ქართული კალიგრაფია მხოლოდ ლამაზად წერა არ არის — ეს ხელით წერის ხელოვნებაა, რომელიც ჩვენი ისტორიის სადარაჯოზე დგას. ბრენდ „მარიამისიას“ დამფუძნებელი, მარიამ რაზმაზიშვილი, საკუთარ შემოქმედებაში თითოეული ასოს ჰარმონიას, სიმშვიდესა და შინაგან განწყობას ფურცელზე აცოცხლებს.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

– მარიამ, როგორ დაიწყო თქვენი და კალიგრაფიის მეგობრობა? გქონდათ თუ არა ბიზნესგეგმა დასაწყისში?

– სიმართლე გითხრათ, თავიდან ბიზნესგეგმა არ მქონია. ჩემი ერთადერთი მიზანი იყო, საზოგადოებისთვის გამეცნო თავი, როგორც კალიგრაფს, რომელსაც უდიდესი სიყვარული აქვს ქართული ისტორიისა და კულტურისადმი. ლამაზად წერის სიყვარული და ესთეტიკის აღქმა ბავშვობიდან მომყვება. პროფესიით პედაგოგისთვის ეს იყო სულის გამოძახილი — ვმდგარიყავი ქართულ კულტურაში კალმით ხელში. პირველი ნაბიჯები რამდენიმე წლის წინ, კალიგრაფიის კურსების გავლის შემდეგ გადავდგი. იქ ვიპოვე ჩემი ადგილი, სადაც კალამი კულტურის იარაღად იქცა.

– რა არის თქვენი ბრენდის მთავარი ნიშა და რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?

– „მარიამისია“ გამორჩეულია თავისი ესთეტიკით — ეს არის კალიგრაფიისა და ყვავილების დახვეწილი სინთეზი. მომხმარებელს ვთავაზობ როგორც ხელნაწერ სუვენირებს, ისე პრაქტიკულ ნივთებს: მაისურებს, ფინჯნებსა და ქართული ორნამენტებით გაფორმებულ საყელოებს. ჩემი ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია „ანბანის საქართველო“ — ქართული ასოების თანწყობით შექმნილი საქართველოს რუკა, რომელზეც რამდენიმე თვე ვმუშაობდი.

– რამდენად შრომატევადია ეს საქმიანობა და როგორ ინარჩუნებთ მოტივაციას?

– კალიგრაფია უდიდეს დროს, ენერგიასა და ნებისყოფას მოითხოვს. დროსთან ერთად, აქ აუცილებელია სულიერი სიმშვიდე, რომ თითოეული ასო იყოს ჰარმონიული და დახვეწილი. მოტივაციას თავად ეს საქმე მაძლევს. ასევე, ჩემი სამი შვილი ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერია. ანასტასია, ილია და დავითი ჩემი მთავარი ძალაა — ისინი სტიმულს მაძლევენ, რომ ვიყო მყარად ჩემს საქმეში და იდეებში ჩაფლულს ყოველთვის გაგებით მხვდებიან.

– რას ურჩევდით დამწყებ მეწარმეებს და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– დამწყებებს ვურჩევდი საქმის სიყვარულსა და შრომისმოყვარეობას — ამ ორ კომპონენტს ყოველთვის მოაქვს დაფასება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მსურს ქართული ხელით წერის ხელოვნება კიდევ უფრო მასშტაბური და ცნობადი გახდეს. მინდა, ჩემი ნამუშევრები ფართო ასპარეზზე გავიტანო და ხალხს ის სიყვარული გავუზიარო, რასაც მე თითოეული ასოს წერისას ვგრძნობ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით