აღმოაჩინეთ უნიკალური, ხელნაკეთი დეკორატიული ბალიშები, პუფები და მედიტაციის ბალიშები. ინდივიდუალური დიზაინის ფერადი და ესთეტიკურად დახვეწილი პროდუქცია თქვენს სივრცეს განსაკუთრებულ იერს მიანიჭებს. შეუკვეთეთ თქვენი პირადი დიზაინით და შექმენით უნიკალური ატმოსფერო.

– როგორ გაჩნდა იდეა?

ყველაფერი დაიწყო ასტროლოგიით ინტერესით. მსურდა მაისური ჩემი ზოდიაქოს მმართველი პლანეტის სიმბოლოს გამოსახულებით. იმ პერიოდში მზა მაისურები არსად შემხვედრია, ბაზარზე ძირითადად სამკაულები იყო გავრცელებული. გარკვეული რაოდენობის მაისურის წარმოება ისეთ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რომლებსაც ვერ შევწვდებოდი. მეგობარმა მომაწოდა იდეა, შემეკერა დეკორატიული ბალიში ზოდიაქოს ნიშნის სიმბოლოებით.

– რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?

გარკვეული პერიოდი მომხმარებელს ვთავაზობდი სხვადასხვა სახის დეკორატიულ ბალიშებსა და გასაღების საკიდებს. 2024 წლიდან დავამატე Zafu (მედიტაციის ბალიში), ბოჰოს სტილის პუფები და საახალწლო დეკორაციები. რა თქმა უნდა, ყველაფერი მზადდება ქსოვილითა და სინთიპონით.

– როგორ მზადდება თქვენი პროდუქტი?

თავიდან ჩნდება იდეა, რომელსაც ვამუშავებ – რამდენად გამოყენებადი, საჭირო, მოსახერხებელი და მიმზიდველი იქნება. ვფიქრობ, რა ქსოვილისგან დამზადდება, რა ფერი უნდა ჰქონდეს და რამდენად ხანგრძლივ მოხმარებას გაუძლებს. შემდეგ ვქმნი ესკიზს, ზოგჯერ კი სატესტო ნიმუშს პირდაპირ, ესკიზის გარეშე.
ორიენტირებული ვარ შევქმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც იქნება მრავალჯერადი გამოყენების, ესთეტიკურად ლამაზი, დახვეწილი, განსხვავებული ფორმისა და დიზაინის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქცია იყოს ფერადი, რადგან ფერებით ვიქმნით განწყობას.
მაგალითად, ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც 2024 წლიდან ჩავუშვი, არის პუფი. ჩვენს ბაზარზე პუფების დიდი არჩევანია, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩემი პუფი სრულიად განსხვავებულია – სტილი ბოჰემურია, აზიურიც. იდეის დამუშავებისას უმთავრესი მიზანი იყო შემექმნა ლამაზი, კომფორტული, გამძლე და მარტივი მოსავლელი პროდუქტი, რაც წარმატებით გამოვიდა.

– წარსულში თუ გქონდათ გამოცდილება, რაც დაგეხმარათ ამ საქმეში?

პროფესიული კერვით არასდროს ვყოფილვარ დაკავებული, არც შემსწავლელ კურსებზე მივლია. თუმცა ამ ყველაფერში მეხმარება შემოქმედებითი ნიჭი და განათლება – პროფესიით ხაზვის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სპეციალისტი ვარ. ეს ცოდნა მაძლევს შესაძლებლობას, თავად შევქმნა ესკიზები, თარგები და შევუხამო ფერები.

– გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები

ამ ეტაპზე ვგეგმავ პროდუქცია შევიტანო სხვადასხვა მაღაზიაშიც. მაგალითად, მაქვს შემოთავაზება ვითანამშრომლო ერთ-ერთ ავეჯის მაღაზიასთან. გაყიდვები ძირითადად ონლაინ ხდება, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ფიზიკურადაც შეეძლოს პროდუქციის ნახვა. ხშირად ითხოვენ ადგილზე დათვალიერებას, რაც ვფიქრობ, ნორმალურია – რეალურად ნანახი პროდუქტი მოლოდინს ყოველთვის დადებითად აჭარბებს.

– როგორ რჩებით მოტივირებული და შთაგონებული თქვენი ბიზნესის განვითარების გასაგრძელებლად?

ყველაზე დიდი მოტივაცია მომხმარებელთა უკუკავშირი, მათი რეაქცია და შეფასებაა. განსაკუთრებით სასიამოვნოა მათი გაბრწყინებული თვალების ხილვა.
ეს საქმიანობა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს – ფაქტობრივად, ეს ჩემთვის განტვირთვაა.

– და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, რა განასხვავებს თქვენს ბიზნესს და ხელს უწყობს მის წარმატებას?

ორიგინალურობა, ფერთა შეხამება, ხარისხი და ზოგჯერ უცნაური, ღიმილისმომგვრელი ფორმა, რომელიც განწყობას აუმჯობესებს.

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ