მე ვარ სოფო ნიკვაშვილი, წარმოშობით სიღნაღიდან. ამჟამად საგარეჯოში ვცხოვრობ, მყავს მეუღლე და ორი შვილი — ანანო და სანდრო, რომლებიც ჩემი ცხოვრების მთავარი ფერები არიან. გამოგიტყდებით, ჩემი ნამუშევრებიც შვილებივით მიყვარს, რადგან თითოეულ მათგანში მთელ სულსა და გულს ვდებ. ახლობლები „ფერად გოგოს“ მეძახიან — ჩემი ნახატები ყოველთვის ფერადია, სევდიან განწყობაზეც კი. ერთადერთი, რითაც მიხვდებით, რომ ნამუშევარი რთულ დროს შეიქმნა, ტილოზე გამოსახული რამდენიმე ცრემლია.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

ინსპირაცია და კუბიზმის აღმოჩენა

ხატვა ბავშვობიდან მიზიდავდა, თუმცა ტილოზე პირველად ჩემმა დამ დახატა. მისი ნამუშევრით იმდენად აღვფრთოვანდი, რომ ეს ჩემი მთავარი ინსპირაცია გახდა. პირველივე ნამუშევარი კუბიზმის სტილში შევქმენი და მივხვდი — ეს მიმართულება ჩემშია. მას შემდეგ ვარ კუბიზმის მხატვარი. ჩემი სახლი ნამდვილ „სახლ-მუზეუმს“ ჰგავს, სადაც უამრავი ნახატია გამოფენილი. მოგვიანებით ხის მასალაზეც დავიწყე მუშაობა — გამოჭრილი დეტალებით ვამზადებ კომპოზიციებს, რაც ჩემს დახატულ პერსონაჟებს უფრო ცოცხალსა და ემოციურს ხდის.

შემოქმედებითი პროცესი: „ახალი სტუმრები“

როცა ვხატავ, შეიძლება მთელი დღე ისე ვეჯდე ნამუშევარს, რომ არ ავდგე. არ მიყვარს პროცესის გაწყვეტა — მირჩევნია, ის პირვანდელი ემოცია ბოლომდე მივიყვანო. ყოველი ახალი ნახატი ჩემთვის ახალი სტუმარივითაა. ხანდახან ვეკითხები კიდეც: „სად იყავი აქამდე?“. ჩემი შვილები ამ სცენებზე ხალისობენ, მაგრამ მჯერა, რომ ნამდვილი ხელოვნება ცოტაოდენ „სიგიჟეს“ ყოველთვის მოითხოვს.

აღიარება და პირველი ნაბიჯები

ჩემი ნამუშევრების საზოგადოებისთვის გაცნობაში დიდი წვლილი მიუძღვის ქალბატონ ნელი ბალახაშვილს, რომელიც სკოლის ფოიეში გამოფენებს მიწყობდა. მისი მხარდაჭერა და აღფრთოვანება ჩემთვის უდიდესი სტიმული გახდა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, ჩემი შემოქმედება ხალხისთვის უფრო ფართოდ გამეცნო და დავაარსე ფეისბუქ-გვერდი სახელად „თიესი“ (TS).

გამოწვევები და სამომავლო ხედვა

ხანდახან ვხვდები ადამიანებს, რომლებმაც არ იციან, რა არის კუბიზმი და მეკითხებიან: „რას ხატავ, ვერ ვიგებო“. ეს არ მწყინს, უბრალოდ ვწუხვარ, რომ ბევრმა არ იცის ამ მსოფლიო აღიარების მიმდინარეობის შესახებ.

რაც შეეხება მომავალს, ჩემმა შვილმა, ანანომ მითხრა: „დედა, მომავალში ჩვენს სახლს მუზეუმად გადავაკეთებ და შენს ყველა ნამუშევარზე სტუმრებს თავად მოვუყვებიო“. ეს სიტყვები ჩემთვის ყველაზე დიდი აღიარება და მოტივაციაა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით