როგორ იქცა სტრესი ახალ შესაძლებლობად? – გაიცანით ბანკირი, რომელიც ეკო-სანთლებს ქმნის
შესავალი
ბელა ლელაძე ქუთაისში ცხოვრობს და პროფესიით ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტს წარმოადგენს, რომელიც ამჟამად საბანკო სფეროში საქმიანობს. თუმცა, მისი სულიერი სიმშვიდე წიგნების, ჩაისა და სანთლების სამყაროშია. 2023 წელს, ცხოვრების რთულ ეტაპზე, მან სტრესთან გამკლავების მიზნით ხელსაქმე დაიწყო, რაც მოგვიანებით ეკოლოგიურად სუფთა ბრენდ „კელაპტერიად“ (Kelapteria) ჩამოყალიბდა. დღეს ბელა ქმნის ნივთებს, რომლებიც უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის და სახლს სიმყუდროვით ავსებს.
🇬🇪 დაემატეთ ჩვენ ჯგუფში 🇬🇪
გამოაქვეყნეთ და დაპოსტეთ თქვენი პროდუქტები უფასოდ
➕ წარმოებულია საქართველოში– ბელა, როგორ გაჩნდა იდეა, რომ სანთლების დამზადება დაგეწყოთ და რა როლი ითამაშა ამაში თქვენმა პირადმა ისტორიამ? – როგორც წიგნის და ჩაის მოყვარულს, სანთლები ყოველთვის მიყვარდა. თუმცა, იდეა და თავად საქმიანობა 2023 წელს დაიწყო, როდესაც ჩემს ცხოვრებაში ძალიან რთული ეტაპი იდგა. ვთვლიდი, რომ მჭირდებოდა ხელსაქმე, რომელიც სტრესთან გამკლავებაში დამეხმარებოდა. ასე გადავწყვიტე დამეწყო ეს საქმე, გავიარე სასწავლო კურსი და ნელ-ნელა ეს პროცესი ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

– „კელაპტერია“ განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს უსაფრთხოებაზე. რატომ აირჩიეთ ფუტკრისა და ქოქოსის ცვილი? – სანამ დავიწყებდი, ბევრი უცხოური სტატია წავიკითხე და ამერიკაში მცხოვრებ დასთანაც გავიარე კონსულტაციები არომატიზატორებთან დაკავშირებით. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამერჩია ყველაზე უსაფრთხო მიმართულება. ვამზადებ მხოლოდ ფუტკრისა და ქოქოსის ცვილის სანთლებს, რადგან მათ აქვთ ბუნებრივი არომატი და არ გამოყოფენ მავნე ნივთიერებებს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მემუშავა მშვიდად, თუნდაც ორსულობის დროს, და პროდუქტი უსაფრთხო ყოფილიყო ოჯახის ყველა წევრისთვის. „კელაპტერია“ აერთიანებს ბუნებას, სისუფთავეს და ზრუნვას.
– გარდა სანთლებისა, კიდევ რას სთავაზობთ მომხმარებელს? – მოგვიანებით გავიარე სახლის დეკორატიული ნივთების დამზადების კურსიც. ვამზადებ ეკო-ქვის ფხვნილისგან (და არა თაბაშირისგან) სხვადასხვა დეკორაციას, რაც იდეალურია სასაჩუქრედ და სასიამოვნო ატმოსფეროს შესაქმნელად. ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს ის პროცესი, რასაც ვქმნი.

– რა არის დღეს თქვენი ყველაზე დიდი გამოწვევა ამ სფეროში? – მთავარი სირთულე ისაა, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ ვერ აფასებენ სათანადოდ ორგანულ სანთლებს. ხშირად ადარებენ იაფფასიან, პარაფინის სანთლებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. არადა, ფუტკრის ცვილი ბევრად დიდხანს იწვის და სრულიად უსაფრთხოა. ჩემთვის, როგორც მეწარმისთვის და ადამიანისთვის, უმთავრესი ჯანმრთელობაა – მირჩევნია გავყიდო ნაკლები, მაგრამ ვიყო დარწმუნებული, რომ ჩემი პროდუქტი უსაფრთხოა.
– სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა? – ვყიდი როგორც ონლაინ, ასევე მაქვს სტენდი სილამაზის სალონში და ვიღებ მონაწილეობას გამოფენებში. მიუხედავად იმისა, რომ სანთლები ძირითადად ზამთარშია მოთხოვნადი, ვცდილობ დავამკვიდრო კულტურა, რომ სანთლის დანთება ყოველდღიური განტვირთვის რიტუალი გახდეს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით


