შვილის შერჩეული სახელი და თერაპიული ხელოვნება – გაიცანით ბრენდი „კაბუკა“
შესავალი
მარიამ არძენაძე 28 წლის მეწარმეა, რომელმაც ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი აიღო, თუმცა მისი გული ხელსაქმემ მოიგო. შვილის დაბადების შემდეგ, მან გადაწყვიტა მეტი დრო ოჯახთან გაეტარებინა და პარალელურად დაეწყო საქმიანობა, რომელიც სიმშვიდესა და სიამოვნებას მიანიჭებდა. ასე შეიქმნა „კაბუკა“ (Kabuka) – ქართული ბრენდი, რომელიც ხელნაკეთ დეკორატიულ ნივთებსა და სურნელოვან სანთლებს აერთიანებს.
🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪
გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ
➕ წარმოებულია საქართველოში– მარიამ, როგორ გაჩნდა „კაბუკას“ შექმნის იდეა და რა როლი ითამაშა ამაში თქვენმა პირადმა ისტორიამ? – იდეა მარტივად გაჩნდა – ყოველთვის მინდოდა, ჩემი ხელით რაღაც განსაკუთრებული შემექმნა. ამას დაემატა პირადი მომენტიც: შვილის დაბადების შემდეგ გადავწყვიტე, მასთან მეტი დრო გამეტარებინა და სახლის პირობებში დამეწყო ეკოლოგიურად უსაფრთხო საქმიანობა. მინდოდა საქმე, სადაც პროცესიც ისეთივე სასიამოვნო და მშვიდი იქნებოდა, როგორიც შედეგი. ეს საქმიანობა ჩემთვის ძალიან თერაპიული აღმოჩნდა. მოგვიანებით კი, მცირე შემოსავლის წყაროდაც ვაქციე. ბრენდის სახელიც, „კაბუკა“, სწორედ ჩემი გოგონას შერჩეულია, რაც მას ჩემთვის კიდევ უფრო ძვირფასს ხდის.

– ხელნაკეთი ნივთების შექმნა დიდ დროს მოითხოვს. რამდენად შრომატევადია თქვენი საქმიანობა? – „კაბუკა“ ხელნაკეთი ბრენდია, ამიტომ პროცესი საკმაოდ შრომატევადია. ეს არის იდეის, ემოციისა და ფიზიკური შრომის გაერთიანება, რასაც ხშირად ღამეების თენებაც ახლავს. სანამ პროდუქტი მომხმარებლამდე მივა, დიდ გზას გადის: მომზადება, ჩამოსხმა, შრობა, დამუშავება, შეღებვა, გალაკვა და შეფუთვა. ეს ყველაფერი დიდ მოთმინებას ითხოვს, მაგრამ საბოლოოდ იქმნება ნივთი, რომელსაც სითბო და სიყვარული მიაქვს თითოეულ ადამიანამდე.
– რას სთავაზობთ მომხმარებელს და რით გამოირჩევა „კაბუკას“ პროდუქცია? – ჩემთვის ხარისხი ყოველთვის პრიორიტეტული იყო. „კაბუკა“ მომხმარებელს სთავაზობს ხელით დამზადებულ დეკორატიულ და სასაჩუქრე პროდუქტებს, რომლებიც შექმნილია უმაღლესი ხარისხის მასალებისგან. თითოეული ნივთი მუშავდება ეკოლოგიურად სუფთა, წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავებითა და ლაქით. დეკორატიულ ნივთებთან ერთად ვამზადებთ სოიოს სურნელოვანი ცვილის სანთლებსაც.
– რა არის ყველაზე დიდი სირთულე, რომელსაც ამ სფეროში აწყდებით? – ყველაზე დიდი სირთულე ისაა, რომ ქართული ბაზარი პატარაა და ხელსაქმით ბევრი ადამიანია დაკავებული. სამწუხაროდ, ხელნაკეთი პროდუქცია ყოველთვის სათანადოდ არ ფასდება – ხშირად ურჩევნიათ იაფი, ქარხნული ნივთი. ასეთ გარემოში თავის დამკვიდრება რთულია, მაგრამ მე მზად ვარ ამ გამოწვევისთვის. ჩემთვის მთავარია მომხმარებლის ნდობის მოპოვება და გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება.

– რა გაძლევთ მოტივაციას, რომ არ დანებდეთ? – ჩემი მთავარი მოტივაცია მომხმარებლების პოზიტიური გამოხმაურებაა. განსაკუთრებით მიყვარს საჯარო გამოფენებში მონაწილეობა, სადაც ადამიანები უშუალოდ მოდიან და თავიანთ ემოციებს მიზიარებენ. ერთი დადებითი სიტყვაც კი საკმარისია, რომ ახალი ძალებით განვაგრძო მუშაობა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით


