შესავალი

თაკო სარიშვილი თვითნასწავლი ხელოვანია, რომელმაც ჰობი შემოსავლის წყაროდ აქცია. ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც ორი მცირეწლოვანი შვილის გამო სახლიდან მუშაობა გადაწყვიტა. დღეს მისი ბრენდი „თაკოს გვერდი“ მომხმარებელს ხელით ნაქარგ ბაფთებს, საყელოებსა და ჩანთებს სთავაზობს. თაკოსთვის ეს საქმე არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ სიხარულის გაზიარების საშუალებაცაა.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

– თაკო, როგორ გაჩნდა იდეა, რომ ხელსაქმით დაკავებულიყავით და ეს საქმე ბიზნესად გექციათ? – იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. თავიდან ჰობის დონეზე, მხოლოდ ჩემთვის ვქმნიდი სხვადასხვა აქსესუარს. ძალიან მიყვარდა, როდესაც ჩემს ნამუშევარს სხვას ვაჩუქებდი და მათ რეაქციას ვხედავდი. როდესაც ჩემი შვილები პატარები იყვნენ და ფიზიკურად სხვაგან ვერ ვმუშაობდი, გადავწყვიტე, სახლში ვყოფილიყავი პროდუქტიული და ეს ჰობი ჩემს საქმედ მექცია. ასე გახდა კერვა და ქარგვა შემოსავლის წყარო.

– თქვენ თვითნასწავლი ხართ. როგორ დაეუფლეთ ქარგვის ტექნიკას? – დიახ, სრულიად თვითნასწავლი ვარ. ინტერესის გამო სხვადასხვა ვიდეოებს ვუყურებდი ქარგვის შესახებ და ასე დავიწყე პირველი ნაბიჯები. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ხატვა, რაც ძალიან დამეხმარა – თითოეულ დეტალს საკუთარი ხელით ვხატავ ტილოზე და შემდეგ ვაქცევ ნაქარგად.

– რას სთავაზობთ მომხმარებელს და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? – ამ ეტაპზე ვქმნი ხელნაქარგ ბაფთებს, საყელოებს, ჩანთებსა და სუფრებს. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. სამომავლოდ ბევრ სიახლეს ვგეგმავ კერვის განხრით. მინდა, მომხმარებელს შევთავაზო კიდევ უფრო დახვეწილი, საინტერესო დეტალებით ამოქარგული ჩანთები და აქსესუარები.

– რა გაძლევთ მოტივაციას და რას ურჩევდით დამწყებ მეწარმეებს? – მოტივაცია და სტიმული ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ხალხს მოსწონს შენი ნამუშევარი და დადებით შეფასებას ვიღებ, ეს უკვე დიდი სტიმულია, რომ არ გავჩერდე. დამწყებებს ვურჩევ, იყვნენ შრომისმოყვარენი, დაუზარელნი და ჰქონდეთ თავიანთი საქმის დიდი სიყვარული. თუ ეს გაქვთ, აუცილებლად მიაღწევთ იმას, რაც ჩაიფიქრეთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით