როგორ გაჩნდა იდეა?

გულწრფელად გეტყვით, თავდაპირველად მომწონდა ხელნაკეთი ნივთი, რომელიც, იმ პერიოდისთვის, ჩემთვის საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო. ამიტომაც გადავწყვიტე, საკუთარი ძალით, იმ მასალებით, რაც ხელთ მქონდა ან შემეძლო, რომ უსასყიდლოდ და მცირე დანახარჯით შემეძინა, გამეკეთებინა მსგავსი ნივთი. ასე დაიბადა პირველი ნივთი, რომელსაც დღესაც ვინახავ და ამასთანავე, იდეები, რომლებიც არ მაძლევს გაჩერების საშუალებას.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

მოგვიყევით პირველ ნაბიჯებზე…

მახსოვს, როდესაც საკუთარი ხელნაკეთი ნივთის ტარება დავიწყე, ბევრი კომპლიმენტი მესმოდა. ამან მომცა ბიძგი, შემექმნა კიდევ უკეთესი, უფრო დახვეწილი, გამორჩეული და მრავალფეროვანი ხელნაკეთი ნივთები.

რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?

ამ ეტაპისთვის ვამზადებ ხელნაკეთ გულსაბნევებს, თმისამაგრებს, ყელსაბამებსა და საყურეებს. ვმუშაობ ასევე ნატურალურ ქვებზე და მათი შთაგონებით ბევრ საინტერესო ნივთს ვქმნი.

წარსულში თუ გქონდათ გამოცდილება, რაც დაგეხმარათ ამ საქმეში?

საბედნიეროდ, ბავშვობაში პატარ-პატარა ნივთებს ვამზადებდი. მახსოვს, მე-9 კლასში პირველი ხელნაკეთი ბეჭედი გავაკეთე. მაშინ „ტრენდული“ იყო დიდი ბეჭდები და პატარა, მრგვალი საყურეები. ავიღე რვეულის მაგარი ყდა, რომელსაც ზემოდან შავი ატლასი შემოვაყოლე, შემდეგ ზედაპირი დავფარე შავი, ბრჭყვიალა ქვებით, რომელიც ნემსით დავაკერე. შემდეგ 20-თეთრიან ბეჭედს შემოვაყოლე შავი ძაფი და ერთმანეთს დავუკავშირე. რამდენიმე წელი ვატარებდი ამ ბეჭედს. სამწუხაროდ, ამდენი შესაძლებლობა, რაც ახლა მაქვს რესურსების თვალსაზრისით, ბავშვობაში არ მქონდა, თორემ გაცილებით წინ ვიქნებოდი დღეს. სულ ეს იყო, სხვა გამოცდილება, როცა ამ საქმეს ვიწყებდი, არ მქონია.

რა გამოწვევების წინაშე დგახართ?

სამწუხაროდ, გამოწვევები ბევრია. მეწარმეებს არ გვაქვს გასაღების ბაზარი მოწესრიგებული. ჩვენს პროდუქციას ძირითადად გამოფენებზე ნახულობს მყიდველი, რომელიც შესაძლოა წელიწადში 4-5-ზე მეტი არ იყოს. ონლაინ პლატფორმასაც თავისი სპეციფიკა აქვს და მათი არცოდნაც საკმაოდ დამაბრკოლებელი აღმოჩნდა ჩემთვის.

სად შეისწავლეთ საქმიანობა?

ვარ თვითნასწავლი, საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე ყველაფერი და ახლაც ვსწავლობ ☺

როგორ მზადდება თქვენი პროდუქტი?

ნივთებს საკუთარ სახლში, ჩემს პატარა სამუშაო მაგიდაზე ვქმნი. თავიდან პატარ-პატარა ჩანახატებს ვაკეთებ, შემდეგ უკვე ქეჩაზე გადამაქვს, ვაყოლებ კანიტელს, შემდეგ ვრეცხავ და მასზე დამაქვს სათითაოდ ყველა ის დეტალი, რომელიც მას სრულყოფილ ნამუშევრად აქცევს. ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია და საკმაო დროსაც მოითხოვს, თუმცა შედეგი წარმოუდგენლად სასიამოვნოა, როცა საკუთარი თვალით ხედავ, როგორ იქმნება არაფრისგან, ქაოსიდან, ძალიან ლამაზი ნივთი.

გქონდათ ბიზნეს გეგმა, როცა იწყებდით?

არა, ბიზნეს გეგმა არ მქონია. როგორც უკვე აღვნიშნე, თავდაპირველად საკუთარი თავისთვის ვქმნიდი ნივთებს, მაგრამ შემდეგ დიდი ინტერესიდან გამომდინარე გამოფენაც გავაკეთე და მახსოვს, ჩემი პირველი შემოსავალი 4 წლის წინ იყო 340 ლარი.

გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები

ჩემი ოცნებაა, გავხსნა სტუდია, სადაც ადამიანებს დავეხმარები საკუთარ თავში სხვადასხვა ნიჭის აღმოჩენასა და ჩემი ხელსაქმის შესწავლაში და არა მარტო.

რა ფაქტორებმა იქონია გავლენა, რომ დაგეწყოთ?

მსურდა, საკუთარი თავისთვის შემექმნა სხვადასხვა მრავალფეროვანი ნივთი.

მოგვიყევით პირველი ნაბიჯების შესახებ

მე რეგიონში ვცხოვრობ. მოგეხსენებათ, აქ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. როცა ჩემი მეგობრები, ნაცნობები თუ ახლობლები მხვდებოდნენ, ყოველთვის აღნიშნავდნენ ნივთების სილამაზესა და გამორჩეულობას, რამაც გადამაწყვეტინა, დავთანხმებოდი გამოფენის გაკეთებას და გაამართლა კიდეც. პირველმა შემოსავალმა დიდი სტიმული მომცა და ასევე ბევრმა უცნობმა ადამიანმა გაიცნო ჩემი შემოქმედება.

სად და როგორ გიკავშირდებათ მომხმარებელი?

ძირითადად მომხმარებელი მპოულობს გამოფენებზე და ინტერნეტ სივრცეში.

რა საშუალებებს იყენებთ ახალ მომხმარებლამდე მისასვლელად?

ძირითადად სოციალურ სივრცეს.

ყველაზე დიდი იმედგაცრუება?

როცა მყიდველი შენს შრომას არ აფასებს, ისედაც მიზერულ საფასურს გიწუნებს და თან აყოლებს: „ამის გაკეთებას რა უნდა?“, შენ კი ამ კონკრეტულ ნამუშევარზე შენი სიცოცხლის 5 საათი გაქვს დახარჯული.

ერთი რამ, რასაც შეცვლიდით განვლილ გზაზე?

თავიდანვე სათანადოდ დავაფასებდი საკუთარ შრომას.

განათლება გქონდათ ამ სფეროში? სად შეისწავლეთ საქმიანობა?

არა, არ მქონია. საკუთარი ძალებით დავიწყე სულ თავიდან, 4 წლის წინ. მას შემდეგ ბევრი რამ შემომესწავლა ☺

რა შემაფერხებელი გარემოებები გქონდათ?

მასალების სიმწირე — ეს პრობლემა დღესაც მაქვს. ხშირად ისეთი იდეა მაქვს, რისი რესურსიც არ გამაჩნია და ამიტომ მიწევს საკუთარი იდეების განხორციელებაზე უარის თქმა და იმის კეთება, რასაც ჩემი მასალები გაწვდება, რაც დიდი იმედგაცრუებაა.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მსურს საკუთარი სტუდის გახსნა, სადაც ამ ხელსაქმესთან ერთად ადამიანები ბევრ სხვადასხვა საინტერესო რამეს შეისწავლიან და ხელოვნებას დაუახლოვდებიან.

რამდენ დროს უთმობთ თქვენს საქმიანობას?

დაახლოებით დღეში 2 საათს, საკუთარ პროფესიასთან ერთად, თუმცა თავისუფალ დღეებში ხშირად მთელი დღეც კი დამითმია მისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით