რომელთაგან რამდენიმე სეზონურიცაა და კონკრეტულად ახალ წელს ან ზაფხულს უკავშირდება.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ პირველი ქარგეს პარტნიორი, რომელმაც პროდუქტის ირწმუნა და დაგვთანხმდა მათ საკუთარ საკანცელარიო ქსელში განთავსებაზე ორგსერვისი იყო, რომელთანაც დღემდე საკმაოდ წარმატებულად განვაგრძობთ თანამშრომლობას და უკვე ყველა მის ფილიალში ვართ წარმოდგენილი თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ფოთის მასშტაბით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ ამ ნდობისთვის. შეიძლება ითქვას, დიდწილად სწორედ ამ თანამშრომლობამ განაპირობა ქარგეს ხელშესახებობა მომხმარებლებისთვის, თუმცა დღეს-დღეობით ქარგეს სხვა მაღაზიებში თუ ონლაინაც შეხვდებით, რომელთა შესახებ აქტიურად ვცდილობთ ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებლებს პოსტებისა თუ სთორების მეშვეობით.
– რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?
აქამდე რამდენჯერმე ვახსენეთ, თუმცა უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, ქარგე არის საქარგი ნაკრებების ბრენდი, რომლის თითოეულ უსაყვარლეს, ფერად ყუთში მოთავსებულია ყველაფერი, რაც კონკრეტული დიზაინის ნაქარგის შესაქმნელადაა საჭირო: ძაფები, სპეციალური საქარგი ნემსი, კანვა (რაზეც იქარგება), სქემა, ინსტრუქცია, ჩარჩო, ჩარჩოს საკიდი, ჩვენი კატალოგი და სტიკერებიც კი. დიზაინები, მოსაქარგი უჯრების ჯამური რაოდენობა და ჩარჩოს ზომები თუ ფერები დიზაინების მიხედვით განსხვავდება, ამიტომ განსხვავდება მათი ფასებიც. იგი 28-36-45₾ ჭრილში მერყეობს – 28 ლარიანი ნაკრებები ყველაზე მინიატურულია, 45 ლარიანები კი ყველაზე დიდები, თუმცა ჯამურად ქარგე ამჟამად მაინც მინიატურულ ნაქარგებს აერთიანებს რამდენიმე მიზეზიდან გამომდინარე, რომელთაგან ყველაზე მთავარი ისაა, რომ მომხმარებელმა მალევე შეძლოს მისი მოქარგვა და შედეგით ტკბობა.
ქარგეს თითოეული შეფუთვის უკანა მხარეს მითითებულია რეკომენდებული ასაკი – 10 წლიდან, რადგან ნაკრებში მოთავსებულია საქარგი ნემსი, მართალია ჩვეულებრივ ნემსზე ბლაგვი წვერით, თუმცა მაინც. ყოფილა შემთხვევები, როცა 6-8 წლის ბავშვებსაც მოუქარგავთ მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ. ასე რომ, თუკი ბავშვს სურს ქარგვა და მოხერხებულია, 10 წლამდეც შესაძლებელია ქარგვის დაწყება. ზედა ასაკს კი ზღვარი არ აქვს და საკმაოდ ხშირად ქარგეს მშობლებისთვისაც ყიდულობენ.
– წარსულში თუ გქონდათ გამოცდილება, რაც დაგეხმარათ ამ საქმეში?
უკვე აღვნიშნე, რომ თავად ბავშვობიდან ვქარგავ, შესაბამისად ბაზარს ამ კუთხით კარგად ვიცნობ. ვიცი რომელი ძაფი და კანვაა ხარისხიანი, ვიცი სად შემიძლია მათი შეძენა, რომ ხარისხში ვიყო დარწმუნებული. ამიტომ, გამოცდილება მსგავს საქმიანობაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. რაც შეეხება ზოგადად ბიზნესის მართვის გამოცდილებას, სკოლის ასაკიდან ვცდილობდი მქონოდა რაიმე ჩემი და თითქმის ყოველ ჯერზე ხელსაქმესთან მივდიოდი. მქონდა საკუთარი საქმის წამოწყების რამდენიმე მცდელობა – მოკლევადიანები, თუმცა თითოეული მათგანი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან ვთვლი, რომ მთავარია ძიების პროცესი და ის რომ, ძიება არ შეწყვიტო. ბაკალავრი და მაგისტრატურა მენეჯმენტის განხრით მაქვს დამთავრებული და პარალელურად არაერთ განსხვავებულ სფეროში მიმუშავია. ამ ყველაფერმა ჯამურად უდიდესი გამოცდილება მომცა და რა თქმა უნდა, დამეხმარა უკეთესი პროდუქტის შექმნაში.
– რა გამოწვევები წინაშე დგახართ
ყველას უკვირს ხოლმე, როცა ვამბობ, რომ დღემდე მარტო ვუძღვები ქარგეს სამსახურის პარალელურად, თუმცა ასეა. უდიდესი ენერგიის და ხშირ შემთხვევაში უძილო ღამეების ხარჯზე მიწევს ქარგეს ყოველდღიურობასა და განვითარებაზე მუშაობა. ქარგეს ნაკრების დასაკომპლექტებლად ამჟამად 4 მომწოდებელთან ვთანამშრომლობ, რასაც ემატება უშუალოდ მათი დაკომპლექტების საჭირო დროითი რესურსი და ხშირი კომუნიკაცია ქარგეს პარტნიორებთან, რათა დროულად მოხდეს მარაგების შევსება 10-მდე ლოკაციაზე.
გამომდინარე იქიდან, რომ ქარგეს ცნობადობა დღითიდღე უფრო იზრდება, მალე დამჭირდება გუნდის შექმნა, რაც საკმაოდ საპასუხიმგებლო გამოწვევაა ჩემთვის.
პარალელურად, ვცდილობ მონაწილეობა მივიღო სხვადასხვა გამოფენებსა თუ ქალ მეწარმეთა სასწავლო პროგრამებში. ამჟამად ველოდები პასუხს ერთ-ერთი პროექტისგან, რომლის ფარგლებში საკუთარი საიტის შექმნასაც შევძლებ და კიდევ უფრო კარგად გავიგებ მომხმარებლების გულისცემას. ამ შემთხვევაშიც აუცილებლად გაჩნდება დამატებითი ადამიანური რესურსის საჭიროება. ამიტომ დღესდღეობით მთავარ გამოწვევად სწორედ გუნდის შექმნის ნაწილს მივიჩნევ.
– გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები
ქარგეს განვითარების იდეები რამდენიმე მიმართულებით თავიდანვე მქონდა, თუმცა ამ დროის განმავლობაში კიდევ უფრო გაიფილტრა და დაიხვეწა. ჯერ-ჯერობით ზუსტ დროს ვერ გეტყვით, თუმცა წესით მალე ერთ-ერთ მათგანს განვახორციელებ და ამის შესახებ აუცილებლად გაიგებს ჩვენი მომხმარებელი ჩვენი სოციალური ქსელების მეშვეობით. მანამდე კი მოდით, საიდუმლოდ შევინახოთ. ახალი მიმართულების დამატების პარალელურად ვფიქრობ ნაკრების ტექსტუალური ნაწილის ინგლისურად თარგმნაზეც, რადგან ხშირად გვქონია უცხოელებისგან დაინტერესება. ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩემთვის გასაკვირი აღმოჩნდა, რომ ენის არცოდნა ხშირ შემთხვევაში მათთვის არაა ბარიერი, თუმცა რა თქმა უნდა, ინგლისურენოვანი ურჩევნიათ.
რაც შეეხება გრძელვადიან გეგმებს, ჩემი დიდი სურვილია მომავალში მქონდეს ქარგვის (და არამხოლოდ) შემსწავლელი ცენტრი, სადაც ნებისმიერი ასაკის მსურველს ექნება შესაძლებლობა საკუთარი ხელით შექმნას სილამაზეები, მიიღოს პროცესისგან სიამოვნება და იყოს ბედნიერი. რაც შეეხება უშუალოდ ქარგვას და ბავშვებს, როგორც ქარგეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აუდიტორიას, უნდა აღინიშნოს, რომ ქარგვა ბავშვებს ძალიან ეხმარებათ მოტორული უნარების განვითარებაში და პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაში, რადგან ეგრედწოდებულ „სუფთა ქარგვას“ აქვს როგორც დაწერილი, ასევე დაუწერელი კანონები, რომელთა ცოდნა პრაქტიკაში მოდის და მქარგველს პროცესში მუდამ უწევს გადაწყვეტილების მიღება რომელი უჯრის შემდგომ რომლის მოქარგვა ჯობს და როგორ უნდა მივიდეს შემდგომ მოსაქარგ უჯრამდე უმოკლესი გზით. ერთი სიტყვით, საკმაოდ საინტერესო პროცესია. ამიტომ მშობლებს ვურჩევდი აუცილებლად მისცენ საკუთარ შვილებს ამ გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.
რესპოდენტი ნინო ბართია, ქარგეს დამფუძნებელი. დამატებითი დეტალები ნახეთ ბმულზე