შესავალი

ყველას გვითამაშია ბავშვობაში „მასწავლებლობანა“, მაგრამ ცოტას თუ უქცევია ეს თამაში ცხოვრების მთავარ საქმედ. სოფო ქვათაძემ, დაწყებითი კლასების ყოფილმა მასწავლებელმა, გადაწყვიტა, რომ სტანდარტული ჩარჩოები გაერღვია და ბავშვებისთვის შეექმნა სივრცე, სადაც სწავლა ვალდებულება კი არა, ბედნიერება იქნებოდა. ასე დაიბადა „პეპის საკვირაო სკოლა“ – პროექტი, რომელმაც „აწარმოე საქართველოში“-ს გამარჯვება და სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

– სოფო, თქვენი სკოლის სახელი ბავშვობის საყვარელ გმირს უკავშირდება. როგორ გაჩნდა იდეა და როგორ გადადგით პირველი ნაბიჯები? – ყველაფერი ჩემი ბავშვობის ოცნებით და „მასწავლებლობანას“ თამაშით დაიწყო. მინდოდა, მქონოდა ჩემი პატარა სკოლა, რომელიც განსხვავებული იქნებოდა. 2021 წელს მონაწილეობა მივიღე პროექტში „აწარმოე საქართველოში“, გავიმარჯვე და სწორედ ამ დაფინანსებით დავაარსე სკოლა. სახელიც სიმბოლურია – პეპი ხომ თავისუფლების, სიხალისისა და ბედნიერების სიმბოლოა.

– რა არის „პეპის საკვირაო სკოლის“ მთავარი ფილოსოფია და რით განსხვავდება ის სტანდარტული სასწავლო ცენტრებისგან? – ჩვენი მთავარი ნიშა გულწრფელობა და ბავშვზე მორგებული გარემოა. აქ სწავლა იწყება სითბოთი და ნდობით. ბავშვი გრძნობს, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია. ჩვენთან მეცადინეობა არ არის მხოლოდ დავალება, ეს არის თამაშით აღმოჩენა. „პროდუქტი“ იქმნება თითოეული ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით. ყოველდღიურად ვაკვირდები მათ და ამის მიხედვით ვქმნი აქტივობებს. როგორც ჩვენი ჰეშთეგი ამბობს: #პეპიესბედნიერებაა.

– რას სთავაზობთ მშობლებსა და ბავშვებს დღეს? – ჩვენი პროგრამა მრავალფეროვანია:

  1. წინასასკოლო მზაობა – ვამზადებთ პატარებს სკოლისთვის.

  2. სკოლის შემდგომი მეცადინეობა – ვეხმარებით მოსწავლეებს მომდევნო დღისთვის მომზადებაში.

  3. ქართული ენა და ლიტერატურა – სიღრმისეული წრე.

  4. ფრანგული ენის შემსწავლელი წრე.

– რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა ბავშვებთან მუშაობისას? – ყველაზე დიდი გამოწვევა და ამავდროულად პასუხისმგებლობაა, შევქმნა გარემო, სადაც ბავშვი თავს დაცულად იგრძნობს. ყველა ბავშვი ინდივიდია და ჩემი მიზანია, არცერთ მათგანს არ გავუცრუო ის იმედები და ოცნებები, რომლითაც ჩვენთან მოდიან. ყველაზე დიდი იმედგაცრუებაც მაშინ მაქვს, თუ ვხედავ, რომ ბავშვი თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. თუმცა, როცა უკუკავშირი 10-დან 10-ია და ახალი მოსწავლეები ძველების რეკომენდაციით მოდიან, ეს უდიდესი მოტივაციაა.

– ვინ გიდგათ გვერდით ამ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში? – ოჯახმა მაქსიმალურად დამიჭირა მხარი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩემი მეუღლის, მამუკას გვერდში დგომა, რომელიც სირთულეების დაძლევაში მეხმარება. ბალანსის დაცვა სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის რთულია, მაგრამ ამბობენ, რომ კარგად გამომდის.

– როგორია „პეპის“ სამომავლო გეგმები? – გეგმები დიდია. მინდა სკოლა უფრო ცნობილი და მასშტაბური გახდეს. ვაპირებთ ახალი, შემოქმედებითი პროგრამების დამატებას, გარემოს კიდევ უფრო დახვეწას და სპეციალური პროექტების შექმნას, სადაც ბავშვები ახალ სამყაროს აღმოაჩენენ. ჩემი მიზანია, სკოლა იყოს ადგილი, სადაც ბავშვობა სიხარულითაა სავსე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით