მოგვიყევით თქვენს საქმიანობაზე, ვინ არის ეკა ქარქაშაძე? — მე ეკა ვარ, 51 წლის. დავიბადე და გავიზარდე ტყიბულში. დავამთავრე ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი. წლების განმავლობაში მეუღლის ბიზნესში ვიყავი ჩართული, თუმცა სამი წლის წინ სრულიად ახალი საქმე წამოვიწყე — დავიწყე თოჯინების შექმნა. პარალელურად, ინტერიერისთვის ქაღალდის წნელისგან ორგანაიზერებს ვამზადებ და ახლა ინტერიერის დიზაინსაც ვსწავლობ.

— როგორ გაჩნდა თოჯინების შექმნის იდეა? — იდეა YouTube-ზე ნანახი ვიდეოების შემდეგ გამიჩნდა; ვიფიქრე, რომ ამის გაკეთება მეც შემეძლო. თუმცა, პირველი თოჯინა ჯერ კიდევ 2000-იანების დასაწყისში შევქმენი. მაშინ საქართველოში არ ვცხოვრობდით. შვილის ბაღში გვთხოვეს, რამე ეროვნული დაგვემზადებინა და მეც ქართულ სამოსში გამოწყობილი თოჯინა შევქმენი. ნამუშევარი იმდენად მოეწონათ, რომ საჩუქრად დაიტოვეს. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს საქმე ჩემია.

— როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები და სად შეისწავლეთ ეს საქმიანობა? — მასალების შესწავლით დავიწყე: რომელი ქსოვილია საჭირო, რით მუშავდება ზედაპირი სახის დასახატად და როგორ უნდა დაფიქსირდეს ნახატი ისე, რომ გამძლე იყოს. ყველა დეტალს დამოუკიდებლად, დიდი მონდომებით ვსწავლობდი.

— წარსულში თუ გქონდათ გამოცდილება, რომელიც ამ საქმეში დაგეხმარათ? — როგორც ჩემი შვილი მეუბნება ხოლმე, „ყველაფერჩიკი“ ვარ. ბავშვობიდან ვხატავდი, ტანსაცმელს თავად ვიკერავდი და მოდელებსაც ვიგონებდი. ყოველთვის მინდოდა სამხატვრო აკადემიაში მესწავლა, მაგრამ 90-იანების გაჭირვების გამო, მშობლებს ჩემი თბილისში გაგზავნის საშუალება არ ჰქონდათ. ეს გამოუყენებელი ნიჭი და ენერგია ახლა ამ საქმეში ჩავაქსოვე.

— რას სთავაზობთ მომხმარებელს და რა არის თქვენი მთავარი პრიორიტეტი? — ვცდილობ, მომხმარებელს საუკეთესო პროდუქცია შევთავაზო. ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, უმაღლესი ხარისხის მასალითა და დიდი სიყვარულით ვქმნი. ჩემი მიზანია, თითოეული ნამუშევარი იყოს უსაფრთხო, ხარისხიანი და ვიზუალურად გამორჩეული.

— როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? — ძალიან მინდა, რომ ერთ დღეს ჩემი თოჯინების პერსონალური გამოფენა მოვაწყო!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით