შესავალი

ნინო კილაძე ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტია, რომელმაც პანდემიის დროს, სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, გადაწყვიტა საკუთარი თავი ხელახლა ეპოვა. ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, სახლში ყოფნის რუტინა მან შემოქმედებით პროცესად აქცია. ასე შეიქმნა „ტასმანი“ (Tasmani) – ბრენდი, რომელიც ხელით მოქარგულ ბაფთებს, საყელოებსა და აქსესუარებს აერთიანებს. ნინოსთვის ქარგვა თერაპიაა, თუმცა ბიზნესის მართვა ხშირად ღამისთევასა და გამოწვევებთანაა დაკავშირებული.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

– ნინო, როგორ გაჩნდა „ტასმანის“ იდეა და რა როლი ითამაშა ამაში პანდემიამ? – იდეა კოვიდ პანდემიის შემდეგ გაჩნდა, როდესაც სამსახურიდან წამოვედი. რუტინულად სახლში ჯდომამ, თანაც ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, მიბიძგა, რომ საკუთარი თავი და საქმე მეპოვა. მინდოდა მეკეთებინა ის, რაც მიყვარდა და თან შემოსავალსაც მომიტანდა. ქარგვა, ქსოვა და ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა, ამიტომ გადავწყვიტე, ეს ჰობი ბიზნესად მექცია. ჩემთვის ქარგვა თერაპიაა – თუ ოდესმე სიამოვნებას აღარ მომანიჭებს, აუცილებლად შევწყვეტ.

– თქვენი პროფესია ბიზნეს ადმინისტრირებაა. რამდენად დაგეხმარათ ეს ცოდნა ბრენდის განვითარებაში? – ძალიან დამეხმარა. გაყიდვები, მარკეტინგი, რეკლამა და ბრენდირება ჩემთვის უცხო არ იყო. წარსულში გაყიდვების სფეროში ვმუშაობდი, რამაც მასწავლა მომხმარებელთან ურთიერთობა, სამიზნე ჯგუფის პოვნა და სწორ დროს სწორი დიზაინის შეთავაზება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბიზნეს გეგმა თავიდან არ მქონია – ყველაფერი სპონტანურად, სიყვარულით დაიწყო.

– რას სთავაზობთ მომხმარებელს და რა სირთულეებს აწყდებით მუშაობის პროცესში? – „ტასმანი“ ქმნის ხელით მოქარგულ ბაფთებს, საყელოებს, ქუდებსა და სხვა აქსესუარებს. თითოეული ნივთი ჯერ იხატება, შემდეგ იქარგება და ბოლოს იკერება. ეს ძალიან შრომატევადი პროცესია – ერთ ნივთს 5-6 საათი სჭირდება. ჩემი მთავარი სირთულე უძილობაა, რადგან ხშირად ღამით ვმუშაობ. ასევე, გულს მტკენს პლაგიატი – როდესაც ჩემი იდეა, მაგალითად მოქარგული საქართველოს რუკა, კონკურენტებმა გადააკოპირეს. თუმცა, ეს არ მაჩერებს.

– როგორ ახერხებთ ბალანსის დაცვას ოჯახსა და ბიზნესს შორის? – სიმართლე გითხრათ, ბალანსის შენარჩუნება ძალიან მიჭირს. ნახევარ ცხოვრებას შვილებს ვუთმობ, ნახევარს კი – ჩემს საქმიანობას. ხშირად პრიორიტეტების გადანაწილებაც რთულია. მაგრამ ოჯახი – მეუღლე და შვილები – მაქსიმალურად მიდგანან მხარში და მეხმარებიან. ჩემი საქმიანობის მთავარი შთაგონებაც ხომ სწორედ ჩემი შვილები არიან.

– როგორია „ტასმანის“ სამომავლო გეგმები? – სამომავლოდ მინდა მრავალფეროვანი და ახალი მოდელები შევთავაზო მომხმარებელს. ძალიან მინდა მქონდეს საკუთარი, თუნდაც პატარა სტენდი, სადაც მომხმარებლები შეძლებენ ახლოდან დაათვალიერონ ნივთები და შეეხონ იმ ხარისხს, რომელსაც ვქმნი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით