მე ნინო თიგიშვილი ვარ, 28 წლის. დავიბადე და გავიზარდე დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში, რომელიც 2008 წლიდან საოკუპაციო საზღვართან მდებარეობს. განათლებით ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი და ტურიზმის მენეჯმენტის მაგისტრი ვარ. წლებია ვმუშაობ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში პროექტების მენეჯერად და ვასწავლი უნივერსიტეტში, თუმცა 2020 წლიდან ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილი „თიგის სახლი“ გახდა.

🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪

გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ

➕ წარმოებულია საქართველოში

იდეა, რომელიც სტიპენდიით დაიწყო

ბიზნესის წამოწყებაზე სულ ვფიქრობდი, მაგრამ „დიად დროს“ ველოდი. ყველაფერი ერთმა შემთხვევამ შეცვალა: გაცვლითი პროგრამიდან დაბრუნებულმა, მამაჩემის მოგროვებული მცენარეებისგან ჩაის მიქსი მოვამზადე და სამსახურში წავედი. თანამშრომლების აღფრთოვანებამ მიბიძგა, რეალიზაციაზე მეფიქრა. იმ დროს მე-4 კურსის სტუდენტი ვიყავი და ჩემი სტიპენდიით პირველი 50 შეფუთვა ვიყიდე. მეგობარი ლოგოს აწყობაში დამეხმარა და 2020 წლის თებერვალში Facebook-ზე „თიგის სახლი“ გამოჩნდა.

პანდემია, როგორც ახალი შესაძლებლობა

ლოკდაუნის გამო სოფელში დიდხანს დავრჩი. დავიწყე სოციალურ ქსელებში ჩვენი სოფლის ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გაზიარება — როგორ ვამზადებდით კარაქს თუ სხვადასხვა კერძებს. ამას მოულოდნელად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რამაც მიმახვედრა, რომ მხოლოდ ჩაის წარმოებით არ უნდა შევმოფარგლულიყავი და ტურისტული მიმართულებაც უნდა განმევითარებინა.

რას სთავაზობს „თიგის სახლი“ სტუმრებს?

დღეს ჩვენი სოციალური საწარმო რამდენიმე მიმართულებით მუშაობს:

  • ნატურალური პროდუქტები: მცენარეული ჩაის 5 სახეობა, მურაბები და საწებლები.

  • სოციალური მისია: ჩვენს სივრცეში ვყიდით მეზობელი ბებოებისა და მრავალშვილიანი დედების მიერ შექმნილ ხელნაკეთ ნივთებს.

  • აგროტურიზმი: ტრადიციული სამზარეულოს მასტერკლასები (განსაკუთრებული აქცენტით ოსურ და ქსნის ხეობის ტრადიციებზე), ტყის პროდუქტების მოგროვების ტურები და საგანმანათლებლო ვორქშოფები ახალგაზრდებისთვის.

გამოწვევები და სამომავლო გეგმები

ჩვენი გზა არ არის მარტივი. ძირითადი გამოწვევები ფინანსური რესურსების სიმცირე და სოფელში მუშახელის დეფიციტია. ასევე, ქვეყანაში შეცვლილი პოლიტიკური გარემოსა და ახალი კანონების გამო, დონორების მხარდაჭერა და ევროპული ბაზრის დაინტერესება საგრძნობლად შემცირდა. მიუხედავად ამისა, არ ვჩერდებით — ახლა ვმუშაობთ ახალ პროდუქტებზე და ვგეგმავთ „თიმ ბილდინგ“ აქტივობების შეთავაზებას ბიზნესებისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით