კერე არის ციფრული სამკერვალო თარგების ონლაინ მაღაზია
– მოგვიყევით თქვენს ბიზნესზე და რამ შთაგაგონათ მისი დაწყება?
“კერე” არის ციფრული სამკერვალო თარგების ონლაინ მაღაზია, სადაც მზადდება სხვადასხვა სამოსის მიხედვით ციფრული თარგები. ამ მომენტისთვის ბიზნესი საწყის ეტაპზეა და წარმოდგენილი მაქვს ორი მოდელის თარგი,მომავალში ვაპირებ კიდევ დავამატო სხვადასხვა სახეობის თარგები. რაც შეეხება შთაგონებას,ინტერნეტ სივრცეში ხშირად ვხვდებოდი უცხოურ საიტებზე ციფულ თარგებს, ყოველთვის მომწონდა და მინდოდა, რომ ქართულ ბაზარზეც ხელმისაწვდომი ყოფილიყო ასეთი სახის თარგები, რომელსაც ექნებოდა ქათული ინსტრუქცია და დამწყები მკერავიც შეძლებდა დამოუკიდებლად შეკერვას. სამკერვალო წარმოების სწავლის პარალელურად ვსწავლობდი გრაფიკულ დიზაინს,როდესაც უკვე მქონდა შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება ამ სფეროში, გადავწყვიტე შემექმნა “კერე”, რომ ჩემსავით დაინტერესებული ადამიანებისთვის მიმეცა ამ ყველაფრის შესაძლებლობა.
– რა არის ძირითადი პროდუქტები ან სერვისები, რომლებსაც სთავაზობთ მომხმარებელს?
ძირითადი პროდუქტი არის ციფრული თარგი,რომელიც მომხმარებელს ეგზავნება PDF ფორმატში, შემდეგ თვითონ ბეჭდავს პრინტერის მეშვეობით და აწყობს თარგს. თარგები დაყოფილი მაქვს სიმაღლის მიხედვით სამ ჯგუფად, მომხმარებელი ყიდულობს სიმაღლის იმ ჯგუფს, რომელიც მის პარამეტრებს შეესაბამება,ამ ეტაპზე სიმაღლის ჯგუფში მოცემულია ხუთი სხვადასხვა ზომის თარგი,მომხმარებელი მათგან ამოჭრის იმ ზომას, რომელიც თვითონ სურს, თარგს მოყვება ფოტო ინსტრუქცია, სადაც დეტალურად არის მოცემული და ახსნილი კერვის ყველა მოქმედება.
– რით გამოირჩევა თქვენი ბიზნესი კონკურენტებისგან?
ამ ეტაპზე საქართველოში ისეთი სახის კონკურენტები არ მყავს, რომლებიც უშუალოდ ასეთ მომსახურებას სთავაზობდნენ ადამიანებს, მაგრამ თუ ჩავთვლით კონსტრუქტორებს, რომლებიც ამზადებენ ჩვეულებრივ თარგებს გაციფრულების გარეშე, ალბათ ვიტყოდი, რომ ასეთ შემთხვევაში ჩემი თარგი გამორჩეულია მისი თანამედროვე ვიზუალით, ხარისხით, ასევე მისი ამობეჭდვა და გამოყენება შესაძლებელია იმდენჯერ რამდენჯერაც მომხმარებელი ისურვებს.
– რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, სირთულე თქვენს საქმიანობაში?
ყველაზე დიდი გამოწვევაა ციფრული თარგების ცნობადობის გაზრდა და მისი გამოყენების ათვისება მომხმარებლების მხრიდან, მოგეხსენებათ ქართულ ბაზარზე ჯერ ახალია ასეთი მომსახურება და ინფორმაცია ამის შესახებ არც თუ ისე ბევრია.
– რა სტრატეგიებს იყენებთ მომხმარებელთა ბაზის და გაყიდვების გასაზრდელად?
პირველ რიგში ჩემი სტრატეგიაა, ციფრული თარგების შესახებ ცნობადობის გაზრდა, ვცდილობ გავუზიარო ადამიანებს პატარა ვიდეოები სოციალური ქსელის მეშვეობით, სადაც კარგად ჩანს როგორი პრინციპით გამოიყენება თარგი, ვაჩვენებ მათ რამდენად კომფორტული და მარტივია მათი გამოყენება.