„ფუსფუსი“ სახლში შექმნილი საკონდიტროა, რომელიც მომხმარებელს უგემრიელეს სადღესასწაულო, კორპორატიულ თუ ინდივიდუალურ დესერტებს სთავაზობს. მისი დამფუძნებლის, ნათია ყურშუბაძის ისტორია 2021 წლის პანდემიის დროს დაიწყო. ეს არის ამბავი დიდ სიყვარულზე, ოცნების ახდენასა და იმ მძიმე რეალობაზე, რომელთან გამკლავებაც მცირე მეწარმეებს ხშირად უწევთ.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

– ნათია, როგორ გაჩნდა „ფუსფუსის“ შექმნის იდეა და როგორ გადადგით პირველი ნაბიჯები? – მოგეხსენებათ, რა რთულ პერიოდს გავდიოდით პანდემიის დროს. როდესაც ყველანი სახლებში გამოვიკეტეთ, უქმად ყოფნის გარდა, მძიმედ დაგვარტყა ეკონომიკურმა მდგომარეობამაც. როგორც გურმანი ადამიანი, ყოველთვის ვაქტიურობდი კულინარიულ ჯგუფებში და ვათავსებდი სხვადასხვა კერძისა თუ დესერტის რეცეპტს. მკითხველებს ეს ძალიან მოსწონდათ. სწორედ მათი მოთხოვნით, 2021 წლის თებერვალში, ეს ყველაფერი საქმედ ვაქციე და დღემდე ამ „ფუსფუსში“ ვარ ჩართული.

– სად შეისწავლეთ საკონდიტრო საქმე და გქონდათ თუ არა ბიზნესის მართვის გამოცდილება? – სრულიად თვითნასწავლი კონდიტერი გახლავართ, თუმცა რეცეპტორები და ნიჭი გენეტიკურად გამომყვა – ოდითგანვე გურმანების ოჯახში ვიზრდებოდი. რაც შეეხება ბიზნესის მართვას, 2021 წლამდე გასტრონომიულ სფეროში გამოცდილება არ მქონია. თუმცა, 2018 წელს მე და ჩემმა მეუღლემ წამოვიწყეთ საკუთარი საქმიანობა „ჯანგოს ხელნაკეთები“, სადაც სხვადასხვა ხის ავეჯი მზადდება და დღემდე აქტიურად ვამუშავებთ. სწორედ იქ დავეუფლე ბიზნესის მართვის ხელოვნებას.

– რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს? – „ფუსფუსში“ მზადდება სხვადასხვა სახის დესერტები: სადღესასწაულო, საქორწილო, კორპორატიული… დღესასწაულებზე ორიენტირებული ვარ ტრადიციულ ტკბილეულზე, რომელიც ყველას ოჯახს უნდა ამშვენებდეს (მაგალითად, პასკა, გოზინაყი). ჩვეულებრივ დღეებში კი ძირითადი მოთხოვნა სხვადასხვა სახეობის ტორტებსა და ნამცხვრებზეა, რომლებსაც ყოველდღიურად, ონლაინ შეკვეთების საფუძველზე ვამზადებ.

– თქვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ნაწილი 2024 წელს უკავშირდება. მოგვიყევით ამ გამოწვევაზე. – დიახ, 2024 წელს ავიხდინე დიდი ხნის ოცნება და გავხსენი საკუთარი ბუტიკ-კაფე „ფუსფუსი“. სამწუხაროდ, ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. გახსნიდან 1 თვეში ქვეყანაში არეულობა დაიწყო, აღარავის სცხელოდა დესერტებისთვის და კაფეებში სასიარულოდ. ამან მცირე ბიზნესს დიდი დარტყმა მიაყენა, რის გამოც, საბოლოოდ, 6 თვეში მომიწია კაფეს დახურვა და ამ საქმიანობით ისევ სახლში დაბრუნება. დღემდე დიდი წნეხის ქვეშ ვარ, რადგან კაფესთვის აღებული სესხი თან მომყვება და ამასთან გამკლავება ჯერ კიდევ მიჭირს.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები ამ ყველაფრის ფონზე? – სამომავლო გეგმებზე საუბარი ჯერ მიჭირს. 2024 წლის წარუმატებლობა ჩემთვის უდიდესი სტრესი იყო. ჯერჯერობით უბრალოდ მივყვები დინებას – ასე უფრო კომფორტულად და უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით