ნინო კვიტაშვილი პროფესიით ხელოვანია. მისი ცხოვრება განუყოფელია წიგნების სიყვარულისა და შემოქმედებითი პროცესისგან. ბრენდი, რომელიც მან შექმნა – Jeweluxe (ძვირფასეულობა), აერთიანებს სხვადასხვა უნიკალურ ხელნაკეთ ნივთს: სამკაულებს, თექის აქსესუარებს, ყვავილებით გაფორმებულ სარკეებსა და ენკაუსტიკის ტექნიკით შესრულებულ ნახატებს. ეს არის ბრენდი, სადაც აკადემიური ცოდნა და დიდი სიყვარული ერთმანეთს ხვდება.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

– ნინო, თქვენს ნამუშევრებში ბევრი განსხვავებული და რთული ტექნიკა იგრძნობა. სად მიიღეთ განათლება და როგორ დაიწყო თქვენი სახელოვნებო გზა? – ჩემი გზა ამ სფეროში ა. ნიჟარაძის სახელობის 27-ე ხელოვნების სკოლაში დაიწყო. სწორედ იქ ავიღე პირველად ფანქარი ხელში და ვისწავლე ხატვა, ბატიკა და თექა. ეს იყო ადგილი, სადაც ხელოვნება შევიყვარე. შემდეგ სწავლა გავაგრძელე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელოვნების ფაკულტეტზე. იქ დავეუფლე ენკაუსტიკის ტექნიკას, დაზგურ გრაფიკას, ფერწერას, კერამიკას, გრაფიკულ დიზაინსა და ოქრომჭედლობას. სულ ცოტა ხნის წინ კი პროფესიულ კოლეჯში მინანქრის ტექნიკაც შევისწავლე, რომელსაც მომავალში აუცილებლად შევთავაზებ საზოგადოებას.

 

– როგორ იქმნება Jeweluxe-ის პროდუქცია? რა ეტაპებს გადის ნივთი იდეიდან საბოლოო სახემდე? – პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ პროდუქცია იქმნება დიდი სიყვარულით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. რომ არა ხელოვნების სიყვარული, ნამუშევარი ვერ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ნაკეთობა საბოლოო შედეგამდე გადის რამდენიმე ეტაპს, რაც იწყება იდეითა და ესკიზის შექმნით. თითოეულ დეტალს ხელით ვაკეთებ, რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესია. ჩემი გამოცდილების საფუძველზე ვცდილობ, მომხმარებელს მუდმივად მრავალფეროვანი და განსხვავებული პროდუქცია შევთავაზო.

– გქონდათ თუ არა ბიზნეს გეგმა, როდესაც ამ საქმიანობას იწყებდით? – მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნება ჩემი პროფესიაა და მის გარეშე ფიზიკურად ვერ ვიქნები, დასაწყისში ბიზნეს გეგმა არ მქონია. ყველაფერი ბუნებრივად, შემოქმედებითი პროცესის ნაწილად განვითარდა.

– როგორია თქვენი სამომავლო მიზნები და სად შეიძლება ამჟამად თქვენი ნამუშევრების ხილვა? – სამომავლოდ მინდა, რომ ხელოვნება გავხადო არა მხოლოდ შემოქმედებითი საქმიანობა, არამედ პატარა, სტაბილური ბიზნესი. მსურს, უფრო ფართო საზოგადოებას გავუზიარო ჩემი შემოქმედება, პროდუქცია განვათავსო სხვადასხვა სტენდებზე და მივიღო მონაწილეობა გამოფენებში. ამ ეტაპზე კი, ჩემი ნამუშევრების ნახვა და შეძენა შესაძლებელია Family Art Gallery-ში

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით