გაიცანით უნიკალური, ხელნაკეთი სანათები და დეკორაციები, რომლებიც ინდივიდუალური დიზაინით მზადდება. გრავირებული სანათები, დეკორატიული განათება და თანამედროვე დეკორი თქვენს სივრცეს განსაკუთრებულ იერს მიანიჭებს. შეუკვეთეთ თქვენი დიზაინით და მიიღეთ პიროვნული სტილისა და მოგონებების მომცველი პროდუქტი

– როგორ გაჩნდა იდეა? მოგვიყევით პირველ ნაბიჯებზე…

სულ მქონდა სურვილი, სამსახურის პარალელურად მქონოდა ისეთი საქმე, რომელიც განტვირთვის საშუალებას მომცემდა და დამატებითი შემოსავლის წყარო იქნებოდა ჩემთვის. პირველი ნაბიჯების გადადგმაში მეგობრები დამეხმარნენ და დავიწყე სხვადასხვა ტიპის სანათების დამზადება. თავიდან, სანამ მომხმარებელი გაიცნობდა და გაიგებდა ჩემი საქმიანობის შესახებ, გარკვეული დრო დამჭირდა. სოციალური ქსელების გააქტიურების, ასევე მეგობრებისა და ახლობლების დახმარებით ნელ-ნელა იზრდებოდა მომხმარებელთა რაოდენობა. პარალელურად, მოთხოვნის შესაბამისად მომიწია გარკვეული პროდუქტების ამოღება და იმ ტიპის სანათების დატოვება, რაც უფრო გაყიდვადი იყო.

 

– რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?

ამ ეტაპზე სანათებთან ერთად ვამზადებ სხვადასხვა ტიპის დეკორაციებსაც. რაც შეეხება სანათებს, გვაქვს ორი ტიპი: გრავირებული სანათი, რომელსაც სხვადასხვა ფერის განათება და განათების რამდენიმე რეჟიმი აქვს. მზადდება ინდივიდუალური დიზაინის ან წარწერის მიხედვით.
მეორე არის დეკორატიული განათება, რომელიც ასევე მომხმარებლის სურვილის მიხედვით მზადდება. ორივე განათება გამორჩეულია იმით, რომ კონკრეტული პიროვნებისთვის იქმნება და შეიძლება დაკავშირებული იყოს მოგონებებთან, მნიშვნელოვან ურთიერთობასთან და ა.შ.

– როგორ მზადდება თქვენი პროდუქტი?

პროდუქტის დამზადება რამდენიმე ეტაპისგან შედგება. იქიდან გამომდინარე, რომ ადრე მსგავს საქმიანობასთან შეხება არ მქონია, პირველ რიგში მომიწია შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის შესწავლა, სადაც მონახაზი და დიზაინი კეთდება.
დეკორატიული განათების შემთხვევაში, პროგრამაში აწყობილ დიზაინს ვჭრით დანადგარზე და შემდეგ ხელით ვამაგრებ გამჭვირვალე ორგანულ მინაზე ან ხის მასალაზე, რომელიც დასრულების შემდეგ ანათებს. ხოლო გრავირებული სანათის შემთხვევაში, ორგანული მინის გრავირება ხდება ლაზერის აპარატში და შემდეგ მაგრდება მანათობელ სადგამზე.

 

– სად ან როგორ გიკავშირდებათ მომხმარებელი? რა საშუალებებს იყენებთ ახალი მომხმარებლებამდე მისასვლელად?

მომხმარებლები ძირითადად სოციალური ქსელებით მიკავშირდებიან. ახალ მომხმარებლებამდე მისვლის კარგი საშუალებაა სოციალურ ქსელებში გაშვებული რეკლამები, მაგრამ კმაყოფილი კლიენტებიც ხშირად გვიწევენ რეკომენდაციას, რაც ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია ჩემთვის.

– რამდენად შრომატევადია თქვენი საქმიანობა? როგორ ანაწილებთ პრიორიტეტს ბიზნესის ეფექტურად სამართავად?

რადგან ნებისმიერი ნივთის დამზადებას დაახლოებით 2-3 დღე მაინც სჭირდება, მნიშვნელოვანია ყველა ეტაპი თანმიმდევრულად იყოს დაგეგმილი, რომ მომხმარებელს დროულად ჩაბარდეს შეკვეთა. ბევრი შეკვეთის პერიოდში ყოველთვის სირთულის მიხედვით ვყოფთ საქმეს და ამის მიხედვით ვიწყებთ დამზადებას. რეგიონებში გაგზავნის შემთხვევაში გასათვალისწინებელია მიწოდების ვადებიც, ამიტომ პირველ რიგში ასეთი შეკვეთების დამზადებას ვიწყებთ, რომ დროში ძალიან არ გაიწელოს. ამ საქმიანობაში ჩემი ძმაც აქტიურად არის ჩართული და ისიც მეხმარება გარკვეულ საკითხებში.

– რა რჩევას მისცემდით დამწყებ მეწარმეებს, რომლებიც აპირებენ საკუთარი ბიზნესის დაწყებას?

შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ პირველივე დაბრკოლებისთანავე არ უნდა ჩაიქნიონ ხელი. ნებისმიერ საქმეს დრო სჭირდება. მთავარია, ყოველთვის ახსოვდეთ, რატომ დაიწყეს, რა მიზანი ჰქონდათ და ეტაპობრივად წარმატებაც მოვა.

– როგორ რჩებით მოტივირებული და შთაგონებული თქვენი ბიზნესის განვითარების გასაგრძელებლად?

მთავარი მოტივაცია ისევ და ისევ მომხმარებლები არიან. დადებითი უკუკავშირი ყოველთვის მაფიქრებინებს, რომ ამ საქმის კეთება სწორი არჩევანი იყო. ერთმა დადებითმა მესიჯმა შეიძლება მთელი დღის განწყობა შემიცვალოს.

– და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, რა განასხვავებს თქვენს ბიზნესს და ხელს უწყობს მის წარმატებას?

ჩემი ბიზნესის წარმატებას ხელს უწყობს იმ საქმის სიყვარული, რასაც ვაკეთებ. შესაბამისად, არ მაქვს იმის განცდა, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის მოვალეობაა. ნამდვილად მსიამოვნებს ყველა ის პროცესი, რაც ამ საქმეს უკავშირდება. ამიტომ, იმედი მაქვს, ასეთი მიდგომა მომავალში კიდევ უფრო კარგ შედეგს გამოიღებს.

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე